გადაწყვეტილება №19973/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19973/2/2023
26 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------------15.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19973/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 23.03.2022 წლის №7385 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2023 წლის №149-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11376 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 35 759 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 16 046
დღგ - 13 069
საშემოსავლო გადასახადი - 2 977
ჯარიმა - 9 334
საურავი - 10 379
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.03.2020 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 4.09.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც სადავო საკითხებზე მითითებულია შემდეგი:
1. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, კერძოდ არ აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერები საქონლის სახეობების მიხედვით (ჩამოწერს ჯამურად), გამოყენებული მეთოდით კი ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი (ჩამოწერილი საქონლის რეალიზაციის თანხა). გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია ინვენტარიზაცია, სადაც დაფიქსირებულია საქონლის სარეალიზაციო ფასები სახეობების მიხედვით. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობის სარეალიზაციო ფასები დაკავშირებულია აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უახლოეს შეძენას და მიღებული შედეგით დადგენილია ფასნამატები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობის მიხედვით. აღნიშნული ფასნამატი გავრცელებულია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რის საფუძველზეც განისაზღვრა მიღებული შემოსავალი, აღნიშნულ შემოსავალს დაემატა გადასახადის გადამხდელის მიერვე მიწოდებული კალკულაციის მიხედვით ნაწარმოები და რეალიზებული (თონის) პურის ღირებულება და მიღებული შედეგით განისაზღვრა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, აღნიშნულის შედეგად დაკორექტირდა 2017-2018 წლების საწყისი და საბოლოო ნაშთები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
2. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული პურის კალკულაციის მიხედვით ირკვევა რომ 1 ტომარა ფქვილზე (50კგ.) გაწეული გაზის ხარჯი შეადგენს 8.47 ლარს (დღგ-ის გარეშე). ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს პურის წარმოებაზე გახარჯული აქვს ჯამში 1 266 ცალი ტომარა ფქვილი. მეწარმეს 2017-2018 წლებში კომუნალური ხარჯები გამოქვითული აქვს 15 745 ლარის ოდენობით. შემოწმების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელს წარმოებულ პურზე მისივე მიწოდებული კალკულაციის მიხედვით სჭირდებოდა ჯამში 11 535 ლარის (დღგ-ის გარეშე) კომუნალური ხარჯი. შემოწმების მსვლელობისას მიღებული სხვაობა ჩაითვალა პირადი მოხმარების მიზნებისთვის გაწეულ ხარჯად, რომელიც არ ექვემდებარება გამოქვითვას. საგადასახადო კოდექსის 105-ე და 106-ე მუხლების შესაბამისად დაკორექტირდა დეკლარირებული ხარჯი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული დღგ-ის ჩათვლა და მეწარმე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, მეწარმის დეკლარირებულ მონაცემებსა და პირველად დოკუმენტებს შორის გამოვლინდა სხვაობები (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და სხვა ხარჯები) და საგადასახადო კოდექსის 105- ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა დეკლარირებული ხარჯი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.09.2002 წლის №26838 ბრძანება და ამავე თარიღის №149-26 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 10.10.2020 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2020 წლის №38929 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსასრულებლად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2021 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:
1. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს დამატებით წარუდგინა მხოლოდ 2019 წლის პურის საცხობის და 2019, 2020 წლების სურსათის მაღაზიის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალები, სადაც ხელით აქვს აღრიცხული, როგორც პურის ყოველდღიური რეალიზაცია რაოდენობრივად, ასევე მაღაზიაში გაყიდული საქონლის რეალიზაცია. სასურსათო მაღაზიის ჟურნალის ანალიზის შედეგად ვერ დგინდება სახეობების მიხედვით საქონლის ფასნამატის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, არასრულად არის ნაწარმოები საქონლის დასახელების შესახებ ინფორმაციები, ასევე არ არის მითითებული შესაბამისი შესყიდვის დოკუმენტის ნომერი. საგადასახადო ორგანომ პურის წარმოებიდან მიღებული შემოსავლის დასადგენად იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ მიწოდებული პურის კალკულაციით, რომლის მიხედვითაც გადამხდელს დაუდგინდა პურის საცხობიდან შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი, რომელიც არსებითად არ განსხვავდება გადამხდელის მიერ მიწოდებული საცხობის ჟურნალში მითითებული შემოსავლისგან. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებიდან. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელთან ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურები. კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების დაცვის კონტროლი, რის შესაბამისადაც საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის გადამხდელს შეფარდებული აქვს, როგორც ფულადი ჯარიმა, ასევე გაფრთხილებები.
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელს რაიმე სახის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები არ წარუდგენია. ხოლო ზოგადი შეფასებით შემოწმების მსვლელობისას საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯების ჯგუფში, შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დამატებით გათვალისწინებულია ხარჯი, რომლის გაწევაც დასტურდება ფაქტობრივად და რაზეც აქვს შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2021 წლის №17988 ბრძანება და ამავე თარიღის №149-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 8.07.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.08.2021 წლის №27615 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 29.10.2021 წლის №14566/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.08.2021 წლის №27615 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა 23.03.2022 წლის №7385 ბრძანებით განიხილა 2021 წლის 8 და 12 ივლისის საჩივრები, რომლებიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული ინფორმაცია და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.03.2022 წლის №7385 ბრძანების აღსრულების მიზნით შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნა, რომლიდანაც ირკვევა რომ:
გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა, რომ მიმდინარე გადაანგარიშებით დარჩენილი სხვაობები დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში ძირითადად გამოწვეულია თონის (პურის წარმოების) შედეგად მიღებული შემოსავლების არდეკლარირების შედეგად. მიმდინარე გადაანგარიშებით, შემცირებას დაექვემდებარა არაპირდაპირი მეთოდით სურსათის ნაწილში დადგენილი შემოსავლები, შესაბამისად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სულ 15 212 ლარით, მათ შორის გადასახადი 10 129 ლარით და ჯარიმა 5 084 ლარის ოდენობით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა 10.02.2023 წლის №2529 ბრძანება და 13.02.2023 წლის №149-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2.04.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2023 წლის №11376 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით. შემოწმების მიერ განხორცილდა წარდგენილი მასალების სრული ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადამხდელი სურსათის (მაღაზიის) ნაწილში იყენებდა 15%-იან ფასნამატს. შემოწმების მიერ გამოთხოვილი ახსნა-განმარტების მიხედვით, გაიმიჯნა გადამხდელის საკუთრებაში არსებული სამი საკონტროლო-სალარო აპარატიდან თუ რომელი იყო განკუთვნილი სურსათისთვის და რომელი მაღაზიისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა, რომ დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში სხვაობა ძირითადად გამოწვეულია თონის პურის წარმოების/რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების აღურიცხავობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშება განხორციელდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში. შესაბამისად, გადამხდელის მიერ მითითებული 72 606 ლარი არ წარმოადგენს მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შედეგად გაზრდილ თანხას, არამედ, ის მოიცავს დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირების შედეგად გამოწვეულ დარიცხვასაც. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა განხორციელდა მხოლოდ 54 447 ლარზე, ხოლო სხვაობა წარმოადგენს ჩათვლის შემცირების შედეგს, რომელიც შემოსავლების სამსახურის 23.03.2022 წლის №7385 ბრძანების შესაბამისად არ ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას.
რაც შეეხება მაღაზიის ნაწილში განხორციელებულ ბრუნვებს, გადამხდელთან ჩატარებული სმფების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაშთის გათვალისწინებით, განხორციელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება და მასზე გადამხდელის მიერ წარდგენილ ცხრილებში დაფიქსირებული ფასნამატის 15%-ის გავრცელება. შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადში დარჩენილი გადასახადი 13 069 ლარი გადანაწილდა შემდეგნაირად: ჩათვლის შედეგად გადაანგარიშებას დაუქვემდებარებელი თანხა 3 251 ლარი, წარდგენილი პურის კალკულაციის შედეგად დარიცხული დღგ 5 377 ლარი და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის და შემოწმების შედეგად გამოანგარიშებულ რეალიზებულ პროდუქციაზე 15%-იანი ფასნამატის გავრცელების შედეგად დარიცხული დღგ 4 441 ლარი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის პოზიციით დღგ-ის დასაბეგრი ბაზა გაიზარდა მხოლოდ 54 447 ლარზე, რაც არ დასტურდება შემოწმების აქტის გადაანგარიშების მასალებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 72 606 ლარით; მაშინ როცა დღგ-ის კუთხით უნდა გაზრდილიყო მხოლოდ თონის რეალიზაციის შესაბამისი არადეკლალირებული ბრუნვები სულ 28 064 ლარით, კერძოდ:
1) 2017 წელს თონის საცხობში რეალიზებულ იქნა 60 000 ცალი პური, დღგ-ის ჩათვლით 30 000 ლარი, ხოლო თონის საცხობის სალარო აპარატებში დაფიქსირებული იყო 23 353 ლარი; სხვაობამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 5 633 ლარი;
2) 2018 წელს თონის საცხობში რეალიზებულ იქნა 37 394 ცალი პური, დღგ-ის ჩათვლით 18 697 ლარი, ხოლო თონის საცხობის სალარო აპარატებში დაფიქსირებული იყო 18 697 ლარი; სხვაობა 0 ლარი;
3) 2019 წელს თონის საცხობში რეალიზებულ იქნა 91 200 ცალი პური, დღგ-ის ჩათვლით 54 720 ლარი, ხოლო თონის საცხობის სალარო აპარატებში დაფიქსირებული იყო 28 252 ლარი; სხვაობა დღგ-ის გარეშე 22 431 ლარი;
4) რაც შეეხება მაღაზიის რეალიზაციებს, აღნიშნული ბრუნვები შესაბამისობაშია აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ფასნამატთან და მაღაზიის სალარო აპარატების მაჩვენებლებთან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 23.03.2022 წლის №7385 ბრძანებით:
ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული ინფორმაცია და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული დასკვნიდან ირკვევა რომ:
გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით. აღნიშნულ ინფორმაციაში მითითებულია ყოველდღიურად გაყიდული საქონლის, როგორც პირვანდელი ღირებულება (სასაქონლო ზედნადების მითითებით), ასევე გასაყიდი ღირებულება. შემმოწმებლის მიერ განხორცილდა წარდგენილი ცხრილების სრული ანალიზი, კერძოდ, შედარდა გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვები და მიღებული სასაქონლო ზედნადებების მონაცემების სიზუსტე (ფასების და რაოდენობების ნაწილში), რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადამხდელი სურსათის (მაღაზიის) ნაწილში იყენებდა 15%-იან ფასნამატს. შემოწმების მიერ გამოთხოვილი ახსნა-განმარტების მიხედვით, გაიმიჯნა გადამხდელის საკუთრებაში არსებული სამი საკონტროლო-სალარო აპარატიდან თუ რომელი იყო განკუთვნილი სურსათისთვის და რომელი საცხობისთვის (თონე). აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა, რომ მიმდინარე გადაანგარიშებით დარჩენილი სხვაობები დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში ძირითადად გამოწვეულია თონის (პურის წარმოების) შედეგად მიღებული შემოსავლების არდეკლარირების შედეგად. მიმდინარე გადაანგარიშებით, შემცირებას დაექვემდებარა არაპირდაპირი მეთოდით სურსათის ნაწილში დადგენილი შემოსავლის მოცულობა, შესაბამისად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილია 72 606 ლარით, რომელიც უნდა გაზრდილიყო მხოლოდ თონის რეალიზაციის შესაბამისი არადეკლარილებული ბრუნვით სულ 28 064 ლარით.
აღნიშნულ არგუმენტზე შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია, რომ გადამხდელის მიერ ხსენებული 72 606 ლარი არ წარმოადგენს მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შედეგად გაზრდილ თანხას, არამედ, ის მოიცავს დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირების შედეგად გამოწვეულ დარიცხვასაც. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა განხორციელდა მხოლოდ 54 447 ლარზე, ხოლო სხვაობა წარმოადგენს ჩათვლის შემცირების შედეგს, რომელიც შემოსავლების სამსახურის 23.03.2022 წლის №7385 ბრძანების შესაბამისად არ ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას. რაც შეეხება მაღაზიის ნაწილში განხორციელებულ ბრუნვებს, გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაშთის გათვალისწინებით, განხორციელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება და მასზე გადამხდელის მიერ წარდგენილ ცხრილებში დაფიქსირებული ფასნამატის 15%-ის გავრცელება. შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადში დარჩენილი გადასახადი 13 069 ლარი გადანაწილდა შემდეგნაირად: ჩათვლის შედეგად გადაანგარიშებას დაუქვემდებარებელი თანხა 3 251 ლარი, წარდგენილი პურის კალკულაციის შედეგად დარიცხული დღგ 5 377 ლარი და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის და შემოწმების შედეგად გამოანგარიშებულ რეალიზებულ პროდუქციაზე 15%-იანი ფასნამატის გავრცელების შედეგად დარიცხული დღგ 4 441 ლარი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 23.03.2022 წლის №7385 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 23.03.2022 წლის №7385 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა.გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით. შემოწმების მიერ განხორცილდა წარდგენილი მასალების სრული ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადამხდელი სურსათის (მაღაზიის) ნაწილში იყენებდა 15%-იან ფასნამატს. შემოწმების მიერ გამოთხოვილი ახსნა-განმარტების მიხედვით, გაიმიჯნა გადამხდელის საკუთრებაში არსებული სამი საკონტროლო-სალარო აპარატიდან თუ რომელი იყო განკუთვნილი სურსათისთვის და რომელი მაღაზიისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა, რომ დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში სხვაობა ძირითადად გამოწვეულია თონის პურის წარმოების/რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების აღურიცხავობით.
რაც შეეხება მაღაზიის ნაწილში განხორციელებულ ბრუნვებს, გადამხდელთან ჩატარებული სმფების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაშთის გათვალისწინებით, განხორციელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება და მასზე გადამხდელის მიერ წარდგენილ ცხრილებში დაფიქსირებული ფასნამატის 15%-ის გავრცელება.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73,275;