გადაწყვეტილება №22743/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.07.2024
№ დოკუმენტი 22743/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22743/2/2024

16 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22743/2/2024)

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №077-34 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4279 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 367 627,59 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 218 473

დღგ - 135 088

საშემოსავლო გადასახადი - 83 385

ჯარიმა - 109 237

საურავი - 39 917,59

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობის საგანია მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.10.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით შპს --------- გადამხდელად დარეგისტრირდა 8.08.2020 წელს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად კი იმავე წლის 14 დეკემბერს. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია-შეძენები და დადგინდა, რომ საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიან ბრუნვაში 5%-ზე ნაკლებს. ამავდროულად ვერ ხერხდება არსებული დოკუმენტებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს/მიწოდებული საქონლის სარეალიზაციო ფასის და თვითღირებულების დაკავშირება, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გავრცელდა, იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის მქონე გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც შეადგინა 40%.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომმდინარე დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე საგადასახადო კოდექსის 159- ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების პროცესში, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, გაანგარიშდა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმებით დათვლილ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები და სხვა ხარჯები. გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი არანაირი ინფორმაცია, ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება და კომპანიას საქმიანობა არ უფიქსირდება ბოლო თვეების მანძილზე.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.09.2023 წლის №22461 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც გადამხდელს არ გააჩნია სალარო და არც ნაღდი ფულის ნაშთი. შედეგად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, კერძოდ, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №077-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4279 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი, ვერ ხდება შესრულებული სამუშაოს/მიწოდებული საქონლის სარეალიზაციო ფასის და თვითღირებულების დაკავშირება, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რეალიზაციაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაანგარიშებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა, მიღებული/მისაღები შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

დგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმებას ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი, თუმცა დარიცხვა არ არის სწორი, რადგან კომუნიკაციის არ ქონის მიზეზით, შემოწმებას არ გააჩნდა ინფორმაცია პროდუქციის კალკულაციებთან, ფასნამატებთან და სხვადასხვა ხარჯებთან დაკავშირებით. მომჩივანი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა წარმოადგინოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამა და კალკულაციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საბჭო მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი, ვერ ხდება შესრულებული სამუშაოს/მიწოდებული საქონლის სარეალიზაციო ფასის და თვითღირებულების დაკავშირება, ამასთან, საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი ბრუნვის 5%-ზე ნაკლებს.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოწმების დანიშვნის დღიდან, მუდმივად იყო საწარმოს ან მის კანონიერ წარმომადგენელთან დაკავშირების მცდელობა. პირი არ პასუხობდა სატელეფონო ზარს, არ ხსნიდა ავტორიზებულ ვებგვერდზე გაგზავნილ შეტყობინებას და საწარმოს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტას. ამასთანავე, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22461 ბრძანება სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, თუმცა ვერ მოხერხდა იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება. ამის შემდეგ, შემოწმების მხრიდან სასამართლოს გზით გამოთხოვილ იქნა საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია.

ამგვარად, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები, სრულად არ არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, მართლზომიერია. ასევე, მართლზომიერია სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

ვინაიდან, მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე ინფორმაციას/მტკიცებულებას, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის საგანია მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებით ვაჭრობა. დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია-შეძენები და დადგინდა, რომ საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიან ბრუნვაში 5%-ზე ნაკლებს. ამავდროულად ვერ ხერხდება არსებული დოკუმენტებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს/მიწოდებული საქონლის სარეალიზაციო ფასის და თვითღირებულების დაკავშირება, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გავრცელდა, იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის მქონე გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც შეადგინა 40%. დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც გადამხდელს არ გააჩნია სალარო და არც ნაღდი ფულის ნაშთი. შედეგად, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, კერძოდ, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

73(5,9);159(1):160;161(1);163(1);164(1);101(1);154(1)