ბრძანება №29031

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2023
№ დოკუმენტი 29031
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№29031

27 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 27 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ----------) 2023 წლის 27 ოქტომბრის №84430/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №050-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ 2023 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში ---------- და -------- გასამაგრებლად, ელექტრონული ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით შეიძინა 6 071 მ 3 ქვიშა-ღორღი, რომელიც არ აისახა დამკვეთისთვის შედგენილ ფორმა 2-ში, ასევე არ არსებობს მასალების სხვაგვარად გამოყენების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რასთან დაკავშირებითაც განმარტავს, რომ 18 თებერვალს ჭარბი ნალექის პირობებში ადიდდა მდინარე ------- და უკვე გაშლილი ბალასტი ჩაიტანა მდინარის კალაპოტში, რამაც გამოიწვია სხვა მიმდინარე სამუშაოების შეფერხება, დაზიანდა მიმდებარე ხიდი (ჩაინგრა). ხოლო, სამუშაოების დასრულებისთვის განხორციელდა შესაბამისი მასალების თავიდან მობილიზება. შედეგად, გადამხდელი ითხოვს რეალიზებულად ჩათვლილი 6 071 მ 3 ქვიშა-ღორღი აღიარებულ იქნას სტიქიური უბედურებისას მიღებულ დანაკარგად. ამასთან, საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ფოტო მასალა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის №5424 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 11 ოქტომბრის №25291 ბრძანება და 12 ოქტომბრის №050-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 182 462 ლარი, მათ შორის, გადასახადი 112 986 ლარი, ჯარიმა 56 650 ლარი, საურავი 12 826 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ძირითადი საქმიანობის სახეს წარმოადგენს ----------- მდინარე ----------- ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოება. საწარმო, როგორც ქვეკონტრაქტორი, აღნიშნულ მომსახურეობას უწევს კონტრაქტორს შპს „---------“, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ტენდერში გამარჯვებულ საწარმოს. საპროექტო სამუშაოების განხორციელებისას შპს „---------“ შესრულებული სამუშაოების მიხედვით კონტრაქტორს სისტემატიურად (ყოველთვიურად ან/და თვეში რამდენიმეჯერ) წარუდგენს შესრულებულ სამუშაოთა აქტს (ფორმა 2) და მის საფუძველზე გადახდის მოთხოვნას, რომელთა საფუძველზე კონტრაქტორი დამკვეთისგან იღებს ანაზღაურებებს და თავის მხრივ უნაზღაურებს ქვეკონტრაქტორს. საწარმოში 2023 წლის 14 მარტს ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით საქონლის ფაქტობრივი ნაშთი არ გამოვლინდა. საწარმოს მიერ განხორციელებულ სამუშაოთა შესრულების მოცულობების, მის მიერ შეძენილი სასაქონლო მარაგების და ინვენტარიზაციის მასალების შედარებით, დადგინდა, რომ 2023 წლის თებერვალში საწარმოს მიერ შეძენილი 6 071 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღი არ აქვს გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში და არც ნაშთად უფიქსირდება. შემოწმებისათვის აღნიშნული საქონლის სხვაგვარად გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები არ წარმოდგენილა. შემოწმებით აღნიშნული საქონელი იმავე საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა რეალიზებულად, ხოლო რეალიზაციის თანხა 242 485 ლარი ჩაითვალა მიღებულად. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მიღებული თანხების მოცულობა. საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო მონაცემებზე, ახსნა-განმარტებებზე და საწარმოში ჩატარებული ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგებზე დაყრდნობით, მიღებული თანხა ჩაითვალა დირექტორის სასარგებლოდ გაცემულად. შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ საწარმოს მიერ განხორციელებულ სამუშაოთა შესრულების მოცულობების, მის მიერ შეძენილი სასაქონლო მარაგების და ინვენტარიზაციის მასალების შედარებით, 2023 წლის თებერვალში საწარმოს მიერ შეძენილი 6071 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღი არ აქვს გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში და არ უფიქსირდება ნაშთად. შემოწმებისათვის აღნიშნული საქონლის სხვაგვარად გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები არ არის წარდგენილი. შემოწმებით აღნიშნული საქონელი იმავე საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა რეალიზებულად და გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო რეალიზაციის თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მიერ განხორციელებულ სამუშაოთა შესრულების მოცულობების, მის მიერ შეძენილი სასაქონლო მარაგების და ინვენტარიზაციის მასალების შედარებით, 2023 წლის თებერვალში საწარმოს მიერ შეძენილი 6071 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღი არ აქვს გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში და არ უფიქსირდება ნაშთად. შემოწმებისათვის აღნიშნული საქონლის სხვაგვარად გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები არ არის წარდგენილი. შემოწმებით აღნიშნული საქონელი იმავე საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა რეალიზებულად და გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო რეალიზაციის თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);159(1);163(1);164(1);73)4);101(1);154(1);