ბრძანება N 13081
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13081
13.06.2023
შპს “-------------“ (ს/ნ -----------)
(მის.: ----------------)
2023 წლის 30 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „------------“ (ს/ნ -----------) №78712/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №086-59 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დარღვევით, უსაფუძლოდ და არამართლზომიერად მიაჩნია დარიცხული თანხები, არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:
1. საწარმოს დირექტორის მიერ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე უპროცენტოდ გაცემული სესხის კვალიფიკაციას და შესაბამისად, მოგების და საშემოსავლო გადასახადში წარმოშობილ ვალდებულებებს.
მიუთითებს, რომ კომპანიას სესხი გაცემული აქვს იურიდიულ პირზე და ითხოვს დარიცხვის კორექტირებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
აცხადებს, რომ თანხის ნაწილი მისაღები აქვს, უფიქსირდება დებიტორული დავალიანება და მიუთითებს, რომ ახორციელებს დოკუმენტაციის მოძიებას და წარმოადგენს ორმხრივ შედარების აქტებს.
3. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ივნისის №15508 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 8 იანვრიდან 2022 წლის 16 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 22 აპრილის №12309 ბრძანებით განსაზღვრული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33323 ბრძანება და ამავე თარიღის №086-59 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 109 912 ლარი, მათ შორის, ძირთადი 61 971 ლარი, ჯარიმა 36 566 ლარი, საურავი 11 075 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. მოწოდებული დოკუმენტებით დგინდება, რომ 2021 წლის 3 ივნისს საწარმომ ---------- ბანკიდან აიღო N---------- სესხი 27 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის 7 ოქტომბერს მეორედ აითვისა N---------- სესხი 100 000 ლარის ოდენობით, საიდანაც გადაიფარა პირველი N---------- სესხი. აღნიშნული სესხებიდან ანგარიშვალდებულ პირს ----------(პ/ნ ----------) პერიოდების მიხედვით უფიქსირდება ჯამში 100 000 ლარის გატანა დანიშნულებით „სამეურნეო განაცემები“ და „სხვადასხვა განაცემები“. შესამოწმებელ პერიოდში --------- ბანკში სესხების დასაფარად შეტანილია ჯამში 28 109 ლარი. მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ანგარიშვალდებული პირის მიერ აღნიშნული თანხების სალაროში შეტანა და გატანა არ ფიქსირდება, ასევე აღნიშნული თანხებით არც კრედიტორული დავალიანება არ არის დაფარული და ნაშთად არც ანგარიშვალდებულ პირს უფიქსირდება.
ზემოთხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის დებულებები (მე-5, მე-9 ნაწილები) და საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ:
ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხები განხილულ იქნა უპროცენტო სესხად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო შესაბამისი პერიოდებში ბანკში შეტანილი თანხები განხილულ იქნა სესხის თანხის ნაწილის დაბრუნებად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად დაექვემდებარა მოგების გადასახადი ჩაითვლას.
უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე გაანგარიშდა საპროცენტო შემოსავალი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, რომელიც ამავე კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან 20%-ით დაბეგვრას.
შედეგად, შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწარმოს 2021-2022 წწ. პერიოდზე უფიქსირდება ექსპორტზე გატანის გზით საქონლის რეალიზაცია 103 310 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებული თანხები ნაშთად სალაროში და ანგარიშვალდებულ პირთან არ ფიქსირდება. შემოწმების მსვლელობისას აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო გადახდის წყაროსთან დაეკავებინა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.
საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარის N34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სესხები --------- ბანკში, აღნიშნული სესხებიდან ანგარიშვალდებულ პირს პერიოდების მიხედვით უფიქსირდება ჯამში 100 000 ლარის გატანა. შესამოწმებელ პერიოდში ---------- ბანკში სესხების დასაფარად შეტანილია ჯამში 28 109 ლარი. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ანგარიშვალდებული პირის მიერ აღნიშნული თანხების სალაროში შეტანა და გატანა არ ფიქსირდება, ასევე აღნიშნული თანხებით არ ფიქსირდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა და არც ნაშთად არც უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირს. ზემოთხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხები განხილულ იქნა უპროცენტო სესხად, მასზე გაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს ამავე მუხლის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021-2022 წწ. პერიოდზე უფიქსირდება ექსპორტზე გატანის გზით საქონლის რეალიზაცია 103 310 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებული თანხები ნაშთად სალაროში და ანგარიშვალდებულ პირთან არ ფიქსირდება. შემოწმებით აღნიშნული თანხა განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს,ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. კერძოდ:
1.საწარმოს დირექტორის მიერ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე უპროცენტოდ გაცემული სესხის კვალიფიკაციას და შესაბამისად, მოგების და საშემოსავლო გადასახადში წარმოშობილ ვალდებულებებს.
2.სალაროს ნაშთის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სესხები.აღნიშნული სესხებიდან ანგარიშვალდებულ პირს პერიოდების მიხედვით უფიქსირდება თანხის გატანა.გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ანგარიშვალდებული პირის მიერ აღნიშნული თანხების სალაროში შეტანა და გატანა არ ფიქსირდება, ასევე აღნიშნული თანხებით არ ფიქსირდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა და არც ნაშთად არც უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირს.გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
2.შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021-2022 წწ. პერიოდზე უფიქსირდება ექსპორტზე გატანის გზით საქონლის რეალიზაცია რომლის ანაზღაურებული თანხები ნაშთად სალაროში და ანგარიშვალდებულ პირთან არ ფიქსირდება.აღნიშნული თანხა განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3);73(5ა);73(9ბ);97(1ბ);982(3ზ);101(1,2ბ);154(1ა2ა);43(4);270(1);275(2);272(1);269(7).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარის N34 ბრძანების პირველი პუნქტი.