გადაწყვეტილება №24495/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.02.2025
№ დოკუმენტი 24495/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24495/2/2024

11 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 23.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24495/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

2. ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყებაზე უარი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29547 ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 4.12.2024 წლის №25417 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 366 354,47 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 230 382

დღგ - 159 750

მოგების გადასახადი - 2 891

საშემოსავლო გადასახადი - 67 741

ჯარიმა - 115 009

საურავი - 20 963,47

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა კვების პროდუქტებით, ხილ-ბოსტნეულით და შერეული საქონლით ვაჭრობა ქ. "--------"-ში.

აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.09.2022 წლის №23330 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, დარჩა განუხილველი,რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.09.2022 წლის №17870/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 28.10.2023 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით, სადაც არ ეთანხმებოდა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვდა დავის განახლებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29547 ბრძანებით საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, ხოლო ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.02.2024 წლის №21611/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 19.11.2024 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით, სადაც არ ეთანხმებოდა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნას. შემოსავლების სამსახურის 4.12.2024 წლის №25417 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

მომჩივანმა 23.12.2024 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა საჩივარი ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე და გასაჩივრებულ დოკუმენტებად მიუთითა შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29547 და 4.12.2024 წლის №25417 ბრძანებები.

 

სადავო საკითხები:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ნულოვანი საშემოსავლო და მოგების გადასახადის დეკლარაციები. პირი არ ადეკლარირებს შეძენილი სმფ-ის შესაბამის ბრუნვას. საწარმოს არ უფიქსირდება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და შემოწმების პროცესში არ წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია, შემოწმებისათვის ასევე არ იქნა წარმოდგენილი განხორციელებულ იმპორტისას არარეზიდენტ მომწოდებლებისათვის დავალიანების გადახდის ან/და აღნიშნული პირების მიმართ კრედიტორული დავალიანების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ვინაიდან ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ დგინდება უცხოელი მომწოდებლების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების დაფარვის ფაქტი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხილული იქნა საწარმოს ხელმძღვანელ პირზე გაცემულ სესხად (კრედიტორული დავალიანების 75% დაფარვის გათვალისწინებით) და შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო გაცემულ სესხზე დარიცხული სარგებელი - საშემოსავლო გადასახადით.

გადამხდელმა შემოწმების პროცესში არ წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შემოწმებისას საწარმოს შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმებისათვის არ იქნა წარმოდგენილი სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი, ასევე ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე არ იქნა წარმოდგენილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილია სალაროს ნაშთი ნული, შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის შემოსავლების გაანგარიშება მოხდა საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები, ხოლო ხარჯები გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. გადასახადის გადამხდელის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილული იქნა საწარმოს ხელმძღვანელის მიერ მიღებულ სარგებლად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაბეგრილი იქნა საშემოსავლო გადასახადით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „---------“-ის (ს/ნ „-------“ ) მიერ 26.08.2022 წელს წარმოდგენილი საჩივარი №155082/21, შემოსავლების სამსახურის 8.09.2022 წლის №23330 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი. ასევე, შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 28 ოქტომბრის №84437/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29547 ბრძანებით ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი. ხოლო, 2024 წლის 17 აპრილს წარმოდგენილი №89141/1/2024 საჩივარი 2024 წლის 23 აპრილის №9387 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი წარმოადგენს საჩივარს ახალი გარემოების საფუძველზე, არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებს, რადგან არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ჩაკეტილი იყო ყველაფერი, დაერთო უმუშევრობა და გადასახდელი იყო ბანკის სესხები, აგრეთვე ხელფასები თანამშრომლებისთვის და იჯარის თანხა, რის გამოც კომპანია იყო ზარალზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დაბრუნდეს საქმე აუდიტის დეპარტამენტს და ხელმეორედ დაიანგარიშოს დარიცხული თანხა, რადგან არარეალური თანხებია დარიცხული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.09.2022 წლის №23330 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

მომჩივანმა 28.10.2023 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით, სადაც არ ეთანხმებოდა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვდა დავის განახლებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29547 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 17.04.2024 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით, სადაც არ ეთანხმებოდა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნას. შემოსავლების სამსახურის 23.04.2024 წლის №9387 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარადგინა 26.08.2022 წელს (№74231/1/2022), 28.10.2023 წელს (№84437/1/2023) და 17.04.2024 წელს (№89141/1/2024), რაზეც შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილებები, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 4.12.2024 წლის №25417 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყებაზე უარი

ფაქტების აღწერა

სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვის საფუძვლები მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 308-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე და 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, თუმცა საჩივარში არ არის განმარტებული, კონკრეტულად რა გარემოება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილს/გამოვლენილს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივარში არ არის მითითებული გარემოება, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებად ან მტკიცებულებად, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში არ უთითებს კონკრეტულ ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებაზე, ხოლო მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებთა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მიღებულია შემოსავლების სამსახურის 8.09.2022 წლის №23330 ბრძანება, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც გასაჩივრებული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.09.2022 წლის №17870/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 28.10.2023 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით, სადაც არ ეთანხმებოდა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვდა დავის განახლებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო. აღნიშნულზე მიღებულია შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29547 ბრძანება, რომლითაც საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.02.2024 წლის №21611/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭო მიუთითებს აღნიშნულ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის განახლების თაობაზე მომჩივნის მოთხოვნასან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იყო შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29547 ბრძანებით, ხოლო აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რაზეც მიღებულია საბჭოს 8.02.2024 წლის №21611/2/2023 გადაწყვეტილება, არსებობს ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი მეორე დავის საგნის (ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყებაზე უარი) ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებს.ითხოვს დაბრუნდეს საქმე აუდიტის დეპარტამენტს და ხელმეორედ დაიანგარიშოს დარიცხული თანხა, რადგან არარეალური თანხებია დარიცხული.

2.მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს წარდგენილი აქვს ნულოვანი საშემოსავლო და მოგების გადასახადის დეკლარაციები. პირი არ ადეკლარირებს შეძენილი სმფ-ის შესაბამის ბრუნვას. საწარმოს არ უფიქსირდება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და შემოწმების პროცესში არ წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია, შემოწმებისათვის ასევე არ იქნა წარმოდგენილი განხორციელებულ იმპორტისას არარეზიდენტ მომწოდებლებისათვის დავალიანების გადახდის ან/და აღნიშნული პირების მიმართ კრედიტორული დავალიანების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ვინაიდან ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ დგინდება უცხოელი მომწოდებლების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების დაფარვის ფაქტი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხილული იქნა საწარმოს ხელმძღვანელ პირზე გაცემულ სესხად და შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო გაცემულ სესხზე დარიცხული სარგებელი - საშემოსავლო გადასახადით.

გადამხდელმა შემოწმების პროცესში არ წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შემოწმებისას საწარმოს შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებისას გადამხდელის შემოსავლების გაანგარიშება მოხდა სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები, ხოლო ხარჯები გაანგარიშდა სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. გადამხდელის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილული იქნა საწარმოს ხელმძღვანელის მიერ მიღებულ სარგებლად.სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაბეგრილი იქნა საშემოსავლო გადასახადით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვის საფუძვლები მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 4.12.2024 წლის №25417 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

2.საბჭო მიუთითებს აღნიშნულ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის განახლების თაობაზე მომჩივნის მოთხოვნასან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იყო შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29547 ბრძანებით, ხოლო აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რაზეც მიღებულია საბჭოს 8.02.2024 წლის №21611/2/2023 გადაწყვეტილება, არსებობს ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(ზ).