ბრძანება N 16463

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.07.2023
№ დოკუმენტი 16463
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16463

07.07.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-- ---ის“ (ს/ნ -------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------)

2023 წლის 9 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „-- ---ის“ (ს/ნ -------------) №80875/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №007-72 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების მიღებულად განხილვას და არარეზიდენტ, არაურთიერთდამოკიდებულ იურიდიულ პირებზე სესხად კვალიფიკაციას. აცხადებს, რომ არასოდეს მიუცია არარეზიდენტი პირისთვის რაიმე სახის თანხა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პირდაპირ გამორიცხვას სესხის არსებობას. აცხადებს, რომ დებიტორული დავალიანება წარმოშობილია 2012-2016 წლებში, თუმცა შემოწმებამ სესხად დააკვალიფიცირა 2023 წელს. მიუთითებს, რომ კომპანია 2017 წლის პირველი იანვრიდან - 2020 წლის 1 მაისამდე პერიოდზე შემოწმებულია და აღნიშნული ოპერაცია სადაოდ არ გამხდარა. აღნიშნავს, რომ დაუშვებელია დამკვეთისგან მიუღებელი მომსახურების საფასურის სესხად დაკვალიფიცირება, შესაბამისად დარიცხვა დაუსაბუთებელია.

2. არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციას, ითხოვს სარგებლიან სესხად დაკვალიფიცირებას და შესაბამისად, დაბეგვრას. მიუთითებს, რომ --- ----ას მისაღები აქვს შპს „-- ---სგან“ თანხა, რადგან საწარმოსთის სესხად აქვს გადაცემული 2 717 367 ლარი. პირი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის N17892 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-- ---ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 აპრილის №7374 ბრძანება და ამავე თარიღის №007-72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 17 558 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 058 ლარი, ჯარიმა 7 469 ლარი, საურავი 2 031 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგარამაში, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან ფიქსირდება დებიტორული დავალიანება ჯამში 40 218 ლარი, რომლის შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე დაფარვა არ ხდება. აღნიშნული დებიტორული დავალიანებები წარმოშობილია 2012 და 2016 წელს. შემოწმების მიერ აღნიშნული დებიტორული დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე განხილულ იქნა არარეზიდენტებზე გაცემულ სესხად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაბეგრილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში (1110 ანგარიში) გააჩნია ნაღდი ფულის უძრავი ნაშთი. სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის ფიქსირდება 12 592 ლარი, 2021 წლის დეკემბრის თვემდე ნაღდი ფულის ნაშთი მერყეობს 12 000 ლარიდან 22 000 ლარამდე. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (08./07/2019, ბრძანება N22708) შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა ყოველი თვის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, რომელიც წარმოადგენს შესაბამის თვეში გაწეული საკასო ხარჯების და საკასო შემოსავლის ჯამის 10%-ს, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, სხვაობა გაანგარიშებულ ნაშთსა და სააღრიცხვო ცხრილში მითითებულ უძრავ ნაშთს შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განხილულ იქნა დირექტორზე ---- -----ზე (-----------) გაცემულ უპროცენტო სესხად. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, არსებული გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა მხოლოდ ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, გაანგარიშდა სარგებელი, რომლიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით. პირს ასევე დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგარამაში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან ფიქსირდება დავალიანება ჯამში 40 218 ლარი, რომელიც შემოწმებით განხილულ იქნა არარეზიდენტებზე გაცემულ სესხად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა მოგების გადასახადით. აგრეთვე, ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად გამოვლენილია ნაღდი ფულის უძრავი ნაშთები, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის 12 592 ლარი, რომელიც 2021 წლის დეკემბრის თვემდე მერყეობს 12 000 ლარიდან 22 000 ლარამდე. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №22708 მეთოდური მითითების შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა ყოველი თვის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად, სხვაობა გაანგარიშებულ ნაშთსა და სააღრიცხვო ცხრილში მითითებულ უძრავ ნაშთს შორის, პერიოდების მიხედვით, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ასევე, უპროცენტო სესხზე გაანგარიშდა სარგებელი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „-- ---ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება :

1. დებიტორული დავალიანების მიღებულად განხილვას და არარეზიდენტ, არაურთიერთდამოკიდებულ იურიდიულ პირებზე სესხად კვალიფიკაციას.

2. სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციას, ითხოვს სარგებლიან სესხად დაკვალიფიცირებას და შესაბამისად, დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგარამაში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან ფიქსირდება დავალიანება , რომელიც შემოწმებით განხილულ იქნა არარეზიდენტებზე გაცემულ სესხად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა მოგების გადასახადით.

აგრეთვე, ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად გამოვლენილია ნაღდი ფულის უძრავი ნაშთები, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №22708 მეთოდური მითითების შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა ყოველი თვის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად, სხვაობა გაანგარიშებულ ნაშთსა და სააღრიცხვო ცხრილში მითითებულ უძრავ ნაშთს შორის, პერიოდების მიხედვით, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ასევე, უპროცენტო სესხზე გაანგარიშდა სარგებელი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ამასთან,მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:43(4); 73(9 „ბ“, 4); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“.8); 101(1. 2 „ბ“); 154(1„ა“ .2 „ა“); 275; 302(6);