გადაწყვეტილება №24643/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24643/2/2025
11 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----ს“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,---ს”-ის 22.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24643/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2024 წლის №005-145 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24117 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 739 520,02 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 420 669
დღგ - 168 560
საშემოსავლო გადასახადი - 252 109
ჯარიმა - 210 335
საურავი - 108 516,02
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა --- ბაზრობის ტერიტორიაზე (-----). საქონლის შეძენას ახორციელებს იმპორტის გზით.
აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 26.03.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება, გაგზავნილ შეტყობინებებს არ გასცნობია. ვინაიდან გადამხდელთან კომუნიკაცია ვერ შედგა და საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა ინფორმაცია საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზს, მიღებული შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 561 625 ლარს. ვინაიდან 2021 წლის შემდეგ გადამხდელს არ უფიქსირდება აქტივობა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა ნულით, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 1 634 956 ლარს. შემოწმების პროცესში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება დაიყო კატეგორიებად, ხოლო საცალოდ რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა საშუალოდ 57%. შემოწმების შედეგად გამოვლენილი საცალოდ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულად ჩაითვალა პროპორციულად შესამოწმებელ პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
ვინაიდან შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება, არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, მათ შორის, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტური ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა 1 008 438 ლარის (აგროსილი 1 260 547 ლარი) ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2024 წლის №005-145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24117 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის ხელმძღვანელი სრულყოფილად ვერ ფლობს ქართულ ენას, არ იცის საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ვერ იყენებს შემოსავლების სამსახურის საიტს (RS.GE). შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობის საკითხები (საბიუჯეტო ვალდებულებები, დეკლარირება და აღრიცხვა) კომპანიას მინდობილი ჰქონდა --- ბაზრობაზე მომუშავე ბუღალტერზე. კომპანიის ხელმძღვანელი დარწმუნებული იყო, რომ ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდებოდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
კომპანიის ხელმძღვანელმა მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბრის თვის ბოლოს შეიტყო ზემოთ აღნიშნული შემოსავლების სამსახურის დოკუმენტაციის არსებობის შესახებ. მომჩივანს დასჭირდა სპეციალისტების მოწვევა, რომ გარკვეულიყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტების არსში და შინაარსში. მოწვეულ იურისტებსაც კი გაუჭირდათ კომპანიის ხელმძღვანელისთვის აეხსნათ დამატებით დარიცხული თანხების წარმოშობის მიზეზები, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტში (ტექსტობრივ ნაწილში) არ იყო არგუმენტირებულად დასაბუთებული დამატებით დარიცხული თანხების მიღების კალკულაცია/გაანგარიშება, რამაც დარიცხული თანხების მიმართ მოწვეულ სპეციალისტებშიც კი გამოიწვია გაუგებრობა და ბუნდოვანება. საბოლოოდ, ვარაუდის დონეზე გაირკვა დამატებით დარიცხული თანხების წარმოქმნის მიზეზები.
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ყველა საქონელზე ერთიანი საცალო საშუალო ფასნამატი შეადგენს 57%-ს. აღნიშნულმა ფასნამატმა გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების დღგ-ის ნაწილში და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ხელოვნურად დამატებით დარიცხვა. საცალო 57%-იანი ფასნამატი -----ბაზრობის ტერიტორიისათვის შეუსაბამოა, რადგან აღნიშნული ფასნამატი შესაბამისობაშია მხოლოდ ქალაქის ცენტრში არსებულ ძვირადღირებულ მაღაზიებისათვის, რომელიც განლაგებულია მაგალითად ვაკე-საბურთალოს რაიონში. ასევე, კომპანია არ ეწევა საცალო რეალიზაციას, რაც დასტურდება მისი მიერ განხორციელებული იმპორტებით, კერძოდ 2021 წლის აპრილიდან-2021 წლის ივლისის ჩათვლით კომპანიას აქვს იმპორტირებული 1 618 818 ლარის საქონელი, რომელიც კომპანიას სრულად აქვს რეალიზებული 2021 წლის აპრილიდან-სექტემბრის ჩათვლით, რასაც მოწმობს დღგ-ის დეკლარაციები. შესაბამისად ფიზიკურად შეუძლებელია საცალოდ რეალიზაციის პირობებში ამდენი რაოდენობის საქონლის გაყიდვა. კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით კომპანიის მიერ იმპორტირებული ტანსაცმლის საბითუმო ვაჭრობა/რეალიზაცია რეალურად ახორციელებდა 15-20%-იანი ფასნამატის ფარგლებში, ხოლო მოდიდან გამოსვლის, სეზონის დასრულების დროს 3-5%-ის ფარგლებში, საქონლის ჩაწოლის საფრთხის თავიდან აცილების შემთხვევაში კი ხდებოდა იმპორტირებული ტანსაცმლის რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალი ფასებით. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მომწოდებელი საქონლის იმავე ფასებში დაბრუნებაზე უარს აცხადებდა. ტანსაცმლით ვაჭრობა წარმოადგენს ვაჭრობის სპეციფიკურ სფეროს, რადგან თანამედროვე მოდის სწრაფი ცვლილებების პირობებში ძალიან დიდი რისკია საქონლის (ტანსაცმელი) ჩაწოლის შემთხვევები. ასევე მნიშვნელოვანის ტანსაცმლის შენახვის რთული და სპეციფიკური პირობების დაცვა. საგადასახადო შემოწმების აქტში ტანსაცმლით ვაჭრობის ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი ნიუანსები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. გაუგებარია კონკრეტულად რომელი საქონლის ფასნამატი აქვს აღებული შემმოწმებელს, ვინაიდან საწარმოს იმპორტით შემოტანილი საქონელი არის ძალიან მრავალფეროვანი, კერძოდ საწარმოს აქვს შემოტანილი ჯინსის შარვალი, პიჟამო, კაბა, მაისურები, ტრუსები, ჩანთა, პერანგი, წინდა, ჩვილის ტანსაცმელი, საკერავი ძაფი, მანეკენი, ოთახის ფეხსაცმელი, მაგიდის დასაფარებელი და ა.შ. და შემმოწმებელს საქონელი უნდა დაეჯგუფებინა და ყოველ ჯგუფზე უნდა განესაზღვრა კონკრეტული ფასნამატი, მაგალითად ე.წ. ,,ტანსაცმლის" ჯგუფში შემავალი საქონელი არ შეიძლება ყოფილიყო გაერთიანებული, მაგალითად მანეკენის ჯგუფში შემავალ საქონელთან ან ჩანთების ჯგუფში შემავალ საქონელთან, შემმოწმებელს კი არ განუხორციელებია საქონლის ჯგუფებად დაყოფა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების მოხსნას და ----- ბაზრობის ტერიტორიისათვის შესაბამისი 15-20%-იანი ფასნამატით გადაანგარიშებას. ასევე, უცნობია თუ რა კომპანიის ფასნამატი აქვს აღებული შემმოწმებელს, რამდენად იდენტურია ამ კომპანიის საქმიანობა მის საქმიანობის, სად ვაჭრობს აღნიშნული კომპანია და რა კონტიგენტზე არის გათვლილი მათი პროდუქცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ვერ ჩატარდა ინვენტარიზაცია. საბოლოო ნაშთად მიჩნეულ იქნა 0. ამასთან, ვერ განხორციელდა, შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება და დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება. აქედან გამომდინარე, შემოსავლის განსაზღვრის მეთოდად არჩეულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. ჯგუფის ფასნამატების განსაზღვრის დროს, გამოყენებულია ---- ბაზრობის ტერიტორიაზე მოქმედი ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული ობიექტების საცალო ფასნამატები.
მომჩივნის არგუმენტი, რომ საბითუმოდ მოვაჭრეა ვერ დასტურდება. არ აქვს წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანს აქვს უმნიშვნელო ოდენობის დოკუმენტური რეალიზაცია.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24117 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 26.03.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №005-145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №24117 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №24117 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“);