ბრძანება N 12398

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.05.2024
№ დოკუმენტი 12398
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12398

28 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------,იურ. მის.: ----------)

2024 წლის პირველი მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის პირველი მაისის №89493/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 აპრილის №047-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, შემოწმებით დადგენილ 31%-იან ფასნამატს და მიუთითებს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფასნამატზე 27.66%%-ზე. აცხადებს, რომ 2017 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილი, რომელთა ჩამოწერაც განხორციელდა. განმარტავს, რომ ხანძრის შედეგად ვიზუალურად გადარჩენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები აღმოჩნდა სარეალიზაციოდ უვარგისი, რაც შემოწმების პერიოდში განხილულ იქნა დანაკლისად, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია დარიცხვაზე. ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3470 და 29 მარტის №6869 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 29 თებერვლამდე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 აპრილის №7828 ბრძანება და ამავე თარიღის №047-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 130 610 ლარი, მათ შორის, გადასახადი 76 054 ლარი, ჯარიმა 36 834 ლარი და საურავი 17 722 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

· ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვენტილატორებითა და ელექტრო ინვენტარით ვაჭრობა. მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 11 ოქტომბრიდან. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. მის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 18%-ს. 2024 წლის 28 იანვარს ჩატარებულ იქნა ინვენტარიზაცია, ხოლო ამავე წლის 25 მარტს საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რის შედეგადაც ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 31%. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73- ე მუხლების შესაბამისად და ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მოხდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, შემოწმების მიერ გამოყვანილ იქნა დოკუმენტური საშუალო ფასნამატი, გათვალისწინებულ იქნა ასევე ინვენტარიზაციის, საკონტროლო შესყიდვისა და ფასების ფიქსაციის მასალები (რომელიც თანხვედრაშია დოკუმენტურ ფასნამატთან). შემოწმების მიერ დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საქონლის სახეობების (ჯგუფების) მიხედვით. მთლიანი შეძენის ხვედრითი წილის პროპორციულად დადგინდა შესაბამისი დოკუმენტური ფასანამატი. ასევე, დაკორექტირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და შემცირდა 174 ლარით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, მიღებული სხვაობებით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დარიცხულ იქნა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

· შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ვერ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან, გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, 2024 წლის 28 იანვარს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიხედვით დაითვალა ფაქტობრივი ნაშთი, ასევე, თითოეულ აღწერილ საქონელზე მოხდა თვითღირებულების და საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლინდა, თუმცა აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (01.02.2024-მდე), რომელმაც დღგ-ის გარეშე შეადგინა 388 580 ლარი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში წარმოდგენილი და ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთების გათვალისწინებით მოხდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა, რომელზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, რის საფუძველზეც დათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, გაიზარდა 2021- 2022 წლების ერთობლივი შემოსავალი, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს, 2021- 2022 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გამოქვითული აქვს ხარჯები, რომელთა გახარჯვის მიზნობრიობა დოკუმენტურად ვერ იქნა დადასტურებული. შედეგად, შემოწმებით შემცირდა გამოსაქვითი ხარჯი. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება, ხოლო 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ ამავე მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ აღნიშნული მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კარის მიზნებისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი ან სარგებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამასთან, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ვერ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან, გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. 2024 წლის 28 იანვარს და 25 მარტს ჩატარებულ იქნა სმფ-ების ინვენტარიზაცია, საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რის შედეგადაც განსაზღვრულმა ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 31%. ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მიხედვით დათვლილ იქნა ფაქტობრივი ნაშთი, ინვენტარიზაციის შედეგად შემოწმებით დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლინდა. გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში წარმოდგენილი და ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, რის საფუძველზეც გაანგარიშდა პირის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ხანძრის შედეგად ვიზუალურად გადარჩენილი და სარეალიზაციოდ უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შემოწმების პერიოდში დანაკლისად განხილვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებაზე, რომ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად შემოწმებით დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლენილა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მხოლოდ ერთი დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ განცხადების რეგისტრაცია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გავრცელება და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, შემოწმებით დადგენილ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ვერ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან, გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. 2024 წლის 28 იანვარს და 25 მარტს ჩატარებულ იქნა სმფ-ების ინვენტარიზაცია, საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რის შედეგადაც განსაზღვრულმა ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 31%. ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მიხედვით დათვლილ იქნა ფაქტობრივი ნაშთი, ინვენტარიზაციის შედეგად შემოწმებით დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლინდა. გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში წარმოდგენილი და ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, რის საფუძველზეც გაანგარიშდა პირის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 102; 159; 275.