ბრძანება N 14603
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14603
26 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 2 მაისის, 12 მაისის და 12 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 2 მაისის №80708/1/2023, 12 მაისის №80942/1/2023 და 12 ივნისის №81608/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №007-71 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ სმფ-ების ნაშთს და აცხადებს, რომ შემმოწმებელს არასწორად აქვს გაანგარიშებული შეფუთული ------- შეკვრის წონა;
2. მომჩივნის განმარტებით, საქონლის შემოტანა ძირითადად ხდება ირანის რესპუბლიკიდან და თანხები გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, რაც არ არის გათვალისწინებული შემოწმების მიერ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 იანვრის №688 და 27 მარტის №6015 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 01 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის - 2022 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 აპრილის №7248 ბრძანება და ამავე თარიღის №007-71 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 372 419 ლარი, მათ შორის, გადასახადი 205 433 ლარი, ჯარიმა 101 478 ლარი და საურავი 65 508 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, ძირითადად -------, უფიქსირდება როგორც იმპორტირებული, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 2 239 126 ლარის საქონელი, ხოლო საქონლის რეალიზაციიდან დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 115 929 ლარს, რაც თითქმის სრულად დოკუმენტურია (გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები). გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ფიქსირდება 431 313 ლარის თვითღირებულების საქონლის ნაშთი, მათ შორის, ------- ნაშთი თანხობრივად შეადგენს 315 870 ლარს და რაოდენობრივად 1 097 ტონას. საქონლის (საკვები -------) მოძრაობის ანალიზით ირკვევა, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანიას გააჩნია მზარდი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. ამ პერიოდის განმავლობაში მინიმალური ნაშთი შეადგენს 758 ტონას და მუდმივად იზრდება, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი შეადგენს 1 097 ტონას. ამასთან, 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში შეძენილია 3 604 ტონა -----, იმ პირობებში, როცა არ ხდება ნაშთის ამოყიდვა და ფიქსირდება უძრავი ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის №5320 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 20 მარტის მდგომარეობით ------- ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა 274 300 კგ (საბაზრო ღირებულებით 128 507 ლარი).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, განსაზღვრულ იქნა სმფ-ების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (01.01.2023წ.), ინვენტარიზაციით განსაზღვრული ნაშთის ფაქტობრივ მოცულობას დაემატა რეალიზებული საქონლის რაოდენობა და გამოაკლდა შეძენილი საქონლის რაოდენობა, შედეგად ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 198 260 კგ, ხოლო ბუღალტრული ნაშთი ამ პერიოდისთვის იყო 1 097 707 კგ, გამოვლენილი სხვაობა - 899 447 კგ უძრავი ნაშთის წარმოშობის პერიოდების მიხედვით განხილულ იქნა მიწოდებად შესაბამისი პერიოდის შეწონილი დოკუმენტური ფასებით. შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო მიღებული განკარგვადი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
2. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს ------- ირანიდან და თურქეთიდან. შემოწმებისთვის მოწოდებული სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით, არარეზიდენტ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება დაფიქსირებულია სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით. საბანკო ამონაწერებით, უნაღდო ანგარიშსწორება არ არის განხორციელებული. შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან მომწოდებლებზე გადახდილად ნაჩვენები თანხები ჯამურად შეადგენს 523 431 ლარს და კრედიტორული დავალიანება არ ფიქსირდება. გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგ.: შედარების აქტი, თანხის მიღება-ჩაბარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) არ წარმოდგენილა.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% (392 573 ლარის ოდენობით) ჩაითვალა ანაზღაურებულად. შესაბამისად, სააღრიცხვო მონაცემებით სალაროდან არარეზიდენტი კრედიტორების ანგარიშსწორებისთვის ჩამოწერილი თანხების (რომლებზეც არ იქნა წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) 25% ჩაითვალა აუნაზღაურებლად და ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. განსაზღვრულ იქნა სმფ-ების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, კერძოდ, ინვენტარიზაციით განსაზღვრული ნაშთის ფაქტობრივ მოცულობას დაემატა რეალიზებული საქონლის რაოდენობა და გამოაკლდა შეძენილი საქონლის რაოდენობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმების მიერ განსაზღვრულ და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა განხილულ იქნა მიწოდებად შესაბამისი პერიოდის შეწონილი დოკუმენტური ფასებით, რის საფუძველზეც დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო მიღებული განკარგვადი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება განხორციელდა მართლზომიერად.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილ ფაქტობრივ ნაშთს და აცხადებს, რომ შემმოწმებელს ტექნიკური ხარვეზის გამო არასწორად აქვს გაანგარიშებული შეფუთული ------- წონა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან (საწარმოს დირექტორთან და ბუღალტერთან) განხილულ იქნა საქონლის ნაშთებთან დაკავშირებული ყველა დეტალი. გადამხდელს გაეგზავნა შესაბამისი კალკულაციის ცხრილი, რის საფუძველზეც შემოწმებამ განსაზღვრა საქონლის ნაშთი, რომელიც შეუდარდა ინვენტარიზაციის შედეგად დათვლილ რაოდენობებს და გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს ------- ირანიდან და თურქეთიდან. არარეზიდენტ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება დაფიქსირებულია სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით და გადახდილად ნაჩვენებია 523 431 ლარი, ხოლო შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი. „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო 25% - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ------- იმპორტს ახორციელებდა ირანის რესპუბლიკიდან, ხოლო თანხების გადახდა ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რაც არ გაითვალისწინა შემოწმებამ. მომჩივანმა დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც მისი განმარტებით, მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტებია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა, რათა წარმოედგინა ირანის რესპუბლიკაში მომწოდებლებისთვის თანხის ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული შინაარსის მასალები გადამხდელს არ წარმოუდგენია.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია არ წარმოადგენს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეცვლის და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, უფიქსირდება როგორც იმპორტირებული, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის რეალიზაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ფიქსირდება საქონლის ნაშთი, რომელიც განსხვავდება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი ნაშთისგან. შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო მიღებული განკარგვადი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
2. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს საქონელი ირანიდან და თურქეთიდან. შემოწმებისთვის მოწოდებული სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით, არარეზიდენტ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება დაფიქსირებულია სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით. გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი არ წარმოდგენილა. შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, 25% ჩაითვალა აუნაზღაურებლად და ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 136(3); 159; 160; 164; 101; 154; 275