გადაწყვეტილება №26347/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.01.2026
№ დოკუმენტი 26347/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№26347/2/2025

13 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 15.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26347/2/2025).

 

დავის საგანი:

პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საურავის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 25.07.2025 წლის №21-11/55104 გადაწყვეტილება;

2. მომსახურების დეპარტამენტის 29.09.2025 წლის №21-11/68602 გადაწყვეტილება;

3. შემოსავლების სამსახურის 1.12.2025 წლის №26410 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 23.07.2025 წელს და 26.09.2025 წელს, პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საურავის გაანგარიშების მოთხოვნით, მიმართა მომსახურების დეპარტამენტს. მომსახურების დეპარტამენტის 25.07.2025 წლის №21-11/55104 და 29.09.2025 წლის №21-11/68602 გადაწყვეტილებებით, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.12.2025 წლის №26410 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, 272-ე მუხლით, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებით, მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 299-ე მუხლის მე-11 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გასაჩივრება არ აჩერებს საურავის დარიცხვას და გასაჩივრებულ დავალიანებას ერიცხება საურავი. დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები/სანქციები, რომელიც არ არის აღიარებული, აღირიცხება გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე. საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითადი და დროებითი აღრიცხვის ბარათებზე არსებული საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით ცალ-ცალკე. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აღრიცხვის შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს დროებით ბარათზე ასახული არაღიარებული საგადასახადო ვალდებულებები მათ აღიარებამდე. ხოლო დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შემთხვევაში, პროგრამულად გადაანგარიშდება დარიცხული საურავი. შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დართულ დოკუმენტსა და საჩივარში მოყვანილ არგუმენტზე, რომ დამოუკიდებელმა აუდიტორმა დაადგინა და ხელმოწერილი ექსპერტის დასკვნით დაადასტურა, 205 235 ლარის ძირითადი გადასახადის შემთხვევაში მაქსიმუმ 112 366 ლარი საურავის დარიცხვა იყო შესაძლებელი. აღნიშნულ შემთხვევაში, ექსპერტის მიერ საურავის თანხა გაანგარიშებულია წმინდა მათემატიკურად და მოყვანილი ციფრები იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი, თუ გადასახადის გადამხდელს დროებითი აღრიცხვის ბარათზე დაერიცხებოდა ძირითადი გადასახადი 205 235 ლარი და ამავდროულად, არ ექნებოდა არანაირი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ოპერაციები გადასახადის გადამხდელის ძირითადი აღრიცხვის ბარათზე. ამდენად, საურავის დათვლისას ექსპერტის მიერ არ არის გათვალისწინებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე16 მუხლის (მუხლი 16. ბარათებზე საურავების ასახვის წესები) მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკანონმდებლო ნორმა, რომლის თანახმად დროებითი აღრიცხვის ბარათზე ასახულ არაღიარებულ საგადასახადო ვალდებულებებზე საურავის დაანგარიშება ხორციელდება პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე არსებული საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად, ამ საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინების გარეშე დათვლილი საურავი არ არის სწორი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი კანონშესაბამისია, მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებები მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განცხადებით, შემოსავლების სამსახურმა, მისი არაერთი მოთხოვნის (ზეპირი განხილვის მოთხოვნა) მიუხედავად, მომჩივნის მონაწილეობის გარეშე განიხილა საჩივარი და მიიღო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრძანება. გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, მცდარად და არაზუსტად აღნიშნავს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნებსა და პოზიციას. სადავო ბრძანება გამოცემულია მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით, დაუსაბუთებელია, მიღებულია პროცედურული ნორმების უხეში დარღვევით და ბათილად უნდა გამოცხადდეს. მომჩივანმა წერილობით და მრავალჯერ მოითხოვა ზეპირი განხილვის დანიშვნა, სხდომაზე მიწვევა და მონაწილეობა (საჭიროების შემთხვევაში – დისტანციურად), ასევე სპეციალისტის მიწვევა და სხდომის იმ ნაწილის აუდიოჩაწერა, რომელიც დავების განხილვის წესებით დაშვებულია. მიუხედავად ამისა, დავის განმხილველმა ორგანომ უარი განაცხადა ან რეალურად უგულებელყო აღნიშნული შუამდგომლობები. სადავო ბრძანებაში უარის ფაქტობრივი ერთადერთი „დასაბუთება” შემოიფარგლება საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე მითითებით, თითქოს ეს ნორმა თავად ქმნის ზეპირი განხილვის/მონაწილეობის უარყოფის საფუძველს. ასეთი მოტივაცია არ არის საკმარისი, არ არის რელევანტური შუამდგომლობების შინაარსთან და არსობრივად არღვევს როგორც საგადასახადო კოდექსით, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაცულ პროცესუალურ გარანტიებს.

მოითხოვს:

1. ბათილად იქნეს ცნობილი და/ან გაუქმდეს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ 2025 წლის 1 დეკემბრის №26410 ბრძანება, როგორც არსებითად პროცედურულად და სამართლებრივად უკანონო აქტი;

2. საქმე დაბრუნდეს ხელახალი განხილვისთვის იმავე ორგანოში (ან განიხილოს საბჭომ უშუალოდ), ზეპირი სხდომის დანიშვნით და მომჩივნის რეალური მონაწილეობის უზრუნველყოფით (მათ შორის დისტანციური ჩართვით, თუ ეს ტექნიკურად მიზანშეწონილია);

3. დავის ხელახალ განხილვაზე/საბჭოს განხილვაზე უზრუნველყოფილ იქნას:

(ა) მომჩივნის მიერ მითითებული სპეციალისტის მოწვევა;

(ბ) საქმეში არსებითი ტექნიკური საკითხების განხილვა;

(გ) სხდომის იმ ნაწილის აუდიოჩაწერა, რომელიც დაშვებულია დავების განხილვის წესებით (საბჭოს დელიბერაციის ნაწილის გამოკლებით);

4. საბჭომ გამოითხოვოს და საქმის მასალებად მიიერთოს: დავების განხილვის საბჭოს სხდომების ოქმები/ჩანაწერები (ოქმები №89 და №97), ასევე შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (IT/მონაცემთა დამუშავება/მეთოდოლოგია) წერილობითი პოზიცია სადავო საურავის დარიცხვის ალგორითმზე/კონფიგურაციაზე;

5. ალტერნატიულად (თუ საბჭო ჩათვლის შესაძლებლად დავის არსებითად გადაწყვეტას): დაკმაყოფილდეს მომჩივნის საჩივრები და მიიღოს გადაწყვეტილება საურავის დარიცხვის კანონთან შესაბამისი გადათვლის/კორექციის შესახებ.

1) ფაქტობრივი გარემოებები (ქრონოლოგია):

• მომჩივანმა გაასაჩივრა მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 25 ივლისის №21-11/55104 და 29 სექტემბრის №21-11/68602 გადაწყვეტილებები/წერილები, რომელთა შინაარსი უკავშირდება საურავის დარიცხვის საკითხს.

• შემოსავლების სამსახურში შეტანილ იქნა რამდენიმე ადმინისტრაციული საჩივარი (მათ შორის №154517/21, №154526/21, №164026/21, №169530/21 და №169510/21).

• მომჩივანმა 2025 წლის 17 ოქტომბერს წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურს და შუამდგომლობით მოითხოვა:

(ა) ზეპირი განხილვის დანიშვნა;

(ბ) მხარეთა და სპეციალისტის მოწვევა;

(გ) IT დეპარტამენტის წინასწარი პოზიციის გამოთხოვა და საჭიროების შემთხვევაში Oracle Corporation-თან კომუნიკაცია; აგრეთვე წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

• სადავო ბრძანებაში დავის განმხილველი ორგანო მიუთითებს, რომ გადამხდელს „უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე“ და ერთადერთ საფუძვლად ასახელებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილს („დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით“).

• სადავო ბრძანებაში ასახულია, რომ მომჩივანი ასევე ითხოვდა სხდომის (დელიბერაციის ნაწილის გამოკლებით) აუდიოჩაწერას, რაც თავად შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის წესებითაა გათვალისწინებული. სამართლებრივი შეფასება და დასაბუთება

2) საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის სისტემური განმარტება: 302(6) არ წარმოადგენს ზეპირი განხილვის უარყოფის საფუძველს საგადასახადო დავის განხილვის სპეციალური წესები, როგორც წესი, ეფუძნება მხარის ინფორმირებისა და მონაწილეობის იდეას:

ზეპირი განხილვა არის პროცესის სტანდარტული ინსტრუმენტი, ხოლო განხილვა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე — გამონაკლისი.

„დისტანციური განხილვა“ კი წარმოადგენს მონაწილეობის ერთ-ერთ ფორმას (როგორ შეიძლება განხილვა), და არა მონაწილეობის უარყოფას (რატომ არ უნდა გაიმართოს მოსმენა).

სადავო ბრძანებაში გამოყენებული ლოგიკა — „უფლება გვაქვს დისტანციურად განვიხილოთ, ამიტომ უარი უნდა ეთქვას ზეპირ განხილვაზე/მონაწილეობაზე“ — თავისთავად არ არის სამართლებრივად სწორი, რადგან დისტანციური ფორმატი, პირიქით, ზეპირი მოსმენის ჩატარებას ამარტივებს და მხარის ჩართვას უზრუნველყოფს.

ამდენად, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოხმობა ვერ ცვლის ზეპირი მოსმენის უარყოფის რეალურ დასაბუთებას. კანონის სისტემური განმარტებით, თუ ორგანო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ საქმეში შესაძლებელია გამონაკლისად განხილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მან უნდა აჩვენოს ამ გამონაკლისის წინაპირობები და კონკრეტული ფაქტები: რომელი გარემოებები მიიჩნია სრულად დადგენილად, რატომ არის დამატებითი განმარტებები/კითხვები/მტკიცებულებები არასაჭირო, რატომ არ არის აუცილებელი სპეციალისტის ჩართვა და რატომ არ შეიცვლებოდა გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის შემთხვევაში.

სადავო ბრძანება ასეთ შეფასებას არ შეიცავს.

3) შუამდგომლობაზე დაუსაბუთებელი უარი და მოტივაციის დეფიციტი: მომჩივნის შუამდგომლობა არ ეხებოდა მხოლოდ „შეხვედრის ფორმატს“; იგი შეეხებოდა პროცესის არსობრივ ელემენტებს: ზეპირი განხილვის დანიშვნას, მოწვევას და მონაწილეობას, სპეციალისტის ჩართვას, IT პოზიციის გამოთხოვას, ასევე სხდომის აუდიოჩაწერას.

სადავო ბრძანება არ ასხვავებს, კონკრეტულად რომელი შუამდგომლობა უარყო და რა მიზეზით; იგი შემოიფარგლება ზოგადი ფრაზით „უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე“. დასაბუთების ასეთი ფორმა ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული აქტის მოტივაციის მინიმალურ სტანდარტსაც: არ ჩანს, რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო ორგანო, რატომ მიიჩნია ზეპირი განხილვა არამიზანშეწონილად; რატომ უარყო სპეციალისტის მოწვევა, რა სირთულე/რისკი/პროცესუალური მიზანი დაუდო საფუძვლად. შედეგად, უარი იძენს თვითნებურ ხასიათს და არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოსა და კეთილსინდისიერი ადმინისტრირების მოთხოვნებს.

4) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი: მხარის მოსმენის უფლება, გარემოებების სრული გამოკვლევა და „არსებითი დარღვევა“ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას – საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გამოიკვლიოს სრულად და მიუკერძოებლად.

როდესაც საქმე უკავშირდება ტექნიკურად რთულ საკითხს (საურავის დარიცხვის ალგორითმი, პირადი აღრიცხვის ბარათებზე ოპერაციების ასახვა, მონაცემთა ბაზის კონფიგურაცია და ა.შ.), ზეპირი განხილვა წარმოადგენს სწორედ იმ ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს გარემოებების სრულყოფილად დადგენას. ამ ფონზე, ზეპირი მოსმენის/მონაწილეობის უარყოფა (მით უმეტეს — მხოლოდ 302(6)-ზე ზოგადი მითითებით) წარმოადგენს ისეთ პროცედურულ დეფექტს, რომლის გარეშე საქმე შეიძლებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო:

მომჩივანი და მისი სპეციალისტი შეძლებდნენ ტექნიკური კითხვების დასმას, IT პოზიციის მოთხოვნას/განსაზღვრას და შესაბამისი მონაცემების წარმოდგენას, რაც გადაწყვეტილების შინაარსზე რეალურად მოქმედებს.

სწორედ ამიტომ, აღნიშნული დარღვევა არის „არსებითი“: იგი არა მხოლოდ ფორმალური შეუსაბამობაა, არამედ ზღუდავს მხარის მოსმენის უფლებას, ამცირებს მტკიცებულებების შემოტანის შესაძლებლობას და ართმევს ორგანოს სრულფასოვანი გამოკვლევის შესაძლებლობას. არსებითი პროცედურული დარღვევა ქმნის აქტის ბათილობის/გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.

დამატებითი პროცედურული საკითხები: სხდომის აუდიოჩაწერა და საქმის მასალებზე წვდომა სადავო ბრძანებიდან ირკვევა, რომ მომჩივანმა მოითხოვა სხდომის იმ ნაწილის აუდიოჩაწერა, რომელიც დაშვებულია დავების განხილვის შიდა წესებით (დელიბერაციის ნაწილის გამოკლებით). აღნიშნული მოთხოვნა არის გონივრული და ემსახურება პროცესის გამჭვირვალობას, ხოლო მისი უგულებელყოფა/არადამაჯერებელი უარყოფა დამატებით ამძიმებს მოტივაციის დეფიციტს. მომჩივანი ასევე ითხოვდა წარმოების მიმდინარეობის, საქმის მასალების და IT პოზიციის გამოთხოვას. სადავო ბრძანება ამ ნაწილშიც არ იძლევა დეტალურ პასუხს, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი უსაფრთხოების და პროგნოზირებადობის პრინციპებს.

დასკვნა: ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №26410 ბრძანება გამოცემულია არსებითი პროცედურული დარღვევებით, რომლებიც უკავშირდება მომჩივნის მოსმენის უფლებასა და შუამდგომლობების სათანადო განხილვას/დასაბუთებას. აღნიშნულმა დარღვევებმა გავლენა მოახდინა საქმის სრულყოფილად გამოკვლევასა და საბოლოო გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. შესაბამისად, აუცილებელია სადავო ბრძანების ბათილობა/გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა ზეპირი სხდომის დანიშვნითა და მომჩივნის მონაწილეობის უზრუნველყოფით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურმა, მისი არაერთი მოთხოვნის (ზეპირი განხილვის მოთხოვნა) მიუხედავად, მომჩივნის მონაწილეობის გარეშე განიხილა საჩივარი და მიიღო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი 1.12.2025 წლის N26410 ბრძანება. გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, მცდარად და არაზუსტად აღნიშნავს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნებსა და პოზიციას. აღნიშნულმა დარღვევებმა გავლენა მოახდინა საქმის სრულყოფილად გამოკვლევასა და საბოლოო გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. შესაბამისად, მოითხოვა სადავო ბრძანების ბათილობა/გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა ზეპირი სხდომის დანიშვნითა და მომჩივნის მონაწილეობის უზრუნველყოფით. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები საჭიროებს შესწავლას, ხოლო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.12.2025 წლის №26410 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საურავის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საურავის გაანგარიშების მოთხოვნით, მიმართა მომსახურების დეპარტამენტს. მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებებით, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.12.2025 წლის №26410 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,ბ).