გადაწყვეტილება №18889/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 18889/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18889/2/2023

24.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 16.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18889/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. გაყიდული საცხოვრებელი ფართების ღირებულების (დებიტორული დავალიანების) ანაზღაურებულად ჩათვლა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. ფიზიკური პირისათვის ანაზღაურებული უძრავი ქონების ზიანის ხარჯის სარგებლად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.09.2022 წლის №081-164 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2185 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 420 965 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 237 992

დღგ - 5 462

საშემოსავლო გადასახადი - 232 530

ჯარიმა - 118 593

საურავი - 64 380

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 21.09.2022 წლის №24293 ბრძანება და №081-164 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2185 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი. კერძოდ, 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 320 516 ლარს. შემოწმებით არაგონივრული ნაშთად ჩაითვალა 308 637 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით დამტკიცებული №9 დანართის საფუძველზე, სალაროს არაგონივრული ნაშთი, გადასახადის გადამხდელის განმარტების შესაბამისად, განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის სალაროში თანხის აკუმულირების მიზანი იყო დივიდენდის განაწილება, რომელიც განაწილებულ იქნა 2022 წლის მაისის თვეში 199 205 ლარის ოდენობით, რაზეც გადახდილია 35 153 ლარი მოგების გადასახადი და შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელი ითხოვს 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით 320 515 ლარის ოდენობით სალაროს ნაშთი არ იქნას განხილული ხელფასად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, ხოლო სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა

მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“, რომელიც არეგულირებს საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის გაანგარიშებას და არაგონივრული ნაშთის კვალიფიკაციის საკითხებს.

დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად განისაზღვრა 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, როგორც საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ სადავო შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გამოუვლინდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება, სალაროს არაგონივრული ნაშთის ხელფასად დაკვალიფიცირების მოთხოვნით, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. გაყიდული საცხოვრებელი ფართების ღირებულების (დებიტორული დავალიანების) ანაზღაურებულად ჩათვლა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს გაყიდული/გადაფორმებული აქვს საცხოვრებელი ფართები ფიზიკურ პირებზე, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით აღნიშნულ პირებზე ფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა. საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ხელშეკრულებების მიხედვით, ფართების ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული ხელშეკრულების დადების მომენტში. შემოწმებისას გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა შედარების აქტები აღნიშნულ პირებთან, თუმცა შემოწმების პერიოდში მოთხოვნილი აქტები არ არის წარდგენილი. გაყიდული საცხოვრებელი ფართების ღირებულება შემოწმებისას ჩაითვალა ანაზღაურებულად და განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, აწარმოებს ფართების მეპატრონეებთან შედარების აქტების გაფორმებას, რომლებსაც წარმოადგენს დამატებით მათი მოპოვების შემდგომ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს გაყიდული/გადაფორმებული აქვს საცხოვრებელი ფართები ფიზიკურ პირებზე, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით აღნიშნულ პირებზე ფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა. საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ხელშეკრულებების მიხედვით, ფართების ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული ხელშეკრულების დადების მომენტში. შემოწმებისას გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა შედარების აქტები აღნიშნულ პირებთან, თუმცა შემოწმების პერიოდში მოთხოვნილი აქტები არ არის წარდგენილი. გაყიდული საცხოვრებელი ფართების ღირებულება შემოწმებისას ჩაითვალა ანაზღაურებულად და განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე/საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ვინაიდან საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ხელშეკრულებების მიხედვით, ფართების ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული ხელშეკრულების დადების მომენტში, ხოლო მომჩივანი ვერ წარმოადგენს საჩივარში დასახელებულ მტკიცებულებებს (ფართების მეპატრონეებთან გაფორმებულ შედარების აქტებს), საბჭოს მიაჩნია, რომ რეალიზებული საცხოვრებელი ფართების ღირებულების ანაზღაურებულად ჩათვლა, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. ფიზიკური პირისათვის ანაზღაურებული უძრავი ქონების ზიანის ხარჯის სარგებლად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

2021 წლის 11 იანვარს კახაბერ ბერიძეზე ანაზღაურებულია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზიანის ხარჯი 50 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს შორის გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების აქტი. მომჩივანს არ წარუდგენია მშენებლობის პროცესში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება კომპეტენტური ორგანოს ან ექსპერტის მიერ.

აღნიშნული ანაზღაურება ჩაითვალა სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „მ“ ქვეპუნქტებით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, დაზიანება მოხდა საამშენებლო ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რაზედაც განხორციელდა სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოება, რა დროსაც დაფიქსირდა ასევე უძრავი ქონების ზემოაღნიშნული დაზიანებაც. კერძოდ: საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების დროს, 2020 წლის 7 ივნისს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, დაზიანდა კახაბერ ბერიძის უძრავი ქონება (ნაწილობრივ დაინგრა მშენებლობის მეზობლად მდებარე რესტორნის შენობის სახურავი, დაზიანდა აუზის კაფელი, ტერიტორია დაისვარა გადაღვრილი სამშენებლო ბეტონისგან და გადაცვენილი სამშენებლო მასალებისგან). აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით შეუძლია წარმოადგინოს საქმისწარმოების დოკუმენტები და ზიანის მიმღების მიერ ხელმოწერილი ურთიერთშეთანხმების აქტი, რაშიც აღწერილი იქნა მიყენებული ზიანის ოდენობა.

ითხოვს გათვალისწინდეს ზემოაღნიშნული და ვინაიდან კომპანიას ამის შედეგად მიადგა 50 000 ლარის ზარალი, დამატებით არ დაერიცხოს საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება ვალდებულების შესრულება – მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

„დ“. საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

„მ“. პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

დადგენილია, რომ 2021 წლის 11 იანვარს კახაბერ ბერიძეზე ანაზღაურებულია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზიანის ხარჯი 50 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს შორის გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების აქტი, თუმცა არ არის წარდგენილი მშენებლობის პროცესში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება კომპეტენტური ორგანოს ან ექსპერტის მიერ. შედეგად, აღნიშნული ანაზღაურება ჩაითვალა სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მიყენებული ზიანის ოდენობის დამადასტურებელი, კომპეტენტური ორგანოს (პირის) მიერ გაცემული დოკუმენტი, საბჭოს მიაჩნია, რომ ანაზღაურებული ზიანის ხარჯი მართლზომიერად ჩაითვალა თანხის მიმღები პირის სარგებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

აუდიტის დეპარტამენტის 21.09.2022 წლის №081-164 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს განესაზღვრა: ჯარიმა - 118 593 ლარი და საურავი - 64 380 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ყოველთვის პირნათლად იხდიდა საბიუჯეტო გადასახადებს. აქედან გამომდინარე ითხოვს, საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.