გადაწყვეტილება №27802/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.10.2026
№ დოკუმენტი 27802/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27802/2/2026

07 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 14.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27802/2/2026).

 

დავის საგანი:

რეალიზებული ავტომანქანებზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი მოგების მარჟის გავრცელების შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2026 წლის №024-30 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14641 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 332 562.9 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 206 685

ჯარიმა - 103 342

საურავი - 22 535.9

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტომობილების შეძენა-რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.10.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს რიგ შემთხვევებში უფიქსირდება ავტომობილების რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებული მოგების მარჟა ნაკლებია, როგორც თავად გადასახადის გადამხდელის, ასევე, მსგავსი საქმიანობის აუდირებულ მონაცემებზე, რასთან დაკავშირებითაც მისი მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი სათანადო დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დებულებათა შესაბამისად და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. აუდიტის დეპარტამენტის ხელთარსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.05.2026 წლის №11647 ბრძანება და №024-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14641 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილით, 73-ე მუხლის მე5 ნაწილით, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ავტომანქანების რეალიზაციის შედეგად საწარმოს მიღებული აქვს 19 100 413 ლარის შემოსავალი. შემოსავალი მიღებულია 158 ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად, თუმცა რიგ შემთხვევებში, კერძოდ 31 ავტომანქანის რეალიზაციის შემთხვევაში ავტომობილების რეალიზაცია მოხდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებული მოგების მარჟა ნაკლებია, როგორც თავად გადამხდელის ასევე მსგავსი საქმიანობის აუდირებულ მონაცემებზე. აღნიშნული ფაქტის რელევანტურობასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი სათანადო დამადასტურებელი მტკიცებულებები. ვინაიდან გადამხდელის სიტყვიერი განმარტებით ზარალიანი რეალიზაციები და დაბალი მარჟით გაყიდვები გამოწვეულია ავტომობილების დაზიანებით, თუმცა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გადამხდელისთვის ცნობილია ავტომობილების შეძენის მომენტშიც. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ანგარიშსწორებები განხორციელებული აქვს ძირითადად სალაროს მეშვეობით ნაღდი ანგარიშსწორებით, უფიქსირდება 3 631 775 ლარის კრედიტორული დავალიანება, გაცემული ხელფასი შეადგენს მხოლოდ 59 381 ლარს, ბიუჯეტში გადახდილი აქვს 26 663 ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული აქვს 339 288 ლარი, დივიდენდი გაცემული არ აქვს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ავტომანქანების მოგების მარჟის განსაზღვრა და რეალიზებული ავტომანქანების შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ პირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების დადგენა შეუძლებელია. მოსარჩელეს გააჩნია სრულყოფილი ბუღალტრული დოკუმენტაცია (ინვოისები, საბანკო ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები), რომელიც ასახავს რეალურ ეკონომიკურ ოპერაციებს. საგადასახადო ორგანომ არ დაასაბუთა, თუ რა საფუძვლით მიიჩნია აღნიშნული დოკუმენტაცია არასანდოდ .

აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული „საშუალო სტატისტიკური მარჟა“ ეწინააღმდეგება სამეწარმეო საქმიანობის რეალობას. ავტომობილი არის ინდივიდუალური მახასიათებლების მქონე ნივთი (VIN-კოდი, ტექნიკური მდგომარეობა, დაზიანებები). საგადასახადო ორგანოს არ ჩაუტარებია თითოეული ავტომობილის ინდივიდუალური კვლევა, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები (ადმინისტრაციული წარმოებისას საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა).

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ხელფასი არის დაქირავებით მომუშავის მიერ შრომითი ურთიერთობით მიღებული შემოსავალი. საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება (შრომითი ხელშეკრულება, დარიცხვის უწყისი, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიამ დირექტორს მიაწოდა რაიმე სახის დამატებითი სარგებელი. სამეწარმეო რისკის შედეგად მიღებული შემოსავლის ხელფასად მონათვლა არის სამართლებრივი საფუძვლის არმქონე თვითნებური ქმედება. საგადასახადო ორგანო ორიენტირებულია ზიანი მიაყენოს კომპანიას, რომელსაც არ დაურღვევია კანონი.

რაც შეეხება კომპანიის საქმიანობის სფეროს, იგი მდგომარეობს შემდეგში: შპს „-------“ თანამშრომლობს უცხოურ კონტრაგენტებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ავტომობილების ტრანსპორტირებას სხვადასხვა ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ კომპანია უშუალოდ არ ახდენს ავტომობილების შესყიდვას (ფასის გადახდას) ან მათ ტრანსპორტირებას. იგი ახორციელებს უკვე ჩამოყვანილი ავტომობილების რეალიზაციას, რა დროსაც თითოეულ ერთეულზე ზედნადების სახით ემატება ფიქსირებული მინიმალური მარჟა. აღნიშნული სტრატეგია მიმართულია ავტომობილების სწრაფი და ეფექტური გასხვისებისაკენ, რაც ბიზნეს-მოდელის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს.

საწარმოს ბალანსზე/საკუთრებაში არ ირიცხება და არც არასდროს გაუსხვისებია შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები: Mercedes (0001839), Mercedes-Benz (002042), BMW X (68811), Toyota Prado (022781), Mazda CX-5 (90452157), BMW X5 (17856), მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შპს „-------“-ის სიაში შეტანა მოხდა ტექნიკური ან სხვა სახის შეცდომით.

ითხოვს გადამოწმდეს აღნიშნული მონაცემები, მოხდეს მათი კორექტირება და ჩამოიწეროს ჩამოთვლილ ავტომობილებთან დაკავშირებული ყველა სახის დარიცხვა თუ ჯარიმა კომპანიის ანგარიშიდან.

საგადასახადო ვალდებულების გონივრულად და სამართლიანად განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების კანონშესაბამისად გამოყენებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ეს მუხლი ეხება ყველა სახის გადასახადს, მათ შორის დღგ-ს, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას და საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მხოლოდ ამ ნორმითა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, გადასახადი დაარიცხოს მის ხელთარსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით, რაც შპს ------- მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულვებელყო საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილ ფარგლებში მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია ბუღალტრული აღრიცხვის არასათანადოდ წარმოების დასადგენად იხელმძღვანელოს საწარმოში არსებული მასალებისა თუ მოპოვებული ნებისმიერი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მაგრამ ამგვარი დასკვნის გაკეთება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს და მხოლოდ გაურკვეველი სახის ჩანაწერების მხედველობაში მიღებით, არ შეესაბამება საგადასახადო კონტროლის მიზნებს. საწარმოში არსებული ამა თუ იმ სახის ჩანაწერი, რომელიც იძლევა საწარმოს შემოსავლის ან ხარჯის დადგენის შესაძლებლობას, განხილულ უნდა იქნეს სხვა უტყუარ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რათა საგადასახადო კონტროლის მიზნით სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული საწარმოს მიერ წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის სისწორე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მეტიც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა და გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, ასევე მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რათა გაუმართლებლად არ შეილახოს პირის უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებაზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად იქნა წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც სრულად ასახავს ფაქტობრივ შემოსავლებსა და ხარჯებს და იძლევა დაბეგვრის ობიექტის ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპების დარღვევის ან დოკუმენტაციის არარსებობის ფაქტი, შესაბამისად, სადავო შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება იყო დაუსაბუთებელი და სამართლებრივი საფუძვლის არმქონე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და შემდგომში განხორციელებული ცვლილებებით დამატებულ ქვეპუნქტების მიხედვით, თუ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით ან საერთოდ არ ახორციელებს მას, ან სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან/და განადგურებულია, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, მაშინ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის ოდენობის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს არსებული მასალების საფუძველზე შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე). აღნიშნული მეთოდების გამოყენება დასაშვებია, თუ სახეზეა ერთზე მეტი ნებისმიერი პირობა: ა) პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან არ ახორციელებს მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით; ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან განადგურებულია; გ) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; დ) პირის დასაბეგრი შემოსავალი ან/და ოპერაციის მოცულობა ან/და ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლება საგადასახადო პერიოდების მიხედვით; ე) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ვ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა ან/და არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და ამ ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

მოპასუხემ არაპირდაპირი მეთოდით გაიანგარიშა დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო რეალიზაციიდან მიღებული სხვაობა დააკვალიფიცირა, როგორც დირექტორის სახელფასო შემოსავალი. არაპირდაპირი მეთოდი გამოიყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ მხოლოდ მაშინ, თუ პირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების დადგენა შეუძლებელია. შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად იქნა წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია (ინვოისები, საბანკო ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები), რომელიც სრულად ასახავს ფაქტობრივ შემოსავლებსა და ხარჯებს და იძლევა დაბეგვრის ობიექტის ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობას. საგადასახადო ორგანომ არ დაასაბუთა, თუ რა საფუძვლით მიიჩნია აღნიშნული დოკუმენტაცია არასანდოდ, შესაბამისად, სადავო შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება იყო დაუსაბუთებელი და სამართლებრივი საფუძვლის არმქონე. აუდიტის მიერ გამოყენებული „საშუალო სტატისტიკური მარჟა“ ეწინააღმდეგება სამეწარმეო საქმიანობის რეალობას. ავტომობილი არის ინდივიდუალური მახასიათებლების მქონე ნივთი (VIN-კოდი, ტექნიკური მდგომარეობა, დაზიანებები მოცემულ საჩივარს სრულად ვურთავთ დოკუმენტაციას თუ რა სახის დაზიანებები გაჩნდა ავტომობილებს და შესაბამისად მათი გასხვისება რა მომხდარა საბაზრო ფასზე დაბლა). საგადასახადო ორგანოს არ ჩაუტარებია თითოეული ავტომობილის ინდივიდუალური კვლევა, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები, რომლებიც ადმინისტრაციული წარმოებისას საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას მოითხოვს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ხელფასი არის დაქირავებით მომუშავის მიერ შრომითი ურთიერთობით მიღებული შემოსავალი. საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება (შრომითი ხელშეკრულება, დარიცხვის უწყისი, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიამ დირექტორს მიაწოდა რაიმე სახის დამატებითი სარგებელი. სამეწარმეო რისკის შედეგად მიღებული შემოსავლის ხელფასად მონათვლა არის სამართლებრივი საფუძვლის არმქონე თვითნებური ქმედება, რომელიც მიმართულია კანონის დაურღვეველი კომპანიის საზიანოდ. კომპანია თანამშრომლობს უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც ახდენენ ავტომობილების ტრანსპორტირებას სხვადასხვა ქვეყნებიდან და თავად ახორციელებენ ავტომობილების ჩამოყვანას. საგადასახადო ვალდებულების გონივრულად და სამართლიანად განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების კანონშესაბამისად გამოყენებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს გარემოება უგულვებელყო. საგადასახადო კოდექსითა და ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილ ფარგლებში, მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია დასკვნა დააფუძნოს უტყუარ მტკიცებულებებზე და არა მხოლოდ გაურკვეველი სახის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს რიგ შემთხვევებში უფიქსირდება ავტომობილების რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებული მოგების მარჟა ნაკლებია, როგორც თავად გადასახადის გადამხდელის, ასევე, მსგავსი საქმიანობის აუდირებულ მონაცემებზე, რასთან დაკავშირებითაც მისი მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი სათანადო დამადასტურებელი მტკიცებულებები. საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდით. აუდიტის დეპარტამენტის ხელთარსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის 7.09.2026 წლის №84712-21-14 წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს „-------“-ის ბალანსზე/საკუთრებაში არ ირიცხება და არც არასდროს გაუსხვისებია შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები: Mercedes (0001839); Mercedesbenz (002042); BMW X (68811); Toyota Prado (022781); Mazda CX-5 (90452157); BMW X5 (17856) და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შპს „-------“-ის რეალიზაციის სიაში შეტანა მოხდა ტექნიკური ან სხვა სახის შეცდომით. ასევე, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა, ამონაწერები საბუღალტრო პროგრამიდან და მის მიერ წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენისა და რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (ინვოისები, შსს-ს მიერ გაფორმებული რეალიზაციის ხელშეკრულებები). ამასთან, შემოწმებისას არ მომხდარა რაიმე სახით ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებული ავტომანქანების რაოდენობის შემცირება ან გაზრდა, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ბუღალტრულად ირიცხებოდა შპს „-------“-ის ბალანსზე, როგორც სასაქონლომატერიალური მარაგები და ასევე ჩამოწერილი იყო, როგორც გაყიდული საქონლის თვითღირებულება. ამასთან, ზემოაღნიშნული ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილია გაფორმებული ინვოისები. სადაც შემძენად ფიქსირდება შპს „-------“, ხოლო რეალიზაციასთან დაკავშირებით წარდგენილია შსს-ს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც გამყიდველად ფიქსირდება ასევე შპს „-------“.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, მან, როგორც საჩივარში, ზოგადად ისაუბრა და ვერ წარმოადგინა საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტების გამაბათილებელი, სათანადო ინფორმაცია ან შესაბამისი მტკიცებულებები, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმებისას რეალიზებულ ავტომანქანებზე დადგენილი მოგების მარჟის გავრცელების შესახებ მართებულია. შედეგად, მიღებული დასაბეგრი შემოსავლის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.