გადაწყვეტილება №20430/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20430/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20430/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 31.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20430/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №024-89 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16852 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 52 898 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 8 598

დღგ - (- 5 366)

მოგების გადასახადი - 8 018

საშემოსავლო გადასახადი - 5 946

ჯარიმა - 8 598

საურავი - 35 702

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სპორტული ღონისძიებების ორგანიზება ავტო/მოტოსპორტის დარგში და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობა (სწავლება, ვარჯიშები, სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია და ა.შ).

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 15.12.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №024-89 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16852 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლის მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) საფუძველზე (შემოსავლების სამსახურის უფროსის 30.12.2021 წლის №42109 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით), სალაროს არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-8 ნაწილის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. ამასთან, გაცემულ უპროცენტო სესხზე დარიცხული სარგებელი ჩაითვალა სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველი ნაწილზე და მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცდა მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9), (ცვლილება შევიდა 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით). ხსენებული ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებები გამოსაყენებლად სავალდებულოა 1.01.2017 წლიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებლის გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხვის საფუძვლად გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების (ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე) დანართი №9 - ,,მეთოდური მითითება სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“. შემოწმება მოიცავდა 1.01.2019 წლიდან 15.12.2021 წლამდე პერიოდს, ხოლო დანართი №9 დაემატა შემოსავლების სამსახურის უფროსის 30.12.2021 წლის №42109 ბრძანებით, შესამოწმებელი საგადასახადო პერიოდის შემდგომ და მისი მითითებები არ შეიძლება გავრცელდეს ბრძანების ძალაში შესვლამდე პერიოდზე, ვინაიდან კანონის უკუქცევითი ძალა შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის დებულებით ,,არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.

შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გაზიარებული მომჩივნის პოზიცია კანონის უკუქცევის ძალასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ,,ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებები გამოსაყენებლად სავალდებულოა 1.01.2017 წლიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ.“

შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად ,,გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა.“

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად ,,საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16852 ბრძანებაში აპელირება 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე ეწინააღმდეგება როგორც: ა) საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ზღუდავს კანონის უკუქცევის ძალას, ასევე ბ) საგადასახადო კოდექსის მოთხოვნას, რომელიც ადგენს, რომ გამოიყენება ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა; _ რაც ვერ პასუხობს მთავარ არგუმენტს კანონის უკუქცევითი ძალის გამოყენების დაუშვებლობაზე.

შესაბამისად, ვინაიდან კანონმდებლობით შესამოწმებელ პერიოდში არ იყო განსაზღვრული სალაროს არაგონივრული ნაშთის ცნება, ხოლო 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტს არ შეიძლება ჰქონდეს მოცემულ შემთხვევაში უკუქცევითი ძალა, რადგან მისი მოქმედება აუარესებს გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას, სალაროს ნაშთი არ შეიძლება განხილულ იქნეს კანონდარღვევად და აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვის ნაწილში უნდა გაუქმდეს.

შესაბამისად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16852 ბრძანება.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 8 598 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №024-89 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 35 702,33 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე და 275-ე მუხლზე.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, რეაბილიტაციის რეჟიმი სრულდება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე. ხოლო, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება რეაბილიტაციის გეგმა, მისი დამტკიცების შემდგომ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თარიღით ხორციელდება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის საფუძველზე მიმდინარე გადასახადისაგან გამიჯნული დავალიანების თანხების დარიცხვა (აღდგენა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.09.2022 წლის განჩინებით (საქმე №2/32145-21) დამტკიცდა შპს „------- ის “ (ს/ნ "------") რეაბილიტაციის გეგმა, რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში შპს „--------“ (ს/ნ "------") პროგრამულად გამოყვანილი იქნა რეაბილიტაციის რეჟიმიდან, ხოლო გადავადებული აღიარებული ვალდებულებები 16.09.2022 წლის თარიღით გადატანილია (აღდგენილია) ძირითად ბარათზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით ჯარიმა-საურავები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №024-89 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია ძირითად თანხებზე დარიცხული ჯარიმა - 8 598 ლარი და საურავი 35 702,33 ლარი. 16.09.2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მე-5 მუხლის თანახმად სრულად ძალაში დარჩა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად მოქმედი მორატორიუმის ღონისძიებები.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის მიხედვით კი ,,ჩერდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა) და ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა.

ვინაიდან საწარმოს მიმართ საგადასახადო შემოწმება დაინიშნა გადახდისუუნარობის რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყებამდე და ეხება ამ რეჟიმის დაწყებამდე პერიოდს, ხოლო საწარმო იმყოფება სპეციალურ რეჟიმში და მის მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის და სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად მოქმედებს მორატორიუმი, საგადასახადო მოთხოვნის ძირ თანხებზე ჯარიმების და საურავების დარიცხვა დაუშვებელია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება, ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლის მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი.

შემოწმების მიერ, სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) საფუძველზე (შემოსავლების სამსახურის უფროსის 30.12.2021 წლის №42109 ბრძანებით შესული ცვლილების გათვალისწინებით). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით სალაროს არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ამასთან, გაცემულ უპროცენტო სესხზე დარიცხული სარგებელი ჩაითვალა სახელფასო განაცემად.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები, მათ შორის სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16852 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მოჩივანი მიიჩნევს,რომ სალაროს ნაშთი არ შეიძლება განხილულ იქნეს კანონდარღვევად და აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვის ნაწილში უნდა გაუქმდეს.ასევე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16852 ბრძანება.

2.მომჩივანი აღნიშნავს,რომ ვინაიდან საწარმოს მიმართ საგადასახადო შემოწმება დაინიშნა გადახდისუუნარობის რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყებამდე და ეხება ამ რეჟიმის დაწყებამდე პერიოდს, ხოლო საწარმო იმყოფება სპეციალურ რეჟიმში და მის მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის და სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად მოქმედებს მორატორიუმი, საგადასახადო მოთხოვნის ძირ თანხებზე ჯარიმების და საურავების დარიცხვა დაუშვებელია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლის მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი.

სალაროს არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. ამასთან, გაცემულ უპროცენტო სესხზე დარიცხული სარგებელი ჩაითვალა სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები, მათ შორის სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9), 982,101,154 ,269(7)