გადაწყვეტილება №28109/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28109/2/2026
09 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28109/2/2026).
დავის საგანი:
იმპორტირებული პომიდვრის შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად ჩათვლა და მასზე საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასის გავრცელება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2026 წლის №006-261 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.08.2026 წლის №18948 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 79 726.25 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 52 183
დღგ - 20 012
საშემოსავლო გადასახადი - 32 171
ჯარიმა - 25 938
საურავი - 1 605.25
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.03.2026 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 24.04.2026 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, ასევე, მოთხოვნილი ახსნა-განმარტებების, საბუღალტრო პროგრამის, ინვოისების და სხვა რიგი დოკუმენტაციის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე 2026 წლის 24 აპრილს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერის შედეგების, შემოწმების მიმდინარეობისას მიღებული ინფორმაციების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის და ურთიერთშეჯერების შედეგად გამოვლინდა დამატებით დასაბეგრი ოპერაციები, დადგინდა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საქონლის და რაოდენობის ჭრილში, შესაბამისად, თვალსაჩინოა თითოეული ოპერაციის პერიოდი და შინაარსი. სარეალიზაციო ფასნამატი შეადგენს 25-26% (სხვადასხვა საქონლის ფასნამატი განსხვავებულია). საქონლის რაოდენობრივი შესწავლის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ჩამოწერილი და არც ფაქტობრივი აღწერით ფიქსირდება 33 350 კგ იმპორტირებული პომიდორი, რაც ჩაითვალა ადგილობრივად რეალიზებულად და გავრცელდა საშუალო შეწონილი, დოკუმენტური ერთეულის სარეალიზაციო ფასი 3.27 ლარი (დღგ-ის გარეშე), რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილი დამატებით მიღებული ფულადი სახსრები 128 684 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.06.2026 წლის №14479 ბრძანება და №006- 261 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.08.2026 წლის №18948 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარატმენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დგინდება თუ რა რაოდენობის, სახეობისა და ღირებულების საქონელი იქნა რეალიზებული, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მოცემული დოკუმენტები არ იწვევს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ 33 350 კგ იმპორტირებული პომიდვრის ადგილობრივად რეალიზებულად განხილვა და საშუალო შეწონილი, დოკუმენტური ერთეულის სარეალიზაციო ფასის გავრცელება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასაჩივრების მოთხოვნა შემოიფარგლება 33 350 კგ პომიდვრის ეპიზოდით — მასზე დარიცხული დღგ-ითა და საშემოსავლო გადასახადით — ხოლო 2023 წლის სექტემბრის 2 500 ლარიანი რეალიზაციის ეპიზოდში დარიცხვა არ არის სადავო. კომპანია არ უარყოფს სადავო პროდუქციის რეალიზაციის ფაქტს — საკამათოა მხოლოდ რეალიზაციის დრო, ფასი და დასაბეგრი ბაზა. სადავო პარტია წარმოადგენდა ------- 2026 წლის იანვარ-თებერვალში, საცდელი პროექტის ფარგლებში, იმპორტირებული პომიდვრის ნაწილს. პროდუქციის მნიშვნელოვანი წილის რეალიზაცია ვერ მოხერხდა სავაჭრო ქსელ „-------“ ხარისხობრივი პრობლემების გამო — მცირე კალიბრი, არასაკმარისი სიმწიფე, ტრანსპორტირებისას გამოწვეული დარბილება და სწრაფი გაფუჭება. მთლიანი მოცულობის მხოლოდ დაახლოებით 40% იქნა მიღებული „-------“ ქსელში, საშუალო შეწონილი ფასით 4.35 ლარი კგ-ზე (დღგის გარეშე), ხოლო დარჩენილი, დაბალი ხარისხის დაახლოებით 60% — 33 350 კგ — გადაეცა ნავთლუღის საბითუმო ბაზარზე რამდენიმე მოვაჭრეს, კონსიგნაციისა და ეტაპობრივი ანგარიშსწორების პირობებით, ფაქტობრივი ფასით 1.82 ლარი (დღგ-ის გარეშე), ანუ 2.15 ლარი დღგ-ის ჩათვლით. ეს ზუსტი პროპორცია შემდგომ, 2026 წლის 8 სექტემბერს, სრულად დადასტურდა სს „-------“ ოფიციალური წერილით: 56 000 კგ-დან მიღებულ იქნა 22 650 კგ (40.4%), ხოლო 33 350 კგ (59.6%) — არ იქნა მიღებული ხარისხობრივი შეუსაბამობის გამო. მნიშვნელოვანია - ეს პომიდორი ------- შეკვეთით შემოიტანა. ბაზრის მოვაჭრეთა უმეტესობა — ძირითადად აზერბაიჯანული ეროვნების პირები — თავს არიდებდა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, რის გამოც კომპანიას არ გააჩნია მათზე საქონლის გადაცემის ინდივიდუალურად დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად ამისა, რეალიზაცია ობიექტურად დასტურდება არაპირდაპირი, მაგრამ ურთიერთდამოუკიდებელი წყაროებით: სალარო აპარატის ჩეკებით, დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციით, მომწოდებელთა კრედიტ-ნოტებითა და ურთიერთშედარების აქტებით და სს „-------“ დამოუკიდებელი წერილით. ეს გარემოება ასევე უშუალოდ ვიზუალურად დასტურდება — მომწოდებელთან 2026 წლის 11 თებერვლის ვოთსაფ მიმოწერის სქრინშოთებით, სადაც ჩანს როგორც მოსაუბრე მხარე და თარიღი, ისე იმავე დღეს გაგზავნილი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელზეც ნათლად ჩანს პარტიის ნაწილში განვითარებული ობი და გაფუჭების ნიშნები — თარიღი ემთხვევა მომწოდებლისადმი წარდგენილ პრეტენზია №26-ს. რეალიზაციის მიუხედავად, შესაბამისი სალარო ჩეკების მონაცემები იმ პერიოდში არ აისახებოდა არც კომპანიის პორტალზე და არც შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში — ბუღალტერიას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მარტის რეალიზაციის სრულად და სწორად დეკლარირება. შემოწმების პერიოდში კომპანიის დირექტორი ზეპირად უხსნიდა აუდიტორებს, რომ პროდუქცია რეალიზებული იყო და მისი ნაწილი გაფუჭდა — თუმცა დირექტორი, უკრაინის მოქალაქე, კომუნიკაციას აწარმოებდა რუსულ ენაზე და ამავე პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა საავადმყოფოში, რამაც ობიექტურად გაართულა ინფორმაციის სრულყოფილად და დროულად მიწოდება როგორც ბუღალტერიისთვის, ისე აუდიტის დეპარტამენტისათვის. მას შემდეგ, რაც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდა სალარო აპარატის ჩეკები (აისახა ვებ-პორტალზე), კომპანია ამ საკუთარი ინიციატივით, 2026 წლის 29 ივლისს (გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე თითქმის თვენახევრით ადრე), დააზუსტა 2026 წლის მარტის დღგ-ის დეკლარაცია (რეგისტრაციის №01QAA060107) და მასში ასახა 71 641.50 ლარის ოდენობის რეალიზაცია (დასაბეგრი ბაზა 60 713.13 ლარი, დღგ 10 928.36 ლარი) — რაც პრაქტიკულად ემთხვევა 33 350 კგ × 1.82 ლარი = 60 697 ლარს. სალარო აპარატის ტექნიკური გარემოებების დასადგენად კომპანიამ მიმართა აპარატის მომსახურე კომპანიას; 2026 წლის 22 ივლისს ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, შედგა აქტი №519526, ამობეჭდილ იქნა აპარატში დაცული მონაცემები და დადგინდა, რომ ხარვეზის მიზეზი იყო აპარატის კვების სისტემის გაუმართაობა — რის გამოც ჩეკები ფიზიკურად იბეჭდებოდა, მაგრამ მონაცემები ვერ იტვირთებოდა ვერც კომპანიის, ვერც შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ხარისხობრივი პრობლემების გამო შეწყვიტა ------- პომიდვრის იმპორტი.
გასაჩივრებული ბრძანება დარიცხვას ეყრდნობა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილს და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს — რომლებიც საგადასახადო ორგანოს აძლევს უფლებას, დამოუკიდებლად (მათ შორის, შედარების/საშუალო მაჩვენებლების მეთოდით) განსაზღვროს ვალდებულების მოცულობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლისთვის საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან ეს დოკუმენტაცია დაბეგვრის ობიექტის დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა. შემოსავლების სამსახურის №22708 ბრძანებით დამტკიცებული არაპირდაპირი მეთოდის მეთოდური მითითებაც პირდაპირ მოითხოვს თანმიმდევრობას — ჯერ უნდა დადგინდეს ასეთი გამოყენების საფუძველი (დოკუმენტაციის არარსებობა/არასაკმარისობა), და მხოლოდ შემდეგ შეირჩეს კონკრეტული მეთოდი. ამ ეტაპზე ეს საფუძველი აღარ არსებობს. დავის წარმოებისას წარმოდგენილია პირდაპირი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროებიდან იძლევა რაოდენობის, ფასისა და თანხის ზუსტ დადგენას: სალარო აპარატის ჩეკები, დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია, სალარო აპარატის ტექნიკური მომსახურების დოკუმენტაცია და მომწოდებელთა კრედიტნოტები/ურთიერთშედარების აქტები — ამას ემატება სს „-------“ დამოუკიდებელი წერილი, რომელიც პირველი საჩივრის განხილვის დროს ობიექტურად ვერ იქნებოდა წარმოდგენილი. სსკ 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის პრინციპი — ოპერაციის შეფასება მისი რეალური შინაარსის მიხედვით — სწორედ იმას მოითხოვს, რომ როცა რეალური რეალიზაციის პირობები (რაოდენობა, ფასი, დრო) დოკუმენტურად დგინდება, დაბეგვრა ეფუძნებოდეს ამ რეალურ მონაცემებს და არა სავარაუდო, საშუალო მაჩვენებელს. სსკ 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხაა საქონლის მიწოდების სანაცვლოდ ფაქტობრივად მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე — არა აბსტრაქტული საშუალო საბაზრო ფასი. სადავო შემთხვევაში ფაქტობრივი ანაზღაურება პირდაპირ დასტურდება ზემოაღნიშნული დოკუმენტებით: 1.82 ლარი კგ-ზე, დღგ-ის გარეშე (60 713.13 ლარი 33 350 კგ-ზე).
შემოწმებისას გამოყენებული 3.27 ლარი წარმოადგენს კომპანიის სხვადასხვა, მათ შორის ხარისხობრივად უსაფრთხო პარტიების რეალიზაციის საშუალო მაჩვენებელს — ის შუალედშია მაღალხარისხოვანი, ------- მიწოდებული პროდუქციის ფასსა (4.35 ლარი) და დაბალხარისხოვანი, საბითუმოდ რეალიზებული პროდუქციის ფასს (1.82 ლარი) შორის, და, შესაბამისად, ვერც ერთს ზუსტად ვერ ასახავს. სადავო 33 350 კგ სწორედ დაბალხარისხოვან კატეგორიას განეკუთვნება, რაც დამოუკიდებლად დასტურდება: (ა) სს „-------“ წერილით, (ბ) ------- მომწოდებლების მიერ აღიარებული, 40 890 აშშ დოლარიდან 12 713 აშშ დოლარით (31.09%) შემცირებული ღირებულებით, და (გ) მომწოდებელთადმი 2026 წლის თებერვალ-მარტში (ანუ ფაქტობრივ მოვლენებთან ახლოს) წარდგენილი პრეტენზიებით.
სსკ-ის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების მომენტში. მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მიწოდებამდე გადახდილ თანხას (წინასწარ ანაზღაურებას). სადავო შემთხვევაში საქონელი საბითუმო რეალიზაციისთვის გადაცემულია მარტში, ხოლო თანხის ეტაპობრივი შემოსვლა (31.03–12.05.2026, Zანგარიშები №22–25) მოხდა მიწოდების შემდეგ, კონსიგნაციისა და ეტაპობრივი ანგარიშსწორების პირობით — შესაბამისად, 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამონაკლისი აქ არ მოქმედებს და ოპერაცია სწორად არის ასახული სწორედ მარტის საანგარიშო პერიოდში, მიწოდების მომენტის მიხედვით. აპრილის ინვენტარიზაცია არ განსაზღვრავს რეალიზაციის პირობებს — ის მხოლოდ ადასტურებს, რომ 24 აპრილისთვის საქონელი ნაშთში აღარ ირიცხებოდა; ეს ბუნებრივი შედეგია მარტში მომხდარი რეალიზაციისა და თავისთავად ვერ ცვლის დადგენილ რეალიზაციის თარიღს, ფასსა და მყიდველთა წრეს. და ბოლოს, სსკ-ის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით მოთხოვნილი სრული აღრიცხვის ვალდებულება ამ ეტაპზე შესრულებულია — ყველა ოპერაცია ასახულია დაზუსტებულ დეკლარაციაში და დასტურდება პირველადი დოკუმენტებით. მომჩივანი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები კონკრეტულად და ამომწურავად პასუხობს გასაჩივრებული ბრძანების მითითებას, თითქოს საჩივარში ვერ ხერხდებოდა იმის მითითება, თუ რომელ ნაწილში იყო ვალდებულება არამართლზომიერად განსაზღვრული: არამართლზომიერება მდგომარეობს კონკრეტულად იმაში, რომ საშუალო შეწონილი, ყველა რეალიზაციის მონაცემებზე დაფუძნებული ფასი (3.27 ლარი) გავრცელდა კონკრეტულ, დოკუმენტურად დადასტურებული განსხვავებული ფასის (1.82 ლარი) მქონე პარტიაზე, მაშინ როცა პირდაპირი მტკიცებულებები ამის საწინააღმდეგოდ არსებობს და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და №22708 მეთოდური მითითებით დადგენილი წინაპირობა — დოკუმენტაციის არარსებობა — ამ ეტაპზე აღარ სრულდება. დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „-------“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მწარმოებლებთან და ახორციელებს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს — 2026 წელს ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 3 082 816 ლარი. ამ გარემოებას დამოუკიდებლად არ უთითებს დარიცხვის გაუქმების საფუძვლად, თუმცა იგი, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ასახავს კომპანიის საქმიანობის რეალურ ეკონომიკურ ხასიათსა და საგადასახადო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების ინტერესს. მტკიცებულებები: 1. სს „-------“ 2026 წლის 8 სექტემბრის ოფიციალური წერილი — ადასტურებს 56 000 კგ-დან 22 650 კგ-ის მიღებას და პროდუქციის ხარისხობრივ პრობლემებს. 2. ოთხი ურთიერთშედარების აქტი მომწოდებლებთან (2026 წლის მაისი) და კრედიტნოტები №25–29 — ადასტურებს 40 890 აშშ დოლარის ღირებულების 12 713 აშშ დოლარით (31.09%) შემცირებას. 3. ხუთი პრეტენზია ------- მომწოდებლების მიმართ (№25–29, 2026 წლის თებერვალმარტი) — ადასტურებს ხარისხობრივ პრობლემებსა და საბითუმო ბაზარზე კონსიგნაციით რეალიზაციის აუცილებლობას. 4. მომწოდებელთან 2026 წლის 11 თებერვლის ვოთსაფ მიმოწერის სქრინშოთები — თარიღითა და მოსაუბრე მხარის იდენტიფიკაციით, თან ერთვის იმავე დღეს გაგზავნილი ფოტო/ვიდეო მასალა პომიდვრის პარტიის ობისა და გაფუჭების ამსახველი; ემთხვევა და ამყარებს პრეტენზია №26-ს, ამ საჩივრის განხილვის დროს პირადად წარმოადგენს მიმოწერას და ვიდეოებს ტელეფონში. 5. საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები (Z-ანგარიშები №22–25, 31.03/25.04/29.04/12.05.2026) — ადასტურებს რეალიზაციისა და თანხების გატარების ფაქტს, ჯამში 71 641.50 ლარი. ჩეკების ამორტყმა დაწყებულია ინვენტარიზაციის დაწყებამდე. 6. სალარო აპარატის ტექნიკური შემოწმების აქტი №519526 (22.07.2026) — ადასტურებს ტექნიკური ხარვეზის (კვების სისტემის გაუმართაობა) დადასტურებას. 7. 2026 წლის მარტის დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია, რეგისტრაციის №01QAA060107, წარდგენილი 29.07.2026 — ადასტურებს რეალიზაციის საკუთარი ინიციატივით ასახვას გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ითხოვს: 1. შეფასდეს სადავო 33 350 კგ პომიდვრის ფაქტობრივი რეალიზაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები ერთობლიობაში — მათ შორის, სს „-------“ წერილი, სალარო აპარატის ჩეკები, დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია, სალარო აპარატის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მომწოდებელთა კრედიტ-ნოტები/ურთიერთშედარების აქტები. 2. გაუქმდეს 33 350 კგ პომიდორის 3.27 ლარიანი (დღგ-ის გარეშე) სარეალიზაციო ფასი და შესაბამის დღგ-ის დარიცხვა - 19630 ლარი, ასევე მასზე დარიცხული ჯარიმა. 3. გაუქმდეს აქტის „საშემოსავლო“ ეპიზოდში 128 684 ლარის დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 32 171 ლარი და შესაბამისი ჯარიმა. 4. 2026 წ. მარტის დეკლარაცია რომელიც არის დაზუსტებულად წარდგენილი, აისახოს შემოსავლების სამსახურის ბაზაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო შემოწმების პროცესში, საქონლის რაოდენობრივი შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ჩამოწერილი და არც ფაქტობრივი აღწერით ფიქსირდება 33 350 კგ იმპორტირებული პომიდორი, რაც ჩაითვალა ადგილობრივად რეალიზებულად და მასზე გავრცელდა საშუალო შეწონილი, დოკუმენტური ერთეულის სარეალიზაციო ფასი 3.27 ლარი (დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილი დამატებით მიღებული ფულადი სახსრები 128 684 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2026 წლის №99857-21-14 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან 33 350 კილო იმპორტირებული პომიდვრის ნაშთი არ ფიქსირდება, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ფაქტობრივ აღწერაში, შემოწმება თვლის რომ აღნიშნული რეალიზებულია, რასაც ადასტურებს გადამხდელიც. არც კანონქვემდებარე წესით და არც ზეპირსიტყვიერად არ ჰქონია ინფორმაცია აღნიშნული რაოდენობიდან, რამდენი იყო ვარგისი, დაწუნებული ან უვარგისი (არც ახლა აქვს). ასევე ამ პროდუქციის რეალიზაცია არ ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან ინვენტარიზაციამდე პერიოდში. შემოწმება თვლის რომ, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შემდგომაც, საგადასახადო აქტით დარიცხული თანხები მართლზომიერია და არ ექვემდებარება შემცირებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის შემდეგ არგუმენტებზე:
სადავო პარტია წარმოადგენდა ------- 2026 წლის იანვარ-თებერვალში, საცდელი პროექტის ფარგლებში, იმპორტირებული პომიდვრის ნაწილს. პროდუქციის მნიშვნელოვანი წილის რეალიზაცია ვერ მოხერხდა სავაჭრო ქსელ „-------“ ხარისხობრივი პრობლემების გამო — მცირე კალიბრი, არასაკმარისი სიმწიფე, ტრანსპორტირებისას გამოწვეული დარბილება და სწრაფი გაფუჭება. მთლიანი მოცულობის მხოლოდ დაახლოებით 40% იქნა მიღებული „-------“ ქსელში, საშუალო შეწონილი ფასით 4.35 ლარი კგ-ზე (დღგ-ის გარეშე), ხოლო დარჩენილი, დაბალი ხარისხის დაახლოებით 60% — 33 350 კგ — გადაეცა ნავთლუღის საბითუმო ბაზარზე რამდენიმე მოვაჭრეს, კონსიგნაციისა და ეტაპობრივი ანგარიშსწორების პირობებით, ფაქტობრივი ფასით 1.82 ლარი (დღგ-ის გარეშე), ანუ 2.15 ლარი დღგ-ის ჩათვლით. ეს ზუსტი პროპორცია შემდგომ, 2026 წლის 8 სექტემბერს, სრულად დადასტურდა სს „-------“ ოფიციალური წერილით: 56 000 კგ-დან მიღებულ იქნა 22 650 კგ (40.4%), ხოლო 33 350 კგ (59.6%) — არ იქნა მიღებული ხარისხობრივი შეუსაბამობის გამო. ბაზრის მოვაჭრეთა უმეტესობა — ძირითადად აზერბაიჯანული ეროვნების პირები — თავს არიდებდა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, რის გამოც კომპანიას არ გააჩნია მათზე საქონლის გადაცემის ინდივიდუალურად დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად ამისა, რეალიზაცია ობიექტურად დასტურდება არაპირდაპირი, მაგრამ ურთიერთდამოუკიდებელი წყაროებით: სალარო აპარატის ჩეკებით, დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციით, მომწოდებელთა კრედიტ-ნოტებითა და ურთიერთშედარების აქტებით და სს „-------“ დამოუკიდებელი წერილით. ეს გარემოება ასევე უშუალოდ ვიზუალურად დასტურდება — მომწოდებელთან 2026 წლის 11 თებერვლის ვოთსაფ მიმოწერის სქრინშოთებით, სადაც ჩანს როგორც მოსაუბრე მხარე და თარიღი, ისე იმავე დღეს გაგზავნილი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელზეც ნათლად ჩანს პარტიის ნაწილში განვითარებული ობი და გაფუჭების ნიშნები — თარიღი ემთხვევა მომწოდებლისადმი წარდგენილ პრეტენზია №26-ს. მას შემდეგ, რაც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდა სალარო აპარატის ჩეკები (აისახა ვებ-პორტალზე), კომპანია ამ საკუთარი ინიციატივით, 2026 წლის 29 ივლისს (გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე თითქმის თვენახევრით ადრე), დააზუსტა 2026 წლის მარტის დღგ-ის დეკლარაცია (რეგისტრაციის №01QAA060107) და მასში ასახა 71 641.50 ლარის ოდენობის რეალიზაცია (დასაბეგრი ბაზა 60 713.13 ლარი, დღგ 10 928.36 ლარი) — რაც პრაქტიკულად ემთხვევა 33 350 კგ × 1.82 ლარი = 60 697 ლარს. სალარო აპარატის ტექნიკური გარემოებების დასადგენად კომპანიამ მიმართა აპარატის მომსახურე კომპანიას; 2026 წლის 22 ივლისს ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, შედგა აქტი №519526, ამობეჭდილ იქნა აპარატში დაცული მონაცემები და დადგინდა, რომ ხარვეზის მიზეზი იყო აპარატის კვების სისტემის გაუმართაობა — რის გამოც ჩეკები ფიზიკურად იბეჭდებოდა, მაგრამ მონაცემები ვერ იტვირთებოდა ვერც კომპანიის, ვერც შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ხარისხობრივი პრობლემების გამო შეწყვიტა ------- პომიდვრის იმპორტი.
ამასთან, შემოწმებისას გამოყენებული 3.27 ლარი წარმოადგენს კომპანიის სხვადასხვა, მათ შორის ხარისხობრივად უსაფრთხო პარტიების რეალიზაციის საშუალო მაჩვენებელს — ის შუალედშია მაღალხარისხოვანი, ------- მიწოდებული პროდუქციის ფასსა (4.35 ლარი) და დაბალხარისხოვანი, საბითუმოდ რეალიზებული პროდუქციის ფასს (1.82 ლარი) შორის, და, შესაბამისად, ვერც ერთს ზუსტად ვერ ასახავს. სადავო 33 350 კგ სწორედ დაბალხარისხოვან კატეგორიას განეკუთვნება, რაც დამოუკიდებლად დასტურდება: (ა) სს „-------“ წერილით, (ბ) ------- მომწოდებლების მიერ აღიარებული, 40 890 აშშ დოლარიდან 12 713 აშშ დოლარით (31.09%) შემცირებული ღირებულებით, და (გ) მომწოდებელთადმი 2026 წლის თებერვალ-მარტში (ანუ ფაქტობრივ მოვლენებთან ახლოს) წარდგენილი პრეტენზიებით.
ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად მიუთითა შემდეგი მტკიცებულებები: 1. სს „-------“ 2026 წლის 8 სექტემბრის ოფიციალური წერილი — ადასტურებს 56 000 კგ-დან 22 650 კგ-ის მიღებას და პროდუქციის ხარისხობრივ პრობლემებს. 2. ოთხი ურთიერთშედარების აქტი მომწოდებლებთან (2026 წლის მაისი) და კრედიტ-ნოტები №25–29 — ადასტურებს 40 890 აშშ დოლარის ღირებულების 12 713 აშშ დოლარით (31.09%) შემცირებას. 3. ხუთი პრეტენზია ------- მომწოდებლების მიმართ (№25–29, 2026 წლის თებერვალ-მარტი) — ადასტურებს ხარისხობრივ პრობლემებსა და საბითუმო ბაზარზე კონსიგნაციით რეალიზაციის აუცილებლობას. 4. მომწოდებელთან 2026 წლის 11 თებერვლის ვოთსაფ მიმოწერის სქრინშოთები — თარიღითა და მოსაუბრე მხარის იდენტიფიკაციით, თან ერთვის იმავე დღეს გაგზავნილი ფოტო/ვიდეო მასალა პომიდვრის პარტიის ობისა და გაფუჭების ამსახველი; ემთხვევა და ამყარებს პრეტენზია №26-ს, ამ საჩივრის განხილვის დროს პირადად წარმოადგენს მიმოწერას და ვიდეოებს ტელეფონში. 5. საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები (Z-ანგარიშები №22–25, 31.03/25.04/29.04/12.05.2026) — ადასტურებს რეალიზაციისა და თანხების გატარების ფაქტს, ჯამში 71 641.50 ლარი. ჩეკების ამორტყმა დაწყებულია ინვენტარიზაციის დაწყებამდე. 6. სალარო აპარატის ტექნიკური შემოწმების აქტი №519526 (22.07.2026) — ადასტურებს ტექნიკური ხარვეზის (კვების სისტემის გაუმართაობა) დადასტურებას. 7. 2026 წლის მარტის დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია, რეგისტრაციის №01QAA060107, წარდგენილი 29.07.2026 — ადასტურებს რეალიზაციის საკუთარი ინიციატივით ასახვას გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (მათ შორის შესწავლას საჭიროებს სს ------- 8.09.2026 წლის წერილი, რომელიც გამოცემულია სადავო შემოსავლების სამსახურის 21.08.2026 წლის №18948 ბრძანების გამოცემის შემდეგ და რომელზეც შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია), კერძოდ, მომჩივნის არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს აღნიშნული საჩივრის, მომჩივნის არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით ხელახლა განხილვა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.08.2026 წლის №18948 ბრძანება;
3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
იმპორტირებული პომიდვრის შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად ჩათვლა და მასზე საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასის გავრცელება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარატმენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტებით ვერ დგინდება თუ რა რაოდენობის, სახეობისა და ღირებულების საქონელი იქნა რეალიზებული, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მოცემული დოკუმენტები არ იწვევს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ იმპორტირებული პომიდვრის ადგილობრივად რეალიზებულად განხილვა და საშუალო შეწონილი, დოკუმენტური ერთეულის სარეალიზაციო ფასის გავრცელება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს აღნიშნული საჩივრის, მომჩივნის არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით ხელახლა განხილვა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164