გადაქყვეტილება №16852/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№16852/2/2022
8.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „---------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ----------- 17.06.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №16852/2/2022).
დავის საგანი:
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12. 2021 წლის №081-431 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13830 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 216 189 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 144 000
ჯარიმა - 72 000
საურავი - 189
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.05.2021 წლიდან 1.06.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: 1.08.2020 წელს ფ/პ ------------- და სს ------------ შორის გაფორმდა სამშენებლო მომსახურების ხელშეკრულება და ფ/პ ------------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ------------) დაიწყო სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, შემსრულებლის მასალებით. 30.04.2021 წელს ------------სა და სს ------------სს შორის გაფორმდა მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ნაგებობის იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გადამხდელის განმარტებით, სამშენებლო პროექტიც გადაიბარა სს ------------ (ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მოიჯარე ვალდებულია გადაიბაროს 1.08.2020 წლის მომსახურების ხელშეკრულების (მხარეები: დამკვეთი ------------, შემსრულებელი სს ------------ (ს/ნ ------------) საფუძველზე მეიჯარის მიერ ნაკისრი უფლებები და ვალდებულებები და უზრუნველყოს პროექტის დასრულება, რაც წერილობით უნდა ეცნობოს შემსრულებელს, სს ------------ს.
სამშენებლო სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2021 წლის მაისის თვეში და 31 მაისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ------------მა (შემსრულებელი) მიაწოდა, ხოლო სს ------------მა (დამკვეთი) მიიღო 1.08.2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით (მხარეები სს ------------ და ------------) გათვალისწინებული მომსახურება (სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები), გადასახდელი თანხა 944 000 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე, გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა ეა-72 № ---------- დღგ-ის თანხით 144 000 ლარი, რაც ჩაითვალა სს ------------. განმარტებით და წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერებით დგინდება, რომ თანხა ამ ეტაპზე გადახდილი არ არის და კომპანია ვალდებულებას დაფარავს დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შევსების გზით მიღებული სახსრებით (სს ------------ დაფუძნებულია ფ/პ ------------ის მიერ, 27.04.2021 წელს). 23.07.2021 წელს, იჯარის ხელშეკრულება ჩანაცვლდა აღნაგობის ხელშეკრულებით (ვადა 10 წელი), რომლის თარიღიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მითითებულია 1.05.2021 წელი. აღნაგობის ხელშეკრულების მიხედვით, მეაღნაგემ უნდა უზრუნველყოს მიწაზე არსებული შენობის დემონტაჟი და აწარმოოს ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც იქნება მეაღნაგის საკუთრება. თუმცა, სს ------------ის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრისას დადგინდა, რომ ------------თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვე ააშენა სამსართულიანი ვილა, რომელზეც მიღება-ჩაბარება გაუფორმა სს ------------ს.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით, ვერ დადგინდა სს ------------ს მიერ მიღებული დღგ-ის თანხის (144 000 ლარი) ჩათვლის სისწორე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №081-431 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13830 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოწმებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება მართლზომიერია. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
1.08.2020 წელს ---------- და სს ------------ს შორის გაფორმებული სამშენებლო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, ------------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დაიწყო სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. მშენებლობა მიმდინარეობდა შემსრულებლის მასალებით.
28.04.2021 წელს დაარსდა სს -------------, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელია ------------. 30.04.2021 წელს ------------სა და სს -------------ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საიჯარო საგანს წარმოადგენს ----------ში, სოფ. ------------ში მდებარე მეიჯარის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2 500 კვ.მ.
ხელშეკრულების 3.4.3 მუხლის შესაბამისად, მოიჯარე ვალდებულია გადაიბაროს 1.08.2020 წლის მომსახურების ხელშეკრულების (მხარეები დამკვეთი ------------- და შემსრულებელი სს -----------) საფუძველზე მეიჯარის მიერ ნაკისრი უფლებები და ვალდებულება და უზრუნველყოს პროექტის დასრულება.
30.04.2021 წელს --------------ს, სს -------------ს და სს ------------ს (------------- - დამკვეთი, სს ---------------- - შემსრულებელი, სს ------------- - კომპანია) შორის გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება, რომლის თანახმადაც შემსრულებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს დამკვეთს სამშენებლო სარემონტო სამუშაოები. ასევე, უძრავი ქონების მესაკუთრის -------------ის სურვილია სს ------------ს სრულად დაუთმოს 1.08.2020 წელს ------------სა და სს -------------ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა უფლება და მოვალეობა. სს ----------- გამოხატავს სურვილს, რომ მიიღოს 1.08.2020 წელს ------------სა და სს -----------ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.
1.05.2020 წელს ------------სა და სს -----------ს შორის გაფორმდა აღნაგობა, რომლის საფუძველი გახდა:
ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად უძრავ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 500 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე -------------, სოფ. -------------, -------------ს რეგისტრირებული აქვს საკუთრების უფლება და ბ) „აღნაგობის უფლების მქონე პირის“ სურვილია, რომ ამავე შეთანხმებითვე განსაზღვრული პირობების დაცვა, აღნაგობის უფლებით მიიღოს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი და აწარმოოს მასზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დარეგისტრირდა უშუალოდ სს ------------ის საკუთრებად და მასვე მიენიჭება შესაძლებლობა ამ უფლების: გასხვისების, მემკვიდრეობით გაცემის, თხოვებისა და გაჩუქებისა.
31.05.2020 წელს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი სს ------------ს (დამკვეთი) და სს -------------ს (შემსრულებელი) შორის, სადაც თანხმდებიან, რომ „შემსრულებელმა“ მიაწოდა, ხოლო „დამკვეთმა“ მიიღო 1.08.2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება. კერძოდ, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებებმაც შეადგინა 944 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). 24.06.2021 წლის ხელშეკრულების თანახმად, სს ------------სა და სს ------------ს შორის დაიდო ქვეიჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უკვე დასრულებული სასტუმროს შენობა სამართავად გადაეცა სს --------------ს. იჯარის თანხა შეადგენს საქვეიჯარო საგნით სარგებლობის მიღებული შემოსავლის 97%-ს.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2021 წელს მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 90 776 ლარი, ხოლო გაწეულ მომსახურებაზე გადახდილმა დღგ-მა 16 340 ლარი.
სს -----------ს აღნაგობით მიღებულ მიწაზე გეგმავს კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და ორივე შენობის სასტუმრო მიზნით გამოყენებას. გაუგებარია სად დაირღვა საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლით დღგ-ის ჩათვლის უფლება, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-4, 601 , 96-ე და 97-ე მუხლებზე და განმარტავს შემდეგს: იმისთვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
მოცემულ საქმეზე მართლაც იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ორგანოებს სრულყოფილად რომ გამოეკვლიათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლზე და მოითხოვს შეჩერდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დავის დასრულებამდე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
დადგინდა, რომ ფ/პ -----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ -----------) სამშენებლო მომსახურების ხელშეკრულება სს ----------თან გაფორმებულია 1.08.2020 წელს და დაწყებულია სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, შემსრულებლის მასალებით. ----------სა და სს ----------ს შორის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ნაგებობის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 30.04.2021 წელს. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (28.04.2021 წლის №----------) მიხედვით, სს ----------ის (ს/ნ ----------) რეგისტრაციის თარიღია 28.04.2021 წელი. სამშენებლო სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2021 წლის მაისის თვეში და 31 მაისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ----------მა (შემსრულებელი) მიაწოდა, ხოლო სს ----------მა (დამკვეთი) მიიღო 1.08.2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით (მხარეები სს ---------- და ----------) გათვალისწინებული მომსახურება (სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები), გადასახდელი თანხა 944 000 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე, გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა ეა-72 №---------- დღგ-ის თანხით 144 000 ლარი, რაც ჩაითვალა სს ----------მა. დგინდება, რომ თანხა ამ ეტაპზე გადახდილი არ არის და კომპანია ვალდებულებას დაფარავს დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შევსების გზით მიღებული სახსრებით (სს ---------- დაფუძნებულია ფ/პ ----------ის მიერ). 23.07.2021 წელს, იჯარის ხელშეკრულება ჩანაცვლდა აღნაგობის ხელშეკრულებით (ვადა 10 წელი), რომლის თარიღიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მითითებულია 1.05.2021 წელი. აღნაგობის ხელშეკრულების მიხედვით, აღნაგობის უფლების მქონე პირმა უნდა უზრუნველყოს მიწაზე არსებული შენობის დემონტაჟი და აწარმოოს ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც იქნება მიწის მესაკუთრის საკუთრება. სს ------------ის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრისას დადგინდა, რომ -------------თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვე ააშენა სამსართულიანი ვილა, რომელზეც მიღება-ჩაბარება გაუფორმა სს -------------ს.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის იჯარით გადაცემა განხორციელდა ურთერთდამოკიდებულ პირზე, უცნობია აღნიშნული ფართის იჯარით გამოყენების ნამდვილობა. გარდა ამისა, შემოწმების დასრულების შემდგომ იჯარა შეწყვეტილია, აღარ ხდება ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და იჯარის თანხების დაბეგვრა. აღნიშნულის საფუძველზე, შემოწმების მიერ მიჩნეულია, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან სს ---------- (ს/ნ ----------) რეგისტრირებულია სამშენებლო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ფ/პ ----------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აღნაგობის ხელშეკრულება გაფორმებულია 1.05.2021 წლის თარიღით, ხოლო 1.08.2020 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 31.05.2021 წელს, არ დასტურდება მომჩივნის მიერ მიღებული დღგ-ის თანხის (144 000 ლარი) ჩათვლის სისწორე და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.