გადაწყვეტილება №23294/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23294/2/2024
10 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------ა (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ას 19.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23294/2/2024).
დავის საგანი:
1. შემოწმებით განსაზღვრული წარმოებული პურის და უკან დაბრუნებული პურის რეალიზებულად განხილვა;
2. გაორმაგებულად მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების საფუძველზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2024 წლის №007-72 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13277 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 449 577,59 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 279 450
დღგ - 24 101
საშემოსავლო გადასახადი - 255 349
ჯარიმა - 137 698
საურავი - 32 429,59
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს პურ-ფუნთუშეულის წარმოება (ძირითადად იწარმოება ხუთი სახეობის პური). საქმიანობას ახორციელებს ძირითადად დისტრიბუციით ქსელურ მაღაზიებში, უსასყიდლო იჯარით დამფუძნებლის საკუთრებაში არსებულ ფართში (ქ. თბილისი, --------ის ქ. --).
აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2024 წლის №007-72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13277 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სადავო საკითხების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა), რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით განსაზღვრული წარმოებული პურის და უკან დაბრუნებული პურის რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის განმარტებით, არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას არანაირი ფორმით. შემოწმების მიმდინარეობისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №31366 ბრძანების საფუძველზე 13.12.2023 წელს ჩატარებულ იქნა სმფ-ების ინვენტარიზაცია (ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვა).
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება, გაანგარიშების ცხრილები, წარმოებული პროდუქციის კალკულაციები, ასევე, დებიტორული და კრედიტორული ნაშთების შესახებ ინფორმაცია, საბანკო ამონაწერები და ხელშეკრულებები. შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. ინვენტარიზაციით დათვლილი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი ჩათვლილ იქნა ბუღალტრულ ნაშთად და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით არაპირდაპირი მეთოდით, ხელთარსებული ინფორმაციის გაანგარიშებული იქნა საწარმოს წარმოებისთვის საჭირო ნედლეული (ფქვილი). კერძოდ, წარმოდგენილი კალკულაციების გათვალისწინებით (რომელიც აუდირებულს ედრება) გაანგარიშებულ იქნა რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული პურის საწარმოებლად საჭირო ფქვილის ოდენობა, მათ შორის, გათვალისწინებულ იქნა დანადგარებში მოსაფრქვევი ფქვილის ოდენობა (ტომარაზე 0,5 კგ-ის ოდენობით). შემოწმებით გაანგარიშებულ და ბუღალტრულ ფქვილის ნაშთს შორის სხვაობით (19 673 კგ) გაანგარიშებულ იქნა წარმოებული პურის რაოდენობა და ღირებულება, რაც განხილულ იქნა მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. ასევე, უკან დაბრუნებული პროდუქციის რაოდენობა და ბუღალტრულ ნაშთთან შედარებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, როგორც ძველი პური, რადგან საწარმოს უფიქსირდება ძველი პურის რეალიზაცია. ხოლო აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, მე-8, 61-ე, 73-ე, 159-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 145-ე და 43-ე მუხლებზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ იქნა წარმოებული პროდუქციის კალკულაციები, დებიტორული და კრედიტორული ნაშთების შესახებ ინფორმაცია, საბანკო ამონაწერები და ხელშეკრულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა შემდეგნაირად: ინვენტარიზაციით დათვლილი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი ჩათვლილ იქნა ბუღალტრულ ნაშთად და გაანგარიშებულ იქნა საწარმოს წარმოებისათვის საჭირო ნედლეული, წარმოდგენილი კალკულაციების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული პურის საწარმოებლად საჭირო ფქვილის ოდენობა, გათვალისწინებულ იქნა დანადგარებში მოსაფრქვევი ფქვილის ოდენობა. შემოწმებით გაანგარიშებულ და ბუღალტრულ ფქვილის ნაშთს შორის სხვაობით (19 673 კგ) გაანგარიშებულ იქნა წარმოებული პურის რაოდენობა და ღირებულება, რაც განხილულ იქნა მიწოდებად, ხოლო აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად. ასევე, შესწავლილ იქნა უკან დაბრუნებული პროდუქციის რაოდენობა და ბუღალტრულ ნაშთთან შედარებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, როგორც ძველი პური, ხოლო აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები ასევე განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად.
შემოწმებით გაანგარიშებულ და ბუღალტრულ ფქვილის ნაშთს შორის სხვაობის არსებითობასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული დასაბეგრი ბრუნვა, პირის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დასაბეგრის ბრუნვის 2%-ს აღემატება და 3,4%-ს შეადგენს.
რაც შეეხება უკან დაბრუნებული პურების რეალიზაციაში გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება უკან დაბრუნებული (ძველი) პურის რეალიზაცია. ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით არ განხორციელებულა გაფუჭებული პროდუქციის ჩამოწერა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტის მიხედვით პირველ საკითხში დარიცხვის მიზეზს წარმოადგენს საქონლის მოძრაობის შედეგად 19 673 კგ ფქვილის სხვაობის წარმოებულ და რეალიზებულ პურად განხილვა, ასევე რეალიზაციის შემდგომ დაბრუნებული ძველი პურის რეალიზებულად განხილვა, ასევე ორივე ნაწილში რეალიზაციის თანხების როგორც მიღებულად ასევე დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად ჩათვლა. ამ ნაწილში დარიცხულ თანხებს არ ეთანხმება, ვინაიდან შემოწმება საქონლის მოძრაობის გაანგარიშებისას დაეყრდნო მომჩივნის მიერ მიწოდებულ კალკულაციებს შესაბამისი სახეობის პურთან მიმართებაში, რის მიხედვითაც გაიანგარიშა წარმოებაზე გახარჯული ფქვილის რაოდენობა, რაც შეუდარა შეძენილ ფქვილის რაოდენობას (საბოლოო ნაშთის გამოკლებით) და სხვაობა მიიღო 19 673 კგ. აღნიშნულ გაანგარიშებას ციფრობრივ ნაწილში ეთანხმება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ მიწოდებული კალკულაციები წარმოადგენს არსებითად სწორ მონაცემს თუმცაღა ვერ იქნება იდეალურად ზუსტი თითოეულ წარმოებაზე, ვინაიდან იგი დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე, რაც შეიძლება იყოს ფქვილის ხარისხი, ფქვილის შეძენისას ტომარაში არსებული ფქვილის განსხვავება მის ფაქტობრივ ოდენობასთან (იგულისხმება რომ ფქვილის შეძენა ხორციელდება ძირითადად 50 კგ-იანი ტომრებით, რისი რაოდენობრივი დათვლით ხორციელდება და მიღებული ფქვილის წონა განისაზღვრება ტომრების რაოდენობის 50 კგ-ზე ნამრავლით, თუმცა თითოეულ ტომარაში ხშირ შემთხვევაში ფიქსირდება განსხვავებები), ასევე წარმოების პროცესში ტემპერატურაზე და მრავალ სხვა გარემოებაზე. აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ სულ შეძენილია 786 341 კგ ფქვილი, ხოლო სხვაობა შეადგენს 19 673 კგ, შესაბამისად აღნიშნული სხვაობა არ აღემატება მთლიანი ოდენობის 2,5%-ს, ასეთი სხვაობის გამომწვევი მიზეზები როგორც უკვე განმარტა შესაძლებელია მრავლად იყოს. ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ კომპანიას გააჩნია მხოლოდ სადისტრიბუციო ქსელი, მას არ აქვს საცალო რეალიზაციის ობიექტი, შესაბამისად საქონლის რეალიზაცია ხორციელდება მხოლოდ სასაქონლო ზედნადებების გამოწერის გზით, შესაბამისად შემოწმების მიერ გაანგარიშებული პურის რეალიზაციას კომპანია ფიზიკურადაც ვერ მოახდენდა (ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ ნაწილში თუნდაც გაანგარიშებული სხვაობის ღირებულება, არც თანხობრივად წარმოადგენს ისეთ ოდენობას, რომ პურის აღურიცხავად რეალიზაციაზე მიუთითებდეს). რაც შეეხება უკან დაბრუნებული პურის რეალიზებულად განხილვას, ძველ პურზე მოთხოვნა არც ისე მაღალია, ასევე მისი რეალიზაცია შესაძლებელია მისი გაფუჭების დაწყების პროცესამდე (დაახლოებით 3-5 დღე), შესაბამისად ამ ვადაში სარეალიზაციო ბაზრის მოძიება არც ისე მარტივია. პრაქტიკაში უკან დაბრუნებული პურის ძირითადი ნაწილი რეალურად ფუჭდება და ხდება მისი განადგურება. სამწუხაროდ, უცოდინრობის გამო, განადგურებაზე დადგენილი წესით, განცხადების ატვირთვა შესამოწმებელ პერიოდში არ განხორციელებულა, აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ ცნობილი გახდა შემოწმების მიმდინარეობის პროცესში და მიმდინარე პერიოდში ახდენს ჩამოწერაზე შესაბამისი განცხადებების ატვირთვას.
მაგალითისთვის 29.02.2024-ში ატვირთული აქვს განცხადება უვარგისი პროდუქციის ჩამოწერაზე (დანართი) რის მიხედვითაც ჩამოწერილი პურის წონა შეადგენს 974 კგ-ს, რაც ადასტურებს, რომ საქმიანობის სპეციფიკისთვის დამახასიათებელია გარკვეული რაოდენობის მზა პროდუქციის გაფუჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს მოხდეს მომჩივნის საქმიანობის ობიექტური შეფასება აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით და მოახდინოთ ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად გაანგარიშებული იქნა საწარმოს წარმოებისთვის საჭირო ნედლეული (ფქვილი), წარდგენილი კალკულაციების გათვალისწინებით (რომელიც აუდირებულს ედრება) გაანგარიშებულ იქნა რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული პურის საწარმოებლად საჭირო ფქვილის ოდენობა, მათ შორის, გათვალისწინებულ იქნა დანადგარებში მოსაფრქვევი ფქვილის ოდენობა (ტომარაზე 0,5 კგ-ის ოდენობით). შემოწმებით გაანგარიშებულ და ბუღალტრულ ფქვილის ნაშთს შორის სხვაობით (19 673 კგ) გაანგარიშებულ იქნა წარმოებული პურის რაოდენობა და ღირებულება, რაც განხილულ იქნა მიწოდებად. შესწავლილ იქნა უკან დაბრუნებული პროდუქციის რაოდენობა და ბუღალტრულ ნაშთთან შედარებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, როგორც ძველი პური, რადგან საწარმოს უფიქსირდება ძველი პურის რეალიზაცია. აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.
მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, გაანგარიშება სადავო არ არის, თუმცა გამოვლენილი სხვაობა 3%-ზე ნაკლებია, დაახლოებით 2,7%-ია, რაც არ უნდა ჩაითვალოს არსებით სხვაობად და არ უნდა დაიბეგროს. რაც შეეხება მეორადი პურის რეალიზაციას, აღნიშნულს აქვს ვადა და 3-5 დღის შემდეგ მეორადი პურის რეალიზაცია შეუძლებელია და ექვემდებარება განადგურებას. ეს ნაწილი საწარმოს რჩებოდა ნაშთად და რეალურად ანადგურებდნენ, თუმცა შემოსავლების სამსახურისთვის მიმართული არ აქვთ. აღნიშნული პროცედურით განადგურება საწარმომ დაიწყო შემოწმების შემდეგ პერიოდში.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულ შემოსავალს შემოწმებით დადგენილი შემოსავალი აღემატება დაახლოებით 3,4%-ით, ხოლო კომპანიის საქმიანობის პერიოდის განმავლობაში მონაცემების შედარებით სხვაობა შეადგენს დაახლოებით 2,8%-ს, რაც ორივე შემთხვევაში აღემატება შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით განსაზღვრულ 2%-იან მაჩვენებელს.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან რეალიზაციიდან მიღებული თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. გაორმაგებულად მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების საფუძველზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების დამუშავების შედეგად გაანგარიშებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, რაც რიგ შემთხვევაში განსხვავებულია დეკლარირებულ შესაბამის მონაცემებთან. კერძოდ, გადამხდელი არ ახდენს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და შესაბამისი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვებს და ხდება დუბლირებული დღგ-ის ჩათვლა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საკითხი ეხება დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გამოვლენილ ტექნიკური ხასიათის შეცდომას (ავანსების განაშთვის ნაწილში სხვაობა შეადგენს 2 340 ლარს). ამ ნაწილში გამოვლენილ სხვაობას ეთანხმება, აღმოაჩინა შემოწმების დაწყების შემდგომ და მასზე თავად მიაწოდა ინფორმაცია შემოწმებას. შესაბამისად ძირითადი გადასახადი ერიცხება მართლზომიერად, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეცდომას, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლდეს ამ ნაწილში დარიცხული სანქციისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახდენს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და შესაბამისი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვებს და განხორციელდა გაორმაგებული დღგ-ის ჩათვლა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს გაორმაგებული დღგ-ის ჩათვლების შემცირების გამო დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოწმებით განსაზღვრული წარმოებული პურის და უკან დაბრუნებული პურის რეალიზებულად განხილვა.გაორმაგებულად მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების საფუძველზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №13277 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სადავო საკითხების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა), რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ვინაიდან რეალიზაციიდან მიღებული თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,არ არსებობს გაორმაგებული დღგ-ის ჩათვლების შემცირების გამო დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ა“ და „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ ); 159(1 „ა“); 269(7); 275(22.3);