ბრძანება N 12950
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12950
09.06.2023
------------ის (პას/ნ ----------)
(მის.: ----------------)
2023 წლის 22 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა --------------ის (პას/ნ -------------) №87029/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 მაისის №EL210367 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჩამოფრინდა ------------- რეისით და შემოსვლისას დააფიქსირა რომ ქონდა თანხა 21000 აშშ დოლარი. გაუშვეს რენდგენზე, რა დროსაც მებაჟემ განუმარტა, რომ ნეიტრალური ზონა გამოიარა და შემოწმება უწევდა. თანხა ჩამოართვეს და ჯარიმა დაუწერეს. მომჩივნის განმარტებით, მან თავიდანვე მიუთითა, რომ იყვნენ ორნი და თანხა შემოიტანა ავტომობილის შესაძენად.
აღნიშნულზე მითითებით არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებულ პასუხისმგებლობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 22 მაისს რეისით ------------ (FZ-711) ჩამოფრინდა --------- რესპუბლიკის მოქალაქე ---------- საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პიროვნება საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით.
საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა ---------ის შეჩერება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა 21 000 აშშ დოლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 53 214 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №69001/000160 “.
ვინაიდან, ---------ის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 22 მაისს შედგენილი №EL210367 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ---------- საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ----------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული თანხის გადახდაზე თავდაპირველად უარი განაცხადა, რაზეც შეივსო №69001086758 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის დოკუმენტი.
მოგვიანებით, ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ -------------- დაუბრუნდა სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩამორთმეული თანხა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:
ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;
ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა);
გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;
ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს დეკლარირებას დაქვემდებარებული 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (169-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მომჩივნისთვის დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. --------------ის (პას/ნ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებულ პასუხისმგებლობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საზღვრის კვეთისას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომჩივანის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე.რის შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა 21 000 აშშ დოლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 53 214 ლარი.მომჩივანს სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
5;27(1);163(1);169(2);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი