ბრძანება N 31729

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.12.2023
№ დოკუმენტი 31729
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31729

18 .12. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------)

(ფაქტ. მის.:-----------------------------;

იურ. მის.: ------------------------------)

2023 წლის 23 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №126) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------) 2023 წლის 23 ნოემბრის №85290/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №056-45 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გამოთვლისას არ გაითვალისწინა შემოწმების დანიშვნამდე დეკლარირებული 2023 წლის მარტის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და რეალიზებულად განიხილა 2020-2022 წლებში. მიუთითებს, რომ დოკუმენტური რეალიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი ადგილობრივად შეძენილ პროდუქციაზე არ აღემატება 3,9%-ს, ხოლო იმპორტირებული საქონლის შემთხვევაში იგი მერყეობს 25%-დან 35%-მდე. აღნიშნავს, რომ ნაშთად დარჩენილი იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებისა და საშუალო სარეალიზაციო ფასის მისადაგებით მიიღება 26%-იანი მარჟა, ნაცვლად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული 36%- ისა. ითხოვს გადამხდელის უშუალო მონაწილეობით აღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებამ გამოიწვია ერთობლივი შემოსავლის დაუსაბუთებელი ზრდა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია სალაროში არსებული ვირტუალური ნაშთის გაზრდა. ითხოვს, სალაროს არაგონივრული ნაშთის დადგენას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისი აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის დაარსებისას საბრუნავი კაპიტალის შევსების მიზნით ნასესხები თანხის ძირისა და მასზე დარიცხული სარგებლის (წლიური 20%) უკან დაბრუნებად განხილვას, ხოლო დარჩენილი თანხის, ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიის დირექტორებზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას.

3. გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №7859 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 11 ოქტომბრის №25327 ბრძანება და 12 ოქტომბრის №056-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 84 427 ლარი, მათ შორის, გადასახადი 47 383 ლარი, ჯარიმა 23 307 ლარი, საურავი 13 737 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სარეცხი და ჰიგიენური საშუალებებით, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი შეძენები. საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდი ბოლოსთვის სმფის ნაშთი არ გააჩნდა. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებამ მოახდინა კომპანიის მიერ, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი შეძენილი საქონლის რეალიზაცია (ადგილობრივ საქონელზე ფასნამატია 6.94%, იმპორტირებულ საქონელზე 35,64%). შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე მუხლის, 160-ე მუხლისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის №19593 ბრძანების შესაბამისად, გამოვლენილი ბრუნვა გადანაწილებული იქნა 2020-2023 წლებზე დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციის შესაბამისად. შემოწმებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. შემოწმებით გაანალიზდა ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი, ვინაიდან საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი შეძენილი საქონლის რეალიზაცია. გადახდილ თანხებში გათვალისწინებულ იქნა საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების გათვალისწინებით, ადგილობრივი შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, გაწეული საიჯარო მომსახურებები და სხვა. დადგენილი სხვაობა, განკარგვადი თანხა, ჩათვლილ იქნა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის“ თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

შემოსავლების სამსახური ყურადღებას აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება შემდეგი: გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო პროგრამა და ფაქტიურად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე პერიოდში განხორციელებულია 282 136 ლარის დღგ-ით დასაბეგრი, 48 784 ლარის ჩათვლის უფლებით და 20 410.5 ლარის ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციები. 2021 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდგომ გადამხდელს ფაქტიურად ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია, გარდა 2022 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ერთჯერადი ოპერაციის ფარგლებში მოახდინა საქონლის მიწოდება თანხით 112 084 ლარი (დღგ-ით დასაბეგრი 89 698 ლარი და 6 241 ლარის ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისაგან გათავისუფლებული ბრუნვა). ამასთან, დგინდება, რომ 2019 წლის ნოემბრის და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში გადამხდელის მიერ განხორციელებულია საქონლის (სარეცხი და საწმენდი საშუალებები) იმპორტი თურქეთიდან, რომლის რეალიზაცია 2020 წლის 1 იანვრამდე ფაქტიურად არ მომხდარა (სულ რეალიზაცია 208 ლარი დღგ-ს გარეშე), 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გადამხდელს გააჩნდა საქონლის დიდი ნაშთი. საწარმოს დაარსების დღიდან იმპორტირებული აქვს 177 648 ლარის საქონელი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი აქვს 218 346 ლარის პროდუქცია. შესაბამისად, 2023 წლის 1 მარტამდე (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს) საწარმოს უფიქსირდება გაუნაშთავი საქონელი, რომლის დეკლარირებაც მოახდინა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, მარტის თვეშე (122 980 დღგ-ის გარეშე). შემოწმების მიერ დაანგარიშებული იქნა ნაშთად არსებული საქონლის რაოდენობა, რომლის საბაზრო ფასი განისაზღვრა გადამხდელის მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ფასის მიხედვით, ხოლო იმ პროდუქციაზე, რომლის ფასის დადგენაც ვერ მოხერხდა მასზე გავრცელებული იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტაციით გამოყვანილი საშუალო შეწონილი ფასნამატი (იმპორტირებულ პროდუქტზე 35.64%, ადგილობრივი ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ საქონელზე 6.94%, ხოლო ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ საქონელზე 4.3%). გასანაშთი პროდუქციის საბაზრო ფასმა დღგ-ის გარეშე შეადგინა 137 763 ლარი, ნაცვლად 122 980 ლარისა (სხვაობა 14 783 ლარი), რომელიც შემოწმებით კანონმდებლობის შესაბამისად გადანაწილებული იქნა 2020-2023 წლებზე დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციის მიხედვით.

აგრეთვე, განკარგვადი თანხის დასაანგარიშებლად შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა იმპორტირებული და ადგილობრივი შეძენილი საქონლის რეალიზაცია, ხოლო გადახდილ თანხებში გათვალისწინებულ იქნა საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულება, ტრანსპორტირების გათვალისწინებით, ადგილობრივი შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, გაწეული საიჯარო მომსახურებები და სხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია, კერძოდ, შემოწმების მიერ 2023 წლის 1 მარტამდე ნაშთად არსებულ საქონელზე საბაზრო ფასად გადამხდელის მიერ გამოწერილ დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასის განსაზღვრა, ხოლო, იმ პროდუქციაზე, რომლის ფასის დადგენაც ვერ მოხერხდა, საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებულ შემოსავალს და ხარჯებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება:1. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.2.საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7859 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №25327 ბრძანება და №056-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 84 427 ლარი, მათ შორის, გადასახადი 47 383 ლარი, ჯარიმა 23 307 ლარი, საურავი 13 737 ლარი.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდი ბოლოსთვის სმფის ნაშთი არ გააჩნდა. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე მუხლის, 160-ე მუხლისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის №19593 ბრძანების შესაბამისად, გამოვლენილი ბრუნვა გადანაწილებული იქნა 2020-2023 წლებზე დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციის შესაბამისად. შემოწმებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

აგრეთვე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ შემოსავალს და ხარჯებს შორის დადგენილი სხვაობა, ჩათვლილ იქნა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ ); 159(1 „ა“ ;163(1); 164(1); 269(7);

(2021 წლამდე მოქმედი) 160(,,ა“ ); 161(1 „ა“ , „ა.ა“);