გადაწყვეტილება №26206/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.01.2026
№ დოკუმენტი 26206/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26206/2/2025

13 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: უსფ „შპს ---“ (ს/ნ ----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება უსფ ,,შპს ---“-ის 24.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26206/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2025 წლის №006-375 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.11.2025 წლის №24864 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 28 351,53 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 17 792,31

დღგ - 18 239,71

მოგების გადასახადი - (-10 020)

საშემოსავლო გადასახადი - 9 572,6

ჯარიმა - 9 219,9

საურავი - 1 339,32

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 24.09.2025 წლის საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 7.07.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2025 წლის №006-375 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.11.2025 წლის №24864 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ საწარმოს მიერ 2022 წლის თებერვლის (დეკლარაციის ნომერი ----) და სექტემბრის (დეკლარაციის ნომერი ----) თვეების დღგ-ის დეკლარაციებით ჩათვლილი აქვს 26 846 ლარის დღგ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დეკლარაციებით ჩათვლილი თანხებიდან 18 241 ლარი შეადგენს 2022 წლამდე პერიოდზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის დღგ-ის თანხას. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72- ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ორივე ოპერაცია რეალურად განხორციელდა და დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მომჩივნის განკარგულებაშია კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია - როგორც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები. პირველ შემთხვევაში, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული ოპერაციის პერიოდი (2021 წლის ნოემბერი) და ფაქტურის გამოწერის თარიღი (2022 წლის 9 მარტი) გარკვეულწილად დამაბნეველი იყო ბუღალტრისთვის. ხოლო მეორე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ჩვეულებრივ ბუღალტრულ შეცდომას. ორივე შემთხვევაში, კომპანია მოქმედებდა კეთილსინდისიერად და ტექნიკური ხასიათის შეცდომა არ იწვევს ბიუჯეტის ინტერესების შელახვას. პირველ შემთხვევაში დოკუმენტურად დასტურდება სრული თანხის ავანსის გადახდის ფაქტი (დანართი №3), რაც წარმოშობს დღგ-ს ჩათვლის უფლებას. ხოლო მეორე შემთხვევაში, ის ნაწილი რომელიც ავანსად გვაქვს გადახდილი ჩათვლილია და სადაო არც არის, ხოლო სხვაობა, რომელ რომელიც გადახდილია 2020 წლის დეკემბერში, ეს დასტურდება საბანკო ქვითრით (დანართი №4). დღგ-ის ჩათვლა განხორციელდა კანონით დადგენილი ვადის - 3 წლის - ფარგლებში. ორივე შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი არ დაზარალებულა, ვინაიდან თანხები რეალურად გადახდილია და მომწოდებლებს შესაბამისი დღგ შეტანილი აქვთ ბიუჯეტში. დღგ-ის ჩათვლის უფლების გაუქმება და დამატებითი ჯარიმების დაკისრება გამოიწვევს ორმაგ დაბეგვრას, რაც ეწინააღმდეგება დღგ-ის, როგორც დამატებული ღირებულების გადასახადის არსს. კომპანიას საანგარიშო პერიოდების განმავლობაში გააჩნდა მნიშვნელოვანი ზედმეტობა - 2021 წელს საშუალოდ 70,000 ლარი, ხოლო 2022 წლის საშუალოდ 49,000 ლარი და ა.შ. (იხილეთ დანართი №5.) ასეთ პირობებში, როდესაც კომპანია არათუ დავალიანებაში არ იყო, არამედ ზედმეტობა ჰქონდა, საურავის დარიცხვა ეწინააღმდეგება თვით საურავის არსს, რომელიც არის სანქცია გადაუხდელობისთვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება, იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი 3 ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით). მომჩივანი აპელირებს ოპერაციების რეალურად განხორციელებაზე, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო არ გამხდარა.

საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

მოცემულ შემთხვევაში კი მომჩივანს 2021 წლის ანგარიშ-ფაქტურები ჩათვლილი აქვს 2022 წელს. აღნიშნული დღგ-ის ჩათვლა მომჩივანს შეეძლო არაუგვიანეს ოპერაციის განხორციელების წლის დეკემბრის თვეში. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 24.09.2025 წლის საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 7.07.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შესაბამისად, 2021 წელი იყო ხანდაზმული პერიოდი.

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება, იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა 2021 წლის ანგარიშ-ფაქტურის 2022 წლის დეკლარაციით ჩათვლასთან მიმართებით დაუსაბუთებელია.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2025 წლის №006-375 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულია

გადასახადი - 28 351,53 ლარი, ჯარიმა - 9 219,9 ლარი და საურავი - 1 339,32 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის ყველა საგადასახადო ვალდებულება შესრულებულია სრულად და დროულად. საგადასახადო ზედმეტობა ადასტურებს მუდმივ გადახდისუნარიანობასა და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. ამ პირობებში, სანქციის დაკისრება არათანაზომიერია და არღვევს სამართლიანი ადმინისტრირების პრინციპს, რაც განმტკიცებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი არათუ არ დაზარალებულა, არამედ ოპერაციები სრულად არის დაფინანსებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანია არათუ დავალიანებაში არ იყო, არამედ პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა ზედმეტობა. საურავის დარიცხვა კი ეწინააღმდეგება თვით საურავის არსს, რომელიც არის სანქცია გადაუხდელობისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საურავის დარიცხვა მოხდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ფიქსირდებოდა ზედმეტობა.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მიერ 2022 წლის თებერვლის და სექტემბრის თვეების დღგ-ის დეკლარაციებით ჩათვლილი აქვს 26 846 ლარის დღგ. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დეკლარაციებით ჩათვლილი თანხებიდან 18 241 ლარი შეადგენს 2022 წლამდე პერიოდზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის დღგ-ის თანხას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ და განესაზღვრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174 (1); 178 (დ); 269 (7).