ბრძანება N 3987

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2025
№ დოკუმენტი 3987
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3987

07 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 13 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვალს გამართულ ხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ ---------) №94163/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 დეკემბრის №001-227 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ კომპანიას გააჩნია საბანკო ამონაწერები, რომლებიც წარდგენილი იყო შემოწმებისათვის და აღნიშნული დოკუმენტებით სრულად დგინდება ფინანსური სახსრების მოძრაობა და დაბეგვრის ობიექტი. ერთადერთი დოკუმენტი, რისი წარდგენაც გადამხდელმა ვერ შეძლო, არის საქონლის რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულება ან სასაქონლო ზედნადები. მიზეზად ასახელებს იმას, რომ კომპანიის კუთვნილი საქონლის რეალიზაცია მოხდა შემდგომი გადახდის პირობით, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ადგილობრივ ბაზარზე მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრე ვინმე --------სთან, რომელმაც საქონელი ისე წაიღო საწყობიდან, რომ კომპანიის დირექტორი არც კი იყო ინფორმირებული ამის შესახებ. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ ---------მ აღიარა კომპანიის კუთვნილი საქონლის დარიგება ვაგზალზე მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრე ფიზიკურ პირებთან და დაპირდა დირექტორს საქონლის ღირებულების აგროვებას და გადახდას. ვერ მოხდა შეთანხმების წერილობით გაფორმება (კონსიგნაციის ხელშეკრულება და საქონლის მიღება-ჩაბარება) ვინაიდან იგი საქართველოდან იყო გასული. ამის შემდეგ კომპანიამ აღიარა საქონლის მიწოდება და დაბეგრა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. გადამხდელის თქმით, ის ფასი, რა ფასადაც მოახდინა რეალიზაციის აღიარება, რეალურ საბაზრო ფასზე მაღალი ფასია. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს რომ საკითხი არ არის სრულყოფილად შესწავლილი, ვინაიდან შემოწმებამ მხედველობაში არ მიიღო იმპორტირებული საქონლის ხარისხი და მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი აქტი, სადაც იგი აღიარებს სარეალიზაციოდ უვარგისი საქონლის გამოგზავნას და არ ითხოვს გამოგზავნილი საქონლის ღირებულების ანაზღაურებას. არამართლზომიერად მიიჩნევს იმდაგვარი საქონლით მოვაჭრე სხვა კომპანიის ფასნამატის გავრცელებას. აქედან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკორექტირდეს მის მიერ დეკლარაციით აღიარებული მიწოდების ფასი, ვინაიდან წარმოადგენს რეალურ გაცხადებულ საბაზრო ფასს არა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ შემოწმება უნდა დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს, ვინაიდან დირექტორს არანაირი სარგებელი არ მიუღია კომპანიისაგან, პირიქით, მას საკუთარი თანხები ჰქონდა შეტანილი საწარმოში, რაც დასტურდება შესაბამისი საბანკო ამონაწერებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

მომჩივანი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15616 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“ (ს/ნ --------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 8 აპრილიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 2 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 დეკემბერს გამოსცა №26379 ბრძანება და №001-227 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 79 743 ლარი, მათ შორის, გადასახადი 48 412 ლარი, ჯარიმა 24 206 ლარი და საურავი 7 125 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია. 2022 წლის ნოემბერში ერთჯერადად განახორციელა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი ----------. კომპანიას არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება, ასევე არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები და რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვა. საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბლოსათვის არ გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი საშუალებების ფაქტობრივი ნაშთი. საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და ვინაიდან მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატი. ზემოაღნიშნულის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არ აქვს ნაღდი ფულადი საშუალებების ნაშთი. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილული საქონლიდან (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით) მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა (საწარმოში დამფუძნებლის მიერ შეტანილი კაპიტალის გამოკლებით) და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღნიშნულის შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები და რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვა, ხოლო საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.

რაც შეეხება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შესპირისპირებით გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია. კომპანიას არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება, ასევე არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები და რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვა.შემოწმებამ, საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

2.შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არ აქვს ნაღდი ფულადი საშუალებების ნაშთი. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილული საქონლიდან (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით) მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა (საწარმოში დამფუძნებლის მიერ შეტანილი კაპიტალის გამოკლებით) და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);101(1);154(1)