გადაწყვეტილება №20275/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.10.2023
№ დოკუმენტი 20275/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20275/2/2023

09 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 17.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20275/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №002-275 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14407 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 433 855 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 844 683

დღგ - 332 463

საშემოსავლო გადასახადი - 512 220

ჯარიმა - 422 115

საურავი - 167 057

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა ავტომობილის ახალი და მეორადი საბურავებით ვაჭრობა (მეორადი საბურავების წილი 65%-ია). კომპანიას აქვს როგორც ადგილობრივი შეძენები, ასევე ახორციელებს საქონლის იმპორტს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 31.05.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33774 ბრძანება და ამავე თარიღის №002-275 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 23.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.06.2023 წლის №14407 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილია ბუღალტრული პროგრამის რეპორტები, საბანკო ამონაწერები და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ადგილობრივ ბაზარზე საქონლის შეძენის დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებში და იმპორტირებული საქონლის ინვოისებში ვერ ხდება შეძენილი საქონლის სახეობრივი გაშიფვრა (ზომის, ხარისხის, ფირმის, სარგებლიანობის დონის მიხედვით) ვინაიდან, შეძენის დოკუმენტებში საქონლის დასახელებაში ძირითადად მითითებულია ზოგადი დასახელება „საბურავი“. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2019 წელს 2%-ს, 2020 წელს 17%-ს, 2021 წელს 28%-ს.

გადამხდელის მიერ წარდგენილი საწყისი და საბოლოო ნაშთების, ასევე შემოწმებით განსაზღვრული შეძენილი სმფ-ების ღირებულების მიხედვით განისაზღვრა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შესამოწმებელი პერიოდის თითოეულ საანგარიშო პერიოდზე. ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა და დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, განისაზღვრა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მეორადი და ახალი საბურავების აუდირებული ფასნამატი 2019-2022 წლებში 34%.

ასევე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.05.2022 წლის №13378 ბრძანების შესაბამისად, კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც დადგინდა ფაქტიური ნაშთი საბაზრო ღირებულებით 708 020 ლარი. გადამხდელის განმარტებით, საინვენტარიზაციო კომისიას არასწორად მიეწოდა პროდუქციის ღირებულებები, რაზეც წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (გაიზარდა) ფაქტობრივი ნაშთის საბაზრო ღირებულება სულ 13 855 ლარით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც გადანაწილდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პერიოდის პროპორციულად.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის რეპორტები, საბანკო ამონაწერები და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ადგილობრივ ბაზარზე საქონლის შეძენის დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებში და იმპორტირებული საქონლის ინვოისებში ვერ ხდება შეძენილი საქონლის სახეობრივი გაშიფვრა (ზომის, ხარისხის, ფირმის, სარგებლიანობის დონის მიხედვით) ვინაიდან, შეძენის დოკუმენტებში საქონლის დასახელებაში ძირითადად მითითებულია ზოგადი დასახელება ,,საბურავი“. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2019 წელს 2%-ს, 2020 წელს 17%-ს, 2021 წელს 28%-ს. გადამხდელის მიერ წარდგენილი საწყისი და საბოლოო ნაშთების, ასევე შემოწმებით განსაზღვრული შეძენილი სმფ-ების ღირებულების მიხედვით განისაზღვრა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შესამოწმებელი პერიოდის თითოეულ საანგარიშო პერიოდზე. ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა და დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ არის გათვალისწინებული დარგობრივი და ბიზნეს საქმიანობის სპეციფიკა. კერძოდ, მეორად საბურავებში თითქმის შეუძლებელია შემოწმების მიერ მოთხოვნილი შეძენილი საქონლის სახეობრივი გაშიფვრა (ზომის, ხარისხის, ფირმის, სარგებლიანობის დონის მიხედვით). ჯერ მხოლოდ სარგებლიანობის დონის შეფასება იმდენად ფართო დიაპაზონს მოიცავს და სუბიექტური გარემოებებითაა განპირობებული, რომ ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მსოფლიო პრაქტიკა არ ითვალისწინებს მეორადი საბურავების ნაწილში საქონლის იდენტიფიცირებულ კლასიფიკაციას და ამიტომაც იმპორტირებული მეორადი საბურავები შემოდის ინვოისებით, სადაც საქონლის დასახელებაში მითითებულია მხოლოდ „საბურავი“.

გაუგებარია, თუ როგორ იქნა დათვლილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების აქტში დაფიქსირებულია, ერთის მხრივ, გადამხდელის მიერ გამოყენებული და მეორეს მხრივ, შემოწმების მიერ გამოყენებული აუდირებული ფასნამატი. გაუგებარია ფაქტიური ფასნამატის დადგენილი შედეგი. ამასთანავე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულების დასადგენად განსაზღვრული ნამეტი მარჟა და მის მიხედვით დამატებით დარიცხული დღგ ჯერადობით მეტია დეკლარირებულ გადასახადზე (ბრუნვის დღგ), მაშინ როდესაც თავად შემოწმება აღიარებს დეკლარირებული ფასნამატს: 2019 წელს 2%-ს, 2020 წელს 17%-ს, 2021 წელს 28%-ს, ხოლო დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის აუდიტის მიერ გამოყენებული იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მეორადი და ახალი საბურავების აუდირებული ფასნამატი 2019-2022 წლებში 34%. ასევე გაუგებარია, ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი საქონლის ფაქტიური ნაშთის საბაზრო ღირებულება. აქტში საერთოდ არ არის განხილული წუნდებული საქონლის საკითხი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ არის გათვალისწინებული დარგობრივი და ბიზნეს საქმიანობის სპეციფიკა. კერძოდ, მეორად საბურავებში თითქმის შეუძლებელია შემოწმების მიერ მოთხოვნილი შეძენილი საქონლის სახეობრივი გაშიფვრა (ზომის, ხარისხის, ფირმის, სარგებლიანობის დონის მიხედვით). ამასთან, შედარებულ იქნა შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულ ბრუნვასთან წლების ჭრილში, განსხვავება იყო ჯერადობით ერთ და იგივე მაჩვენებლით, კერძოდ, აქტით დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა მეტი იყო დეკლარირებულზე 2.52-ჯერ, როდესაც წლების მიხედვით დეკლარირებული მარჟები სხვადასხვაა. შემოსავლების სამსახური საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.05.2022 წლის №13378 ბრძანების შესაბამისად კომპანიაში ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგებზეც აპელირებაა შემოწმების აქტშიც, თუმცა ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ არსებული ნაშთის საბაზრო ღირებულებაზე. დავის მიმდინარე ეტაპზე გამოთხოვილია ინვენტარიზაციის მასალები და ფიქრობს, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი საერთოდ არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი. დანაკლისის გამოვლენა ცვლის ჯარიმების დარიცხვის რეგლამენტსაც, დანაკლისის ფარგლებში გამოვლენილი დამატებითი საგადასახადო ვალდებულება, აღარ არის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი ჯარიმების დაკისრების საფუძველი. ამდენად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულების დასადგენად განსაზღვრული ნამეტი მარჟა და მის მიხედვით დამატებით დარიცხული დღგ ჯერადობით მეტია დეკლარირებულ გადასახადზე, მაშინ როდესაც თავად შემოწმება აღიარებს დეკლარირებული ფასნამატს. ასევე გაუგებარია, ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი საქონლის ფაქტიური ნაშთის საბაზრო ღირებულება და აქტში საერთოდ არ არის განხილული წუნდებული საქონლის საკითხი.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14407 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებითა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით ირკვევა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე სალაროს ფაქტობრივი ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებით შესწავლილია გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. ვინაიდან საწარმოს სალაროს ნაშთი არ გააჩნია, ასევე არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატით გაზრდილი იქნა სარეალიზაციო ფასი, რაც, თავის მხრივ, ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულება გაანგარიშებულია არასწორად. კერძოდ, არასწორად იქნა დადგენილი საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზა, რომელმაც შეადგინა დღგ-ის ჩათვლით ნამეტი შემოსავლის ე.წ. აგროსილი თანხა. რაც არასწორია და მიაჩნია, რომ დაირღვა საშემოსავლო გადასახადის შემოსავლებიდან დაკავების პრინციპი. ნიშანდობლივია, რომ განსახილველ სიტუაციაში (ზოგადად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას) ადგილი არ ჰქონდა კონკრეტულ ვადაში წყაროსთან ხელფასის (სარგებლის) გაცემის ანუ ფაქტიურად გაცემული ანაზღაურების ფაქტს, არამედ არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო ვალდებულების დადგენის მიზნით, პირობითად განსაზღვრულია გადამხდელის ნამეტი შემოსავალი და ასევე პირობითად ნამეტი შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით მიჩნეული იქნა ხელფასად. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი უნდა დაკავდეს ნამეტი შემოსავლის თანხიდან (ნამეტი თანხა X 20%) და არ უნდა მოხდეს დღგ-ის ჩათვლით ნამეტი თანხის გაზრდა 25%-ით (ე.წ. „აგროსვა“) და მიღებული შედეგიდან საშემოსავლო გადასახადის (20%) გაანგარიშება, რაც რეალურად განხორციელდა, შედეგად არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ნამეტ შემოსავალს, გადააჭარბა ასევე პირობით დადგენილმა შესაბამისმა ხელფასის ხარჯმა, რაც ნიშნავს პირობით შემოსავლებსა და შესაბამის ხარჯებს შორის დისბალანსს. თვლის, რომ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი საგადასახადო ვალდებულება ტოლფასი უნდა იყოს იმისა, რაც დაექვემდებარებოდა დეკლარირებას გადამხდელის მხრიდან იდენტური შემოსავლების მიღების შემთხვევაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ არასწორად იქნა დადგენილი საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზა, რომელმაც შეადგინა დღგ-ის ჩათვლით ნამეტი შემოსავლის ე.წ. აგროსილი თანხა. რაც არასწორია და მიაჩნია, რომ დაირღვა საშემოსავლო გადასახადის შემოსავლებიდან დაკავების პრინციპი. ნიშანდობლივია, რომ განსახილველ სიტუაციაში არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო ვალდებულების დადგენის მიზნით, პირობითად განსაზღვრულია გადამხდელის ნამეტი შემოსავალი და ასევე პირობითად ნამეტი შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით მიჩნეული იქნა ხელფასად. შედეგად არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ნამეტ შემოსავალს, გადააჭარბა ასევე პირობითად დადგენილმა შესაბამისმა ხელფასის ხარჯმა, რაც ნიშნავს პირობით შემოსავლებსა და შესაბამის ხარჯებს შორის დისბალანსს. თვლის, რომ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი საგადასახადო ვალდებულება ტოლფასი უნდა იყოს იმისა, რაც დაექვემდებარებოდა დეკლარირებას გადამხდელის მხრიდან იდენტური შემოსავლების მიღების შემთხვევაში.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რის გამოც, შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14407 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14407 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილია ბუღალტრული პროგრამის რეპორტები, საბანკო ამონაწერები და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ადგილობრივ ბაზარზე საქონლის შეძენის დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებში და იმპორტირებული საქონლის ინვოისებში ვერ ხდება შეძენილი საქონლის სახეობრივი გაშიფვრა (ზომის, ხარისხის, ფირმის, სარგებლიანობის დონის მიხედვით). გადამხდელის მიერ წარდგენილი საწყისი და საბოლოო ნაშთების, ასევე შემოწმებით განსაზღვრული შეძენილი სმფ-ების ღირებულების მიხედვით განისაზღვრა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შესამოწმებელი პერიოდის თითოეულ საანგარიშო პერიოდზე. ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა და დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, განისაზღვრა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მეორადი და ახალი საბურავების აუდირებული ფასნამატი 2019-2022 წლებში 34%. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

2. შემოწმებით შესწავლილია გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. ვინაიდან საწარმოს სალაროს ნაშთი არ გააჩნია, ასევე არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14407 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 101(1), 154(1"ა"), 159(1"ა""ბ").

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").