ბრძანება N 17764

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.08.2025
№ დოკუმენტი 17764
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17764

06 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 11 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 11 ივლისის №96771/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის №086-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ აღნიშნული ფასნამატი არ შეესაბამება ბაზარზე არსებულ საქონლის ღირებულებას და ითხოვს საქმის გადახედვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №9058 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 30 აპრილიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 13 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 16 ივნისის №12515 ბრძანება და ამავე თარიღის №086-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 214 587 ლარი, მათ შორის გადასახადი 129 094 ლარი, ჯარიმა 64 547 ლარი და საურავი 20 946 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

●შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 30 აპრილს. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს 2024 წლის მაისში, ივნისში და ივლისში განხორციელებული აქვს თურქეთიდან ფეხსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაკერი მასალების იმპორტი, სულ ღირებულებით 415 643.17 ლარი. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც საქონლის რეალიზაციით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა დაფიქსირებული აქვს 416 210.77 ლარის ოდენობით. ასევე წარმოდგენილია მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული და დაბეგრილი აქვს გაცემული ხელფასი სულ 1 550 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში ჩატარდა გასაუბრება გადასახადის გადამხდელთან. წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნავს, რომ საქონლის რეალიზაციას ახდენდა სოფელ ------- და თბილისში ტრანსპორტიდან საცალოდ 5%-დან 7%- მდე ფასნამატით. რეალიზაცია ხდებოდა სრულად ნაღდი ანგარიშწორებით, თუმცა არ ჰქონდა რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. მისივე ახსნა-განმარტებით, საქონლის, ძირითადი საშუალებების, დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები შეადგენს 0 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას, შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი სმფ-ების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. საწარმოს არ აქვს გამოწერილი რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის შემოსავლები დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, ხოლო იმ საქონელზე, რაზეც არ მოიპოვება იდენტური საქონლის ფასნამატი, გამოყენებული იქნა მსგავსი სპეციფიკაციის მქონე სხვა ჯგუფის ფასნამატი. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან. აღნიშნულ სხვაობაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად

●შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. გადამხდელის ახსნა-განმარტებისა და საგადასახადო მონიტორინგის მიერ მასთან ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, ასევე ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. გამომდინარე აქედან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთი, 398 339 (დარიცხული) ლარის ოდენობით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას, შემოწმებისათვის ვერ იქნა წარდგენილი სმფების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს არ აქვს გამოწერილი რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატი, ხოლო იმ საქონელზე, რაზეც არ მოიპოვება იდენტური საქონლის ფასნამატი, გამოყენებული იქნა მსგავსი სპეციფიკაციის მქონე სხვა ჯგუფის ფასნამატი. შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. გადამხდელის ახსნაგანმარტებისა და საგადასახადო მონიტორინგის მიერ მასთან ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, ასევე ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. გამომდინარე აქედან, ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას, შემოწმებისათვის ვერ იქნა წარდგენილი სმფების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს არ აქვს გამოწერილი რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატი, ხოლო იმ საქონელზე, რაზეც არ მოიპოვება იდენტური საქონლის ფასნამატი, გამოყენებული იქნა მსგავსი სპეციფიკაციის მქონე სხვა ჯგუფის ფასნამატი. შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. გადამხდელის ახსნაგანმარტებისა და საგადასახადო მონიტორინგის მიერ მასთან ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, ასევე ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. გამომდინარე აქედან, ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 7(5,9); 101; 154; 159