ბრძანება N 3344

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.02.2024
№ დოკუმენტი 3344
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3344

19 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 24 იანვრის №87097/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №002-305 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ის დარიცხვას. განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობის სახეა ნიგოზით ვაჭრობა, გადასახადის გადამხდელი ძირითადად იმპორტს ახორციელებს ----------. აღნიშნავს, რომ საწარმო შესყიდული საქონლის ღირებულების გადახდას არ ახორციელებს საბანკო სისტემის მეშვეობით გამყიდველის მოთხოვნით (ხორციელდება გამყიდველისთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით), თუმცა მუდმივად დგება შედარების აქტები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის კანონიერი მოთხოვნის პასუხად გაგზავნილ შედარების აქტში გაიპარა ხარვეზი, კონკრეტულად თარიღი არ იყო სწორად მითითებული და ამის გამო გაჩნდა ჩანაწერი „----------“ გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობის შესახებ, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით უზუსტობის გასწორებას. მიუთითებს, რომ შემოწმების დროს აღნიშნული დავალიანება არ არსებობდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების აუცილებლობა არ იყო, კომპანია აწარმოებს უწყვეტ ბუღალტრულ აღრიცხვას და პროგრამის ასლი მიეწოდა შემმოწმებლებს. მიუთითებს, რომ ამ პოზიციის მართებულობას ადასტურებს მონაცემები, რომელიც ატვირთულია გადამხდელის გვერდზე შემოსავლების სამსახურში. აცხადებს, რომ დეტალური განხილვისას წარმოადგენს მტკიცებულებებს. გადასახადის გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ წონის ბუნებრივ დანაკარგს აქვს ადგილი, უცხოური გამოცდილება და მოპოვებული მასალები ცხადყოფს რომ 2-2.2% დანაკარგი აბსოლუტურად მისაღებია ასეთი სახის პროდუქციისთვის. აღნიშნავს, რომ საწარმომ განახორციელა 2023 წლის 16 ოქტომბრამდე 969 530 კგ ნიგოზის რეალიზაცია და დაფიქსირებული დანაკლისი წარმოადგენს 0.62%-ს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანების №32873 და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნის №002-305 გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აგვისტოს №19757 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №32873 ბრძანება და ამავე თარიღის №002-305 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 19 913 ლარი, მათ შორის, გადასახადი 15 572 ლარი, ჯარიმა 3 609 ლარი და საურავი 732 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კაკლითა და თხილით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს როგორც ადგილობრივად შესყიდული, ისე იმპორტირებული ნაწარმით. საწარმოს მხრიდან წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ფიქსირდება უზუსტოებები. კერძოდ, ბუღალტრულად ჩამოწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში არ იმიჯნება დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, ბუღალტრული მონაცემებით დოკუმენტური ფასნამატი მკვეთრად აღემატება საცალო რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებულ ფასნამატს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25569 ბრძანებით ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნუშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი კონკრეტული სახეობების მიხედვით (საცალოდ ჩამოწერილ საქონელზე დოკუმენტური რეალიზაცია ფაქტობრივად არ ფიქსირდება). შემოწმების შედეგად მიღებული სხვაობით გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა და გადანაწილდა საანგარიშო პერიოდებზე შესაბამისის პროპორციის გათვალისწინებით. შედეგად გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესბამისად დაერიცხა დღგ. და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მხრიდან წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ფიქსირდება უზუსტოებები. კერძოდ, ბუღალტრულად ჩამოწერილ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებში არ იმიჯნება დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, ბუღალტრული მონაცემებით დოკუმენტური ფასნამატი მკვეთრად აღემატება საცალო რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებულ ფასნამატს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. აღნიშნუშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი კონკრეტული სახეობების მიხედვით (საცალოდ ჩამოწერილ საქონელზე დოკუმენტური რეალიზაცია ფაქტობრივად არ ფიქსირდება). შემოწმების შედეგად მიღებული სხვაობით გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა და გადანაწილდა საანგარიშო პერიოდებზე შესაბამისის პროპორციის გათვალისწინებით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ საწარმოს მხრიდან წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ფიქსირდება უზუსტოებები. კერძოდ, ბუღალტრულად ჩამოწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში არ იმიჯნება დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, ბუღალტრული მონაცემებით დოკუმენტური ფასნამატი მკვეთრად აღემატება საცალო რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებულ ფასნამატს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელის პოზიცია: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მხრიდან წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ფიქსირდება უზუსტოებები. კერძოდ, ბუღალტრულად ჩამოწერილ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებში არ იმიჯნება დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, ბუღალტრული მონაცემებით დოკუმენტური ფასნამატი მკვეთრად აღემატება საცალო რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებულ ფასნამატს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. აღნიშნუშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი კონკრეტული სახეობების მიხედვით (საცალოდ ჩამოწერილ საქონელზე დოკუმენტური რეალიზაცია ფაქტობრივად არ ფიქსირდება). შემოწმების შედეგად მიღებული სხვაობით გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა და გადანაწილდა საანგარიშო პერიოდებზე შესაბამისის პროპორციის გათვალისწინებით. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ საწარმოს მხრიდან წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ფიქსირდება უზუსტოებები. კერძოდ, ბუღალტრულად ჩამოწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში არ იმიჯნება დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, ბუღალტრული მონაცემებით დოკუმენტური ფასნამატი მკვეთრად აღემატება საცალო რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებულ ფასნამატს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159(1„ა,ბ“).