ბრძანება N 3950
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3950
20 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 17 დეკემბრისა და 2026 წლის 22 იანვრის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 იანვრისა და 5 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №3 და №11) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 17 დეკემბრის №99444/1/2025 და 22 იანვრის №100228/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ნოემბრის №006-462 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, სამეურნეო საჭიროებისათვის სალაროში ნაშთის ქონა არ შეიძლება ჩაითვალოს არაგონივრულ ან/და ფიქტიურ ნაშთად. ასევე, მიუთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე იდენტური სახის საგადასახადო დავასთან დაკავშირებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება/განჩინება (საქმის ნომერი ბს-1210(2კ-21)).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ივნისის №13400 და 12 სექტემბრის №20095 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის მიზნებისათვის 2025 წლის 25 ივნისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 ნოემბრის №26057 ბრძანება და №006–462 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 810 175 ლარი, მათ შორის გადასახადი 490 053 ლარი, ჯარიმა 243 495 ლარი და საურავი 76 627 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
● საწარმოს საქმიანობაა პრინტერის კარტრიჯების, ტონერების ჩიპების შეძენა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, იმპორტის გზით და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაფორმებული ჰქონდა 311 სატენდერო ხელშეკრულება (მათ შორის 280 გამარტივებული ტენდერი). საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე არსებული მონაცემები. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების მიხედვით. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით, ჩატარდა საქონლის რაოდენობრივი ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა 26 536 ცალი კარტრიჯის რაოდენობრივი სხვაობა საბოლოო ნაშთთან მიმართებაში. გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა განმარტება სხვაობის გამომწვევ შედეგებთან დაკავშირებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების შედეგად, გამოვლენილი სხვაობა ჩაიშალა პერიოდების მიხედვით (თვე), დეკლარირებული წილის პროპორციულად და გავრცელდა შესაბამისი თვის საშუალო შეწონილი ფასი. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დღგ-ის 18%-იან დასაბეგრ ბრუნვად დეკლარირებული ჰქონდა 2 724 158 ლარი, ხოლო შემოწმებით დადგინდა 3 404 420 ლარი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● 2025 წლის 18 ივნისის №12868 ბრძანებით საწარმოში დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ 2025 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, კომპანიას სალარო არ გააჩნდა. საწარმოს დირექტორი მონაწილეობდა შემოწმების პროცესში. მის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები და ცნობა ანგარიშების შესახებ. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ის შეძენის ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებითა და დებიტორკრედიტორული დავალიანების სრულად გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გამოვლენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანია ახორციელებს როგორც იმპორტს, ასევე ადგილობრივ შესყიდვას და შემდგომ რეალიზაციას არა მარტო კარტრიჯების, არამედ ასევე კარტრიჯის ჩიპების, კარტრიჯის ფოტო დოლურების, ჭავლური პრინტერისთვის განკუთვნილი მელნების იმპორტ/რეალიზაციას. შემოწმებამ კი არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტი და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ფარგლებში, უბრალოდ დააჯამა სრულად იმპორტირებული საქონელი რაოდენობაში და მას მოაკლო სასაქონლო ზედნადებების მიხედვით გაყიდული რაოდენობის ჯამი, რის შედეგადაც ცხადია მიიღო არარეალური შედეგი, რამაც გამოავლინა თითქოსდა 26 536 ცალი კარტრიჯის რაოდენობრივი სხვაობა საბოლოო ნაშთთან მიმართებაში. მომჩივანი თავდაპირველ საჩივარში მზადყოფნას გამოთქვამდა წარმოედგინა ბუღალტრული პროგრამა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ საჩივრის ზეპირ განხილვაზე, 2026 წლის 16 იანვარს, გადასახადის გადამხდელს მიეცა არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებების (საბუღალტრო პროგრამის) წარდგენის შესაძლებლობა, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელმა 2026 წლის 22 იანვარს დაზუსტებული საჩივრით დამატებით წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამის გატარებები ექსელის ფორმატში.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელის მიერ დაზუსტებულ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა პრინტერის კარტრიჯების, ტონერების ჩიპების შეძენა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, იმპორტის გზით და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე არსებული მონაცემები. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების მიხედვით. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით, ჩატარდა საქონლის რაოდენობრივი ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა რაოდენობრივი სხვაობა საბოლოო ნაშთთან მიმართებაში. შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების შედეგად, გამოვლენილი სხვაობა ჩაიშალა პერიოდების მიხედვით (თვე), დეკლარირებული წილის პროპორციულად და გავრცელდა შესაბამისი თვის საშუალო შეწონილი ფასი. გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ ბრუნვებს და შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს შორის.
საწარმოში დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანიას სალარო არ გააჩნდა. არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. გამოვლენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;