გადაწყვეტილება №23882/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.11.2024
№ დოკუმენტი 23882/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23882/2/2024

21 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ---------ა (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------ას 6.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23882/2/2024).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1723 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო;

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის №028-8 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №028-9 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №19584 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 216 927 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 97 747

დღგ - 53 215

საშემოსავლო გადასახადი - 43 798

ქონების გადასახადი - 734

ჯარიმა - 48 352

საურავი - 70 828

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1723 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით ვაჭრობა. მეწარმე საქონელს ყიდულობს ადგილობრივ ბაზარზე და შემდეგ ახდენს მის რეალიზაციას.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 4 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით. საქონლის რეალიზაცია ხორციელდება ძირითადად საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით, თუმცა ასევე ფიქსირდება დოკუმენტური (სასაქონლო ზედნადებით) რეალიზაციებიც, რომლის წილიც მთლიან რეალიზაციაში შეადგენს 2%-ს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ:

2019-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას საშუალოდ გამოყენებულ იქნა ფასნამატი 15.9%-ის ოდენობით, რაც დაანგარიშებულია გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგებზე დაყრდნობით. შემოწმებით გამოყენებული ფასნამატი შედარდა სხვა ანალოგიური საქმიანობით დაკავებული აუდირებული მეწარმე სუბიექტის ფასნამატთან. აღნიშნული ფასნამატები თანხვედრაშია ერთმანეთთან. ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე იმ პროპორციით, რა პროცენტულობასაც შეადგენდა თითოეული ჯგუფის ხვედრითი წილი შეძენილი საქონლის საერთო ღირებულებაში. გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. შედეგად, გაიზარდა როგორც 2019-2020 წლების ერთობლივი შემოსავალი, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დამატებით დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის №13432 ბრძანება და №028-8 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 246 129 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 29 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.10.2022 წლის №25276 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25276 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის დასკვნა, 17.07.2023 წლის №17316 ბრძანება და №028-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 27 544 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 234 997 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 25 ოქტომბრის №26342 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 15.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.12.2023 წლის №21324/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26342 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 1.02.2024 წლის №1723 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს შაქრის რეალიზაციაზე გავრცელებული ფასნამატის გაანგარიშების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1723 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2024 წლის დასკვნა, 8.07.2024 წლის №16210 ბრძანება და 9.07.2024 წლის №028-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 24 940 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 216 927 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 7 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 30 აგვისტოს №19584 ბრძანებით ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №19584 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ მართლზომიერად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველი საჩივრით არ ყოფილა გასაჩივრებული და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

დარიცხულ საურავთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილების (ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან) შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა 21 ნაწილი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დაანგარიშება ხდება პროგრამულად, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით განსაზღვრული წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახური გასაჩივრებულ ბრძანებაში ვერ ასაბუთებს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მართებულობას და მხოლოდ საგადასახადო კოდექსის მუხლების ციტირებით შემოიფარგლება.

გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი არ შეესაბამება ქვეყანაში მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას, ხოლო მის გამოცემას საფუძვლად დაედო ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშეა შედგენილი.

შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. თუმცა, ვერ განმარტავს რატომ ერიცხება საურავი ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საურავი დარიცხული გადასახადის 54 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დარიცხული საურავი 72,5 პროცენტს შეადგენს, რაც არამართებულია და უნდა გასწორდეს.

შემოსავლების სამსახურს 2021 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა არ განუხილავს. მან ყურადღების მიღმა დატოვა საჩივარში მოყვანილი საკითხი იმის თაობაზე, რომ საგადასახადო შემოწმებამ 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე პერიოდი მოიცვა. დარიცხული გადასახადებიდან 83 366 ლარი 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხული გადასახადებია. მიმდინარე წლის ივნისში საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამნისტირებულია და ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის 2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდზე დარიცხული გადასახადები და საურავი ჩამოწერას ექვემდებარება, ამიტომ ბრძანება უნდა გაუქმდეს და განსახილველად შემოსავლების სამსახურს დაუბრუნდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25276 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2023 წლის №028-17 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 25 ოქტომბრის №26342 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული ბრძანება გაუქმდა დავების განხილვის საბჭოს 27.12.2023 წლის №21324/2/2023 გადაწყვეტილებით და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 1.02.2024 წლის №1723 ბრძანებით, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს შაქრის რეალიზაციაზე გავრცელებული ფასნამატის გაანგარიშების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შაქარზე გავრცელებული ფასნამატი დაექვემდებარა შემცირებას. შესაბამისად, დაკორექტირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

მომჩივანი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და სადავოდ ხდის ისეთ გარემოებებს, რაც არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო

ფაქტების აღწერა

კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანება 2024 წლის 7 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 30 აგვისტოს №19584 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანებას გაეცნო 2022 წლის 14 მარტს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 7 აგვისტოს.

გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში არ ეთანხმება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანებას, წარდგენილი აქვს შესაბამისი არგუმენტები, თუმცა საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არგუმენტები წარდგენილი არ არის.

მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივარში მითითებული არგუმენტებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 11 ივნისის N-----(---) განჩინებით გაიზიარა ----ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მეწარმეს თავის დროზე სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია შემოწმების ჩატარება, მაშინ როდესაც მას წარედგინა ბრძანება საწარმოში საგადასახადო შემოწმების შესახებ.

სააპელაციო პალატის მითითებით, სზაკ-ის 177.4 მუხლით ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ წარმოების საკითხებთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტები, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მიღებულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, გასაჩივრდება ადმინისტრაციულ წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო აქტის გასაჩივრებისას და ადმინისტრაციული წარმოების პროცედურასთან დაკავშირებული აქტების დამოუკიდებლად გასაჩივრება არ დაიშვება. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ შემოწმებაზე თანხმობის გაცხადებაც არ ართმევს მეწარმეს უფლებას კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს შემოწმების შედეგები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანებასთან დაკავშირებული საკითხის განუხილველად დატოვება უკანონოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის სადავო ბრძანებას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2022 წლის 14 მარტს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2022 წლის 13 აპრილი, ხოლო საჩივარი აღნიშნული აქტის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2024 წლის 7 აგვისტოს. შესაბამისად, დარღვეულია სადავო ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.

ამასთან, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტაცია არ შეიძლება გახდეს დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის №028-8 საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 29 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.10.2022 წლის №25276 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის №028-8 საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 7 აგვისტოს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 30 აგვისტოს №19584 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის №028-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 29 ივნისს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25276 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლზე და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მეწარმის 2024 წლის 7 აგვისტოს საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის №028-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ ჩატარდა სრული კამერალური შემოწმება. ტერმინს სრული კამერალური შემოწმება საგადასახადო კანონმდებლობა არ იცნობს.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტი №6298 ბრძანებაში მითითებულია, რომ დაინიშნა კამერალური საგადასახადო შემოწმება, მაგრამ შესამოწმებელი საკითხი მითითებული არ არის.

აღნიშნული ბრძანებით კიდევ ერთხელ უხეშად დაირღვა საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რადგან კამერალური შემოწმების ჩატარების შესახებ 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანებაში კონკრეტული შესამოწმებელი საკითხი მითითებული არ არის.

მომჩივანი მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-2 მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-60 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ განმარტებითი ლექსიკონის შესაბამისად, სიტყვა „კონკრეტული“ - ზედსართავი სახელია და ნიშნავს - რეალურად არსებულს, საგნობრივად განსაზღვრულს, ზუსტს, თვალსაჩინოს, ხელშესახებს.

მაშასადამე, საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად კამერალური საგადასახადო შემოწმება უნდა ჩატარდეს ერთ კონკრეტულად განსაზღვრულ საკითხზე.

აღნიშნული ბრძანებით კონკრეტული შესამოწმებელი საკითხი განსაზღვრული არ არის, ამიტომ კამერალური შემოწმების ჩატარება და შესაბამისად, ბრძანების შესრულება შეუძლებელია. ბრძანება არ შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას, ამიტომ ბათილად უნდა იქნან ცნობილი. ასეთი ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კამერალური შემოწმება უკანონოა და მისი შედეგები ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ჩატარებული შემოწმება უკანონოა და მისი შედეგები ბათილად უნდა იქნას ცნობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 4 მაისის საგადსახადო შემოწმების აქტი კანონიერად ვერ ჩაითვლება. უკანონო საგადასახადო შემოწმების აქტით თანხების დარიცხვა დაუშვებელია, ხოლო დარიცხული თანხები ბათილად უნდა იქნას ცნობილი, მით უფრო იმ გადასახადებთან მიმართებაში, რომელთა შემოწმება კამერალური საგადასახადო შემოწმებით გათვალისწინებული არ იყო.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით არის ჩატარებული, ამიტომ მისი შედეგიც უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის №028-8 საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 29 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.10.2022 წლის №25276 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 7 აგვისტოს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 30 აგვისტოს №19584 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოსავლების სამსახურის №1723 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო;

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6298 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით. საქონლის რეალიზაცია ხორციელდება ძირითადად საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით, თუმცა ასევე ფიქსირდება დოკუმენტური (სასაქონლო ზედნადებით) რეალიზაციებიც, რომლის წილიც მთლიან რეალიზაციაში შეადგენს 2%-ს.აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. მომჩივანს დამატებით დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13432 ბრძანება და №028-8 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 246 129 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №25276 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის №25276 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №17316 ბრძანება და №028-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 27 544 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 234 997 ლარი.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №26342 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №21324/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №26342 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და №1723 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №16210 ბრძანება და №028-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 24 940 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 216 927 ლარი.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №19584 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის №19584 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(4.10); 301( „ე“);