გადაწყვეტილება №19847/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.09.2023
№ დოკუმენტი 19847/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19847/2/2023

12 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 1.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19847/2/2023).

 

დავის საგანი:

რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და ფიზიკური პირებისგან შესაბამისი პერიოდის შეძენების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ყოველთვიური სხვაობის ჩათვლა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2022 წლის №27429 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №006-481 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8584 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 166 907 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 1 363 062

ჯარიმა - 681 531

საურავი - 122 314

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების ჯართით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 21.02.2022 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით მომჩივანს უფიქსირდება მხოლოდ 83 923 ლარის შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა. საშემოსავლო გადასახადის წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე გაანგარიშებული გადასახადი ნულის ტოლია. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით, განისაზღვრა რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, 1333 მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და შესაბამისი პერიოდის შეძენები ფიზიკური პირებისგან. აღნიშნული დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

ასევე, ზემოაღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშდა მომჩივნის ფულადი სახსრების მოძრაობა და ყოველთვიური სხვაობა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2022 წლის №27429 ბრძანება და 1.11.2022 წლის №006-481 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 17.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8584 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა, ასევე ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებული ყოველთვიური სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში დაფიქსირებული პოზიცია, რომ შავი და ფერადი ლითონების ჯართის რეალიზაცია მიმდინარეობს 25%-იანი რენტაბელობით, ნიშნავს, რომ საწარმოს ყოველ დახარჯულ ერთ ლარზე მიღებული აქვს 25 თეთრი მოგება, რაც დღევანდელი და შესამოწმებელ პერიოდში, არ მომხდარა და წარმოადგენს არარეალურ მოგების განსაზღვრას.

კომპანიის მოთხოვნა მდგომარეობდა შემდეგში, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა და გაეანალიზებინა მესამე პირებისაგან მოპოვებული (გამოეთხოვა ინფორმაცია მსგავსი ან ანალოგიური საწარმოების მონაცემები საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად) მონაცემები და ამის შემდგომ მოეხდინა დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება.

აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას არ ეთანხმება, რადგან კომპანიის მიერ ჯართის შეძენა/რეალიზაციაში 25%-იანი რენტაბელობის დაფიქსირება არის არარეალური, აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. აუდიტის დეპარტამენტს უნდა შეესწავლა და გაეანალიზებინა სხვა გადასახადის გადამხდელის ჯართის შეძენის ფასები, რომლის მონაცემები მათ აქვთ და შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაედგინა ჯართის შეძენის ფასი, რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა კომპანიის მიერ ჯართის შეძენაზე გადახდილი თანხები, ასევე უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, რომ საწარმო ნამდვილად ახდენდა ფიზიკური პირებიდან ჯართის შეძენას, კომპანია ჯართის შეძენას ახორციელებდა იურიდიული პირებიდან და არა ფიზიკური პირებიდან, აქედან გამომდინარე არ ეთანხმება დასაბეგრი თანხის ასეთი მეთოდით გაანგარიშებას და დამატებით დარიცხული თანხები უნდა გაუქმდეს.

შემოწმების აქტში დაფიქსირებულია, რომ საწარმოს მიერ ჯართის შეძენა/რეალიზაციით მიღებული მოგება შეადგენს 25%-ს და ამის შემდგომ გაანგარიშებული მოგება განხილულია როგორც გაცემული ხელფასი და დაიბეგრა 25%-იანი განაკვეთით (საგადასახადო კოდექსით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არის 20%; მაგრამ აუდიტის დეპარტამენტი ხელოვნურად ზრდის აღნიშნულ განაკვეთს) რის შემდგომაც განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის დამატებით დარიცხვა. ხელფასად განხილული თანხის გაანგარიშებას არ ეთანხმება, იმის გამო, რომ 25%-იანი მოგებით კომპანიის მიერ ჯართის რეალიზაცია არ განხორციელებულა, ასევე არ ეთანხმება 25%-იანი განაკვეთით საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს; საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.

ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა შეესწავლა და გაეანალიზებინა მესამე პირებისაგან მოპოვებული (გამოეთხოვა ინფორმაცია მსგავსი ან ანალოგიური საწარმოების მონაცემები საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად) მონაცემები და ამის შემდგომ მოეხდინა დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება, რადგან კომპანიის მიერ ჯართის შეძენა/რეალიზაციაში 25%-იანი რენტაბელობის დაფიქსირება არ არის რეალური. ასევე უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, რომ საწარმო ნამდვილად ახდენდა ფიზიკური პირებიდან ჯართის შეძენას, რადგან კომპანია ჯართის შეძენას ახორციელებდა იურიდიული პირებისგან და არა ფიზიკური პირებისგან. ამასთან, ხელფასად განხილული თანხის გაანგარიშებას არ ეთანხმება, იმის გამო, რომ 25%-იანი მოგებით კომპანიის მიერ ჯართის რეალიზაცია არ განხორციელებულა, ასევე არ ეთანხმება 25%-იანი განაკვეთით საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები უფიქსირდება მხოლოდ 83 923 ლარის ოდენობით. მომჩივანს არ წარუდგენია შემოწმების პროცესში მოთხოვნილი შესყიდვის აქტები, რის გამოც მის მიმართ 30.08.2022 წელს შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით განსაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ანუ ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულად, მათგან შეძენილად მიჩნეული იქნა 75% და აღნიშნული დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. ასევე, ზემოაღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშდა მომჩივნის ფულადი სახსრების მოძრაობა და ყოველთვიური სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რა თქმა უნდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი განაკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და ფიზიკური პირებისგან შესაბამისი პერიოდის შეძენების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ყოველთვიური სხვაობის ჩათვლა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების ჯართით ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით მომჩივანს უფიქსირდება მხოლოდ 83 923 ლარის შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა. საშემოსავლო გადასახადის წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე გაანგარიშებული გადასახადი ნულის ტოლია. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით, განისაზღვრა რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა. არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და შესაბამისი პერიოდის შეძენები ფიზიკური პირებისგან. აღნიშნული დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

ასევე გაანგარიშდა მომჩივნის ფულადი სახსრების მოძრაობა და ყოველთვიური სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8584 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 101(1), 105(1)(2), 1333, 154(1"ა""პ").

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.