გადაწყვეტილება №26053/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.11.2025
№ დოკუმენტი 26053/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26053/2/2025

21 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- ----- (პას. N ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 17.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26053/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 14.07.2025 წლის N EL290091 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 06.08.2025 წლის N 17766 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 50 218.84 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

11.07.2025 წელს რეისით ----- მიმავალ მომჩივანს შესაბამისი უსაფრთხოების კონტროლის პროცედურებისა და შემოწმების დროს გამოუვლინდა არადეკლარირებული თანხა.

საბაჟო დეპარტამენტმა განახორციელა მომჩივნის და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, სადაც აღმოჩნდა 184 900 აშშ დოლარი (ეროვნული ბანკის ოფიციალურად გაცვლითი კურსთ - 502 188.40 ლარი).

გამოვლენილ ფაქტზე 14.07.2025 წლის N EL290091 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 50 218.84 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 06.08.2025 წლის N 17766 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის (სხვა ვალუტაში) გადმოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, საბაჟო ფორმალობების გავლა, მათ შორის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციების შევსება მგზავრების მიერ ქვეყნის დატოვებისას შესაძლებელია აეროპორტის გაფრენის დარბაზის პირველ სართულზე და დაინტერესების შემთხვევაში აღნიშნული ადგილის პოვნა მარტივია. აგრეთვე საავიაციო უსაფრთხოების და საპასპორტო კონტროლის განხორციელებამდე დამატებით ნათლად არის მინიშნებები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

„წითელი დერეფანი“ მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“, აღნიშნულის შემდეგ ვიდრე კონკრეტულად საავიაციო უსაფრთხოების შემოწმებისთვის გათვალისწინებულ ზონაში შევა მგზავრი, გაივლის გასასვლელს, სადაც „მწვანე დერეფანზე“ დატანილია შემდეგი წარწერა: „არ ექვემდებარება დეკლარირებას“.

მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, ----- არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით და აგრეთვე საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის განხორციელებამდე არც საავიაციო უშიშროების თანამშრომლებთან განუცხადებია თანხის არსებობის შესახებ.

სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივნის განმარტებით, საქართველოში ფლობდა ბინას და მასში განთავსებულ უძრავ ნივთებს, რომელთა რეალიზაცია განახორციელა გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე. თანხა არ დაუმალავს და თან ჰქონდა თანხის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აპოსტილით დამოწმებული). ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად არ იყო ინფორმირებული და ასევე არ იქნა გამოკვლეული მის ხელთ არსებული მტკიცებულებები. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას და დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ჟ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს. საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი.

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას, დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად. უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი. შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია, ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა), დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია, დაათვალიეროს ფიზიკური პირი, განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

მომჩივნის განმარტებით, საქართველოში ფლობდა ბინას და მასში განთავსებულ უძრავ ნივთებს, რომელთა რეალიზაცია განახორციელა გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე. თანხა არ დაუმალავს და თან ჰქონდა თანხის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აპოსტილით დამოწმებული). ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად არ იყო ინფორმირებული და ასევე არ იქნა გამოკვლეული მის ხელთ არსებული მტკიცებულებები.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 22.10.2025 წლის N ----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ 11.07.2025 წელს რეისით თბილისი - ----- მიმავალ მომჩივანს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების დროს აღმოაჩდა 184 900 აშშ დოლარი, რამაც ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 502 188.40 ლარი.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელის განცხადებით, მომჩივანს არ მოუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით და აგრეთვე საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის განხორციელებამდე არც საავიაციო უშიშროების თანამშრომლებთან განუცხადებია თანხის არსებობის შესახებ. მხოლოდ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ არადეკლარირებული თანხის აღმოჩენის შემდეგ, მომჩივანმა განაცხადა, რომ კუთვნილი თანხა მიღებული ქონდა ქონების რეალიზაციის შედეგად.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტში, საბაჟო ფორმალობების გავლა, მათ შორის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციების შევსება მგზავრების მიერ ქვეყნის დატოვებისას შესაძლებელია აეროპორტის გაფრენის დარბაზის პირველ სართულზე და სადაც ნათლად არის მინიშნებები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. „წითელი დერეფანი“ მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“, აღნიშნულის შემდეგ ვიდრე კონკრეტულად საავიაციო უსაფრთხოების შემოწმებისთვის გათვალისწინებულ ზონაში შევა მგზავრი, გაივლის გასასვლელს, სადაც „მწვანე დერეფანზე“ დატანილია შემდეგი წარწერა: „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, მომჩივანს არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით და აგრეთვე საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის განხორციელებამდე.

ამდენად, საბჭოს დადგენილად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვა ვალუტაში 100 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით გატანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა (საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით) მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაკისრებული სანქციის გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას და დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის (სხვა ვალუტაში) გადმოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, უსაფრთხოების კონტროლის პროცედურებისა და შემოწმების დროს მომჩივანს გამოუვლინდა არადეკლარირებული თანხა. გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 50 218.84 ლარის ოდენობით. აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა (საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით) მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაკისრებული სანქციის გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 169 (3).