ბძანება N 10059

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2025
№ დოკუმენტი 10059
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10059

19 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------------ს“ (ს/ნ ----------------)

(მის.: -------------------------------------)

2025 წლის 28 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „-------------ს“ (ს/ნ ----------------) 2025 წლის 28 აპრილის №95322/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №006-88 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ შემმოწმებელს არ ჰქონია კომპანიასთან სათანადო კომუნიკაცია, რათა სრულად მიეწოდებინათ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, ნაშთად რიცხული ქარხნულად წუნდებული ავტონაწილების შესახებ, რომელთა რეალიზაცია იყო შეუძლებელი და შესაბამისად, მითითებული გარემოება გათვალისწინებულ უნდა იქნას გადასახადების გაანგარიშებისას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1705 და 31 მარტის №5961 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------------ს“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 6 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 4 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 10 აპრილის №6857 ბრძანება და ამავე თარიღის №006-88 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 439 554 ლარი, მათ შორის, გადასახადი 256 726 ლარი, ჯარიმა 128 366 ლარი და საურავი 54 462 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტომობილების საქარე მინებით ვაჭრობა, კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდებში იმპორტირებული აქვს სმფ-ები ძირითადად -----დან, ხოლო 2022 წლიდან რეალიზებულია ნაშთად რიცხული საქონელი და უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენები აღარ უფიქსირდება. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, საწყისი სმფ-ების, რეალიზაციების და შეძენების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 6 თებერვლის №1801 ბრძანების საფუძველზე სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას 2025 წლის 6 თებერვლის თარიღისათვის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი არ გააჩნია.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები (მიღებული შემოსავალი) განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, ხოლო მიღებული შემოსავალი შესამოწმებელი პერიოდების პროპორციულად იქნა განაწილებული, რის გამოც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

. შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოს მიერ მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლები, შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებებების, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის ელექტრონული დოკუმენტაცია, საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობა, ასევე, სალარო აპარატში დაფიქსირებული ბრუნვები. რის საფუძველზეც დადგინდა, რომ კომპანიის სალარო აპარატით დაფიქსირებული ბრუნვებისა და საბანკო ანგარიშებზე რეალიზაციის ფარგლებში მიღებული შემოსავლები ჯამური ოდენობები მცირედით აღემატება დეკლარირებულ ბრუნვებს. ვინაიდან კომპანიას არ წარმოუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ასევე, არაა წარმოდგენილი ცნობები დებიტორ-კრედიტორების შესახებ, შემოწმებამ იხელძღვანელა მის ხელთ არსებული ინფორმაციით და დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვები განსაზღვრა სალარო აპარატებში დაფიქსირებული ბრუნვებისა და საბანკო ანგარიშებზე რეალიზაციის ფარგლებში ჩამორიცხული თანხების საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო მ/წლის 7 მაისს, 13:40 საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე. ამასთან, არ ყოფილა წარმოდგენილი განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:

ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდებამდე იმპორტირებული აქვს საქონელი, შესამოწმებელ პერიოდში კი კომპანიას შეძენები აღარ უფიქსირდება, 2022 წლიდან რეალიზებულია ნაშთად რიცხული საქონელი. ხოლო ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანიას 2025 წლის 6 თებერვლის თარიღისათვის სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთი არ გააჩნია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, ხოლო მიღებული შემოსავალი შესამოწმებელი პერიოდების პროპორციულად იქნა განაწილებული. ამასთან, ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი (დებიტორ-კრედიტორული დავალიანებებების და ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით) ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, გამოვლინდა სხვაობები კომპანიის სალარო აპარატით დაფიქსირებული ბრუნვებისა და საბანკო ანგარიშებზე რეალიზაციის ფარგლებში მიღებული შემოსავლების ოდენობებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის, რაც დამატებით დაიბეგრა დღგ-ით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------------ს“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1705 და №5961 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 6 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №6857 ბრძანება და №006-88 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 439 554 ლარი, მათ შორის, გადასახადი 256 726 ლარი, ჯარიმა 128 366 ლარი და საურავი 54 462 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დინდება,რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდებამდე იმპორტირებული აქვს საქონელი, შესამოწმებელ პერიოდში კი კომპანიას შეძენები აღარ უფიქსირდება, 2022 წლიდან რეალიზებულია ნაშთად რიცხული საქონელი. ხოლო ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანიას 2025 წლის 6 თებერვლის თარიღისათვის სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთი არ გააჩნია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, ხოლო მიღებული შემოსავალი შესამოწმებელი პერიოდების პროპორციულად იქნა განაწილებული. ამასთან, ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი (დებიტორ-კრედიტორული დავალიანებებების და ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით) ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, გამოვლინდა სხვაობები კომპანიის სალარო აპარატით დაფიქსირებული ბრუნვებისა და საბანკო ანგარიშებზე რეალიზაციის ფარგლებში მიღებული შემოსავლების ოდენობებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის, რაც დამატებით დაიბეგრა დღგ-ით.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ 9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ .2 „ა“ და „ბ“.3 „ა“); 164(1); 168(1);