ბრძანება N 14270
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14270
30 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 15 მაისის საჩივრის ნაწილობრივ
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 15 მაისის №95729/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №022-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებს და აცხადებს, რომ ვინაიდან, კომპანია თანხის ხარჯვის ნაწილში უცხოეთში გაწეული ხარჯების ანაზღაურებას ახდენს ნაღდი ანგარიშსწორებით, ანგარიშვალდებულ პირზე მუდმივად რჩება თანხა ნაშთად, რეისის დაწყებიდან დასრულებამდე, ასევე, ხარჯების დოკუმენტების მოწოდება ხდება ეტაპობრივად საქართველოში შემოსვლისას;
2. არ ეთანხმება ანგარიშვალდებულ პირზე საწვავის შესაძენად გაცემული თანხების ნაწილის ამ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ საზღვარგარეთ შეძენილი საწვავები ბუღალტრულ პროგრამაში ასახულია თანხობრივად, რადგან ძირითად შემთხვევებში შეძენის ქვითრებში არ ჩანს ლიტრაჟობა, ასევე, კომპანიას აღნიშნულ ხარჯში გაერთიანებული აქვს მივლინების ხარჯები, რასთან დაკავშირებითაც წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2004 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 10 აპრილის №6863 ბრძანება და ამავე თარიღის №022-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 158 561 ლარი, მათ შორის, გადასახადი 89 543 ლარი, ჯარიმა 44 565 ლარი და საურავი 24 453 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ სალაროს მოძრაობასთან, აგრეთვე, ანგარიშვალდებულ პირებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ანგარიშვალდებულ პირებთან და სალაროში ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 105 878,71 ლარს. საკითხი შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის გათვალისწინებით და გაანგარიშებულმა ნაღდი ფულის გონივრულმა ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 2526,17 ლარი. დარჩენილი არაგონივრული ნაშთი (103 352,54 ლარი), განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. შპს „---ის“ საქმიანობას წარმოადგენს სატვირთო სატრანსპორტო მომსახურება, ძირითადად ახორციელებს საერთაშორისო და სატრანზიტო გადაზიდვებს, იყენებს რა მის საკუთრებაში არსებულ სატვირთო ავტომობილებს. საქმიანობისათვის საჭირო საწვავის შეძენა საქართველოში დასტურდება მიღებული სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებით. საზღვარგარეთ (თურქეთში და აზერბაიჯანში) შეძენილ საწვავის ხარჯის დასადასტურებლად კი წარმოადგინა საწვავის შეძენისას მიღებული ჩეკები, რომელთა აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის ხარჯის შესაბამის მუხლში ახდენს მხოლოდ ღირებულებითად და შესაბამის ჩეკებში მითითებული თანხების მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. ამასთან, გადამხდელის წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა ვერ უზრუნველყოფს საწვავზე დანახარჯების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურებას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ მოხდა გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობრივი და ღირებულებითი შეფასება. ამისათვის გაზიარებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საწვავის ხარჯვის საშუალო ნორმებზე (34-35 ლიტრი - დატვირთულ და 27- 28 ლიტრი - ტვირთის გარეშე მდგომარეობაში, ყოველ 100კმ-ზე) - დასტურდება ღია ინტერნეტ წყაროებში მოძიებული მონაცემებით. როგორც დატვირთულ, ისე ტვირთის გარეშე გავლილი დისტანციების შეფასება კი მოხდა წარმოდგენილი სატრანსპორტო ინვოისების მონაცემების საფუძველზე, თითოეული ავტომობილის მიხედვით, „google.maps“-ის მონაცემების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის შედეგების რელევანტურობა დასტურდება საქართველოში დოკუმენტური შეძენების და უცხოეთში საწვავის შეძენის ჩეკების მიხედვით დადასტურებული რაოდენობრივი პარამეტრების მიხედვითაც. ანგარიშვალდებულ პირზე საწვავის შესაძენად გაცემული თანხების ის ნაწილი, რომელიც აღემატება ზემოაღნიშნული წესით გამოანგარიშებული საწვავის ღირებულებას, ჩაითვალა ამ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს სალაროს მოძრაობის ანალიზის შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 105 879 ლარს, საიდანაც ნაღდი ფულის გონივრულმა ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 2526,17 ლარი, ხოლო დარჩენილი არაგონივრული ნაშთი (103 352,54 ლარი), განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოწმებით დადგენლია, რომ საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის ხარჯის დასადასტურებლად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საწვავის შეძენისას მიღებული ჩეკები, რომელთა აღრიცხვაც საბუღალტრო პროგრამის ხარჯის შესაბამის მუხლში ხდება მხოლოდ ღირებულებითად და შესაბამის ჩეკებში მითითებული თანხების მნიშვნელოვანი გადაჭარბებით.
ამასთან, გადამხდელის წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა ვერ უზრუნველყოფს საწვავზე დანახარჯების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურებას. შემოწმების მიერ მოხდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობრივი და ღირებულებითი შეფასება და ანგარიშვალდებულ პირზე საწვავის შესაძენად გაცემული თანხების ის ნაწილი, რომელიც აღემატებოდა შემოწმებით გამოანგარიშებული საწვავის ღირებულებას, ჩაითვალა ამ პირზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის ხარჯებში გაერთიანებული აქვს მივლინების ხარჯებიც, რომელთან დაკავშირებითაც წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების პირველ, მე-3 და 31 მუხლებზე, რომლის თანახმად:
1. ა) მივლინება არის დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის ფარგლების გარეთ.
ქვეყნის ფარგლების გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი;
3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის მივლინებისას:
ა) მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად;
ბ) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა;
1. გრძელვადიანი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვროს დანართი №1-ის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით (სვეტი №3), ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მომსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით.
„სამივლინებო ხარჯების საგადასახადო შემოწმების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 6 სექტემბრის №7545 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-2 მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, მივლინება არის დამქირავებლის ბრძანებით (დავალებით) დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ქვეყნის ფარგლების გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი. ხოლო მუდმივი სამუშაო ადგილი ეს არის დამქირავებლის ტერიტორია, სადაც დაქირავებული შრომითი ხელშეკრულების (ბრძანების) საფუძველზე დამქირავებელს უსრულებს სამუშაოს განსაზღვრულ ფიქსირებულ საათებში, სამუშაო უწყვეტია და არაერთჯერადი.
ამავე მეთოდური მითითების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მგზავრობის ხარჯები განისაზღვრება მივლინების ადგილამდე ჩასვლისა და უკან დაბრუნების მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) სამგზავრო ბილეთის ღირებულებისა. მივლინების ხარჯად ჩაითვლება აგრეთვე მივლინების ადგილზე შიდა გადაადგილების მომსახურება, თუ ხდება მისი დოკუმენტურად დადასტურება და ხარჯის გამწევის იდენტიფიცირება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არ ეთანხმება ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებს;
2. არ ეთანხმება ანგარიშვალდებულ პირზე საწვავის შესაძენად გაცემული თანხების ნაწილის ამ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ სალაროს მოძრაობასთან, აგრეთვე, ანგარიშვალდებულ პირებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ანგარიშვალდებულ პირებთან და სალაროში ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 105 878,71 ლარს. საკითხი შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის გათვალისწინებით და გაანგარიშებულმა ნაღდი ფულის გონივრულმა ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 2526,17 ლარი. დარჩენილი არაგონივრული ნაშთი (103 352,54 ლარი), განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს სატვირთო სატრანსპორტო მომსახურება, ძირითადად ახორციელებს საერთაშორისო და სატრანზიტო გადაზიდვებს, იყენებს რა მის საკუთრებაში არსებულ სატვირთო ავტომობილებს. შემოწმების მიერ მოხდა გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობრივი და ღირებულებითი შეფასება. ამისათვის გაზიარებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საწვავის ხარჯვის საშუალო ნორმებზე (34-35 ლიტრი - დატვირთულ და 27- 28 ლიტრი - ტვირთის გარეშე მდგომარეობაში, ყოველ 100კმ-ზე) - დასტურდება ღია ინტერნეტ წყაროებში მოძიებული მონაცემებით. როგორც დატვირთულ, ისე ტვირთის გარეშე გავლილი დისტანციების შეფასება კი მოხდა წარმოდგენილი სატრანსპორტო ინვოისების მონაცემების საფუძველზე, თითოეული ავტომობილის მიხედვით, „google.maps“-ის მონაცემების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის შედეგების რელევანტურობა დასტურდება საქართველოში დოკუმენტური შეძენების და უცხოეთში საწვავის შეძენის ჩეკების მიხედვით დადასტურებული რაოდენობრივი პარამეტრების მიხედვითაც. ანგარიშვალდებულ პირზე საწვავის შესაძენად გაცემული თანხების ის ნაწილი, რომელიც აღემატება ზემოაღნიშნული წესით გამოანგარიშებული საწვავის ღირებულებას, ჩაითვალა ამ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154.
„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება.