ბრძანება N 23888
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23888
11 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 19 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 და 24 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №112; ოქმი №114) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 19 სექტემბრის №92013/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №007-225 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და აცხადებს, რომ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული ჩანაწერები ნაწარმოებია სააღრიცხვო პროგრამა ორისში, აღრიცხულია ყველა სამეურნეო ოპერაცია, სასაქონლომატერიალური მარაგების მიღება ასახულია დოკუმენტების, ხოლო მისი გასვლა და ჩამოწერა პერიოდების მიხედვით, აღრიცხულია ყველა შემოსავალი და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, მოთხოვნა და ვალდებულება, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტაციით სრულად შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნავს, რომ გადამხდელისთვის მიყენებული ფასნამატი 58,6 არ შეესაბამება რეალურ ფასნამატს, რადგან ბუღალტრული ჩანაწერებით ფასნამატი არ აღემატება 10 %-ს. ამასთან, გადამხდელი ადასტურებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგები, რომელიც ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით შეადგენს 421 134 ლარს, ასევე არ გააჩნია სალაროს ნაშთი, რომელიც ბუღალტრულად შეადგენს 160 700 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს დასაბეგრ ობიექტად განხილულ იქნას მხოლოდ დანაკლისი ბუღალტრული ჩანაწერებით განსაზღვრული ფასნამატის გამოყენებით, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზად გამოყენებულ იქნას მხოლოდ სალაროს ნაშთი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №14418 და 14 აგვისტოს №18802 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 27 თებერვლიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 29 ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 14 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 16 აგვისტოს №18926 ბრძანება და ამავე თარიღის №007-225 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 063 623 ლარი, მათ შორის, გადასახადი 672 066 ლარი, ჯარიმა 336 033 ლარი და საურავი 55 524 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით. საწარმოს მხრიდან განხორციელდა ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესახებ ინფორმაციის წერილობით მოწოდება, სადაც აფიქსირებდა ნულოვან ნაშთს, თუმცა შემდგომ მოწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაში ნაშთად აფიქსირებს 421 133.85 ლარის ღირებულების საქონელს. სალაროში ფულის ნაშთად დაფიქსირებულია 160 699.57 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინიშნა შპს „----------“ კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის კონტროლის ღონისძიებები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ივლისის №17595 ბრძანების საფუძველზე გამოვლინდა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა ნულის ტოლია. გადამხდელს 2024 წლიდან საქმიანობა აღარ უფიქსირდება. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას სტანდარტებით დადგენილი წესით, ვერ ხდება ოპერაციის დაწყება დასრულებაზე კონტროლი, წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში მონაცემები აღრიცხულია არასრულყოფილად. გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია ფიზიკურ პირებზე, თუმცა მცირე, არაარსებითი რაოდენობით. ამავდროულად, ვერ იშიფრება დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ტიპი და შესყიდვის ფასი (არსებობს ერთი და იგივე დასახელების პროდუქტი განსხვავებული ფასით როგორც შეძენაში, ისე რეალიზაციაში), შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატის დადგენა შეუძლებელია. შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილი და პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების დადგენის მიზნით, შემოწმების ეტაპზე გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ხოლო, შემოწმებით გამოვლენილი ფულის განკარგვადი ნაშთი 2 002 011 ლარის ოდენობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ხდება ოპერაციის დაწყება დასრულებაზე კონტროლი, წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში მონაცემები აღრიცხულია არასრულყოფილად. გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოწმებით ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია ფიზიკურ პირებზე, თუმცა მცირე, არაარსებითი რაოდენობით. ამავდროულად, ვერ იშიფრება დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ტიპი და შესყიდვის ფასი (არსებობს ერთი და იგივე დასახელების პროდუქტი განსხვავებული ფასით როგორც შეძენაში, ისე რეალიზაციაში), შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატის დადგენა შეუძლებელია. შემოსავლების დადგენის მიზნით, შემოწმების ეტაპზე გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატები, რის შედეგადაც გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი ფულის განკარგვადი ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია ფიზიკურ პირებზე, თუმცა მცირე, არაარსებითი რაოდენობით. ამავდროულად, ვერ იშიფრება დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ტიპი და შესყიდვის ფასი (არსებობს ერთი და იგივე დასახელების პროდუქტი განსხვავებული ფასით როგორც შეძენაში, ისე რეალიზაციაში), შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატის დადგენა შეუძლებელია. შემოსავლების დადგენის მიზნით, შემოწმების ეტაპზე გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატები, რის შედეგადაც გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი ფულის განკარგვადი ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.