გადაწყვეტილება №21606/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21606/2/2023
13 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: : შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 15.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21606/2/2023).
დავის საგანი:
შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა და დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №050-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №29031 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 182 462 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 112 986
დღგ - 38 264
მოგების გადასახადი - 60
საშემოსავლო გადასახადი - 74 662
ჯარიმა - 56 650
საურავი - 12 826
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა -------- მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოება. კომპანია, როგორც ქვეკონტრაქტორი, აღნიშნულ მომსახურეობას უწევს კონტრაქტორს შპს „----------“, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ტენდერში გამარჯვებულ საწარმოს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის №5424 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საპროექტო სამუშაოების განხორციელებისას მომჩივანი შესრულებული სამუშაოების მიხედვით კონტრაქტორს სისტემატიურად (ყოველთვიურად ან/და თვეში რამდენიმეჯერ) წარუდგენს შესრულებულ სამუშაოთა აქტს (ფორმა 2) და მის საფუძველზე გადახდის მოთხოვნას, რომელთა საფუძველზე კონტრაქტორი დამკვეთისგან იღებს ანაზღაურებებს და თავის მხრივ უნაზღაურებს ქვეკონტრაქტორს.
საწარმოში 2023 წლის 14 მარტს ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით საქონლის ფაქტობრივი ნაშთი არ გამოვლინდა. კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოთა შესრულების მოცულობების, მის მიერ შეძენილი სასაქონლო მარაგების და ინვენტარიზაციის მასალების შედარებით დადგინდა, რომ 2023 წლის თებერვალში საწარმოს მიერ შეძენილი 6 071 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღი არ არის გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში და არც ნაშთად ფიქსირდება. აღნიშნული საქონლის სხვაგვარად გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები არ წარდგენილა.
აღნიშნული საქონელი იმავე საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა რეალიზებულად, ხოლო რეალიზაციის თანხა - 242 485 ლარი ჩაითვალა მიღებულად. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მიღებული თანხების მოცულობა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბუღალტრო მონაცემებზე, ახსნა-განმარტებებზე და საწარმოში ჩატარებული ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგებზე დაყრდნობით, მიღებული თანხა ჩაითვალა დირექტორის სასარგებლოდ გაცემულად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25291 ბრძანება და 12 ოქტომბრის №050-17 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 182 462 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 27 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 ნოემბრის №29031 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საწარმო თავის კონტრაქტორს შესრულებული სამუშაოების მიხედვით წარუდგენს ფორმა 2-ს, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანაზღაურება და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. კომპანიას გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებული და გამართული სისტემა. საგადასახადო დარიცხვის ძირითადი საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ საწარმომ 2023 წლის თებერვალში მდინარე რიონის ნაპირსამუშაოების და დამბის გასამაგრებლად, ელექტრონული ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით შეიძინა 6 071 კუბამეტრი ქვიშა-ღორღი. აღნიშნული ქვიშა-ღორღის რაოდენობა არ აისახა დამკვეთისათვის შედგენილ ფორმა-2-ში. შესაბამისად, აუდიტორებმა 6 071 კუბამეტრი ჩათვალეს რეალიზებულად და თანხა მიღებულად, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
აღსანიშნავია, რომ ჭარბი ნალექის პირობებში ადიდდა მდინარე რიონი, გადმოლახა ნაპირი და უკვე გაშლილი ბალასტი, რომელიც უკვე ჩალაგებულ იყო ქვებზე, ჩაიტანა მდინარის კალაპოტში, რამაც გამოიწვია სხვა მიმდინარე სამუშაოების შეფერხება. ეს სტიქიური მოვლენა ფართოდ გაშუქდა კიდეც პრესითა და ტელევიზიით, რასაც მოჰყვა დიდი რეზონანსი საზოგადოებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოადგენს ფოტო მასალას დანართის სახით.
შესასრულებელი სამუშაოების დასამთავრებლად კონტრაქტორმა ითხოვა დამატებითი დრო და რესურსი (წარმოადგენს შესაბამის წერილს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროზე). განხორციელდა შესაბამისი მასალების თავიდან მობილიზება და სამუშაოების დასრულება. ასევე, ამ ზარალს ვერ მოითხოვდნენ კონტრაქტორისგან, ვინაიდან პროექტმა განიცადა ცვლილება და გაუთვალისწინებელი თანხა გამოყენებული იქნა ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ წყალმა ჩალაგებულ ქვას უკანა მხრიდან შემოუარა და იძულებული გახდნენ მოემატებინათ სიგრძე, რათა ჩაეკეტათ კუთხე, საიდანაც წყალი შედიოდა უკანა მხარეს.
6 071 კ/მ მასალა, რაც დაახლოებით 300 ერთეულ თვითმცლელს შეადგენს, ვერანაირად ვერ იქნებოდა რეალიზებული და ეს პოზიცია მოკლებულია საღ აზრს, მითუმეტეს, რომ არსებობს სტიქიის დამადასტურებელი ვიდეო და ფოტო მასალა.
დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 დეკემბრის №--------- წერილს (ცნობას) 2023 წლის 4 მარტიდან 7 მარტის ჩათვლით წყლის დონისა და ნალექების რაოდენობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ მდინარის აუზში თოვლის დნობასა და მოსულ ნალექებს მდ. რიონის ჭალა-კალაპოტში შესაძლებელია გამოეწვია წყალმოვარდნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მის მიერ დაფიქსირებული ფაქტები/გარემოებები და ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №29031 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს მიერ განხორციელებულ სამუშაოთა შესრულების მოცულობების, მის მიერ შეძენილი სასაქონლო მარაგების და ინვენტარიზაციის მასალების შედარებით დადგინდა, რომ 2023 წლის თებერვალში კომპანიას შეძენილი 6 071 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღი არ აქვს გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში და არ უფიქსირდება ნაშთად. შემოწმებისთვის აღნიშნული საქონლის სხვაგვარად გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები არ არის წარდგენილი. აღნიშნული საქონელი იმავე საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა რეალიზებულად და გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო რეალიზაციის თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელის მიერ 7.03.2024 წელს წარმოდგენილ დაზუსტებულ საჩივარში აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანია წარმოადგენდა შპს „----------“ ქვეკონტრაქტორს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის --------- სამუშაოების ნაწილის შესასრულებლად. ტენდერის პირობების შესაბამისად, საწარმომ სრულად უზრუნველყო სატენდერო პირობების შესრულება. კერძოდ, კომპანიას, როგორც შპს „---------“ ქვეკონტრაქტორს ევალებოდა ნაპირსამაგრი სამუშაოების და მასთან მისასვლელი გზის შეკეთება. ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად, პირველ რიგში საჭირო იყო მისასვლელი გზის შეკეთება, რაც პირველად კომპანიის მიერ გაკეთდა სატენდერო სამუშაოების დასაწყისში 2022 წლის აგვისტოს თვეში. თუმცა, სამუშაოების შესრულების პროცესში, მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ აღნიშნულ გზაზე კვლავ მოახდინა გზის საფარის დაზიანება და დამკვეთის მიერ მოთხოვნილ იქნა გზის საფარის ხელახლა აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებდა სატენდერო სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებაზე, რაც ტენდერის თავდაპირველი პირობებით გათვალისწინებული არ იყო. აღნიშნული მიზნით, კომპანიამ 2023 წლის თებერვლის თვეში შეიძინა და გამოიყენა 5 000 მ 3 -ზე მეტი ბალასტი. გზის საფარის ხელახლა რეაბილიტაციის აუცილებლობასა და აღნიშნული მიზნით 5 000 მ 3 -ზე მეტი ბალასტის საჭიროებას ადასტურებს 2023 წლის თებერვლის თვეში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, --------- მერიის, სს „---------„-ის და შპს „----------“ მიმოწერა. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი დამკვეთმა გააფორმა საწარმოს მიერ გზის საფარის ხელახლა რეაბილიტაციის შემდეგ.
მომჩივანმა თავისი პოზიციის გასამყარებლად წარმოადგინა მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის და საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბჭოს აპარატს, აუდიტის დეპარტამენტს გადაუგზავნოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №29031 ბრძანება;
3. დაევალოს საბჭოს აპარატს, აუდიტის დეპარტამენტს გადაუგზავნოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები;
4.გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია;
5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
6. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, მოახდინოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
7. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა და დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოება. კომპანია, როგორც ქვეკონტრაქტორი, აღნიშნულ მომსახურეობას უწევს კონტრაქტორს. შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს მიერ განხორციელებულ სამუშაოთა შესრულების მოცულობების, მის მიერ შეძენილი სასაქონლო მარაგების და ინვენტარიზაციის მასალების შედარებით დადგინდა, რომ 2023 წლის თებერვალში კომპანიას შეძენილი 6 071 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღი არ აქვს გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში და არ უფიქსირდება ნაშთად. შემოწმებისთვის აღნიშნული საქონლის სხვაგვარად გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები არ არის წარდგენილი. აღნიშნული საქონელი იმავე საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა რეალიზებულად და გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო რეალიზაციის თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(4,9);159(1);163(1);164(1);101(1);154(1);