ბრძანება N 9758

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.05.2026
№ დოკუმენტი 9758
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9758

04 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------)

(მის.: --------------------------------)

2026 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 და 26 თებერვლის, 19 მარტის და 30 აპრილის სხდომებზე (ოქმები: №-, №-, №-, №-) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) 2026 წლის 24 იანვრის №----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №059-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ხარჯის ნაწილში შემოწმებამ არ გაითვალისწინა კომპანიის შესყიდვის აქტები, იმ მიზეზით, რომ ზოგიერთმა მომწოდებელმა არ დაადასტურა დოკუმენტში მითითებული საქონლის წონა. განმარტავს, რომ შესყიდვის აქტებში მითითებული მონაცემები და ხელმოწერები ნამდვილია და კომპანია დოკუმენტის გარეშე საქონლის შესყიდვას არ ახდენდა. მომჩივანი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, რომ საწარმოს მოგება არ გაუნაწილებია და დეკლარაციის დივიდენდის გრაფაში შეცდომით იყო მითითებული თანხა. გადამხდელის განმარტებით, კომპანია ყოველთვიურად აწარმოებდა მოგება-ზარალის აღრიცხვას და მიღებულ მოგებას წერდა დეკლარაციის დივიდენდის გრაფაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №14732 და 5 აგვისტოს №17574 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებლად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 29 დეკემბრის №28855 ბრძანება და ამავე თარიღის №059-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 4 113 998 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 583 605 ლარი, ჯარიმა 1 291 802 ლარი, საურავი 238 590 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საქონლის ხორცით საბითუმო ვაჭრობა. საქონლის შეძენა ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე და თითქმის მთლიანი შესყიდვა განხორციელებული იყო ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამოწმდა მომწოდებელი ფიზიკური პირების შესახებ არსებული ინფორმაციები და ზოგიერთი მათგანი არ ადასტურებდა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემების სისწორეს. ამავდროულად, კომპანიის მიერ არ იქნა მოწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია დაკლული პირუტყვის სულადობის და გამოსავლიანობის შესახებ. შემოწმების მიერ ფულადი ნაკადების მოძრაობის დასადგენად შემოსავლები დაანგარიშდა დოკუმენტური შემოსავლებისა და საწარმოს მიერ წარმოდგენილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ ცნობების მიხედვით. ხარჯის ნაწილში შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი (გარდა შესყიდვის აქტებისა), ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, გაცემული ხელფასები, დაბეგრილი მოგება და სხვა ხარჯი, ხოლო სასაქონლომატერიალური მარაგების შეძენის ნაწილში - შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256 მიხედვით განსაზღვრული თანხის ოდენობა. სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მოგების გადასახადის დეკლარაციებით დაბეგრილი ჰქონდა გაცემული დივიდენდი, რომელიც არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130- ე მუხლის შესაბამისად, კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან თანხის 5%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებდა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის ხორცით საბითუმო ვაჭრობას და თითქმის მთლიანი შესყიდვა განხორციელებული იყო ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით. შემოწმების მიერ გადამოწმდა მომწოდებელი ფიზიკური პირების შესახებ არსებული ინფორმაციები და ზოგიერთმა მათგანმა არ დაადასტურა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. ამავდროულად, კომპანიის მიერ შემოწმებისათვის არ იქნა მიწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია დაკლული პირუტყვის სულადობის და გამოსავლიანობის შესახებ. შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის დასადგენად შემოსავლები დაანგარიშდა დოკუმენტური შემოსავლებისა და საწარმოს მიერ წარმოდგენილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ ცნობების მიხედვით, ხოლო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი (გარდა შესყიდვის აქტებისა), ხოლო სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენის ნაწილში - №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით განსაზღვრული თანხის ოდენობა. შემოწმებით დადგენილი სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მოგების გადასახადის დეკლარაციებით დაბეგრილი ჰქონდა გაცემული დივიდენდი, რომელიც არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში. შემოწმების მიერ, კომპანიის გაცემული დივიდენდები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან თანხის 5%-იანი განაკვეთით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1. შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

2.კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №14732 და №17574 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებლად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №28855 ბრძანება და №059-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 4 113 998 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 583 605 ლარი, ჯარიმა 1 291 802 ლარი, საურავი 238 590 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად ირკვევა, რომ კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საქონლის ხორცით საბითუმო ვაჭრობა. საქონლის შეძენა ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე და თითქმის მთლიანი შესყიდვა განხორციელებული იყო ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამოწმდა მომწოდებელი ფიზიკური პირების შესახებ არსებული ინფორმაციები და ზოგიერთი მათგანი არ ადასტურებდა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემების სისწორეს. ამავდროულად, კომპანიის მიერ არ იქნა მოწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია დაკლული პირუტყვის სულადობის და გამოსავლიანობის შესახებ. შემოწმების მიერ ფულადი ნაკადების მოძრაობის დასადგენად შემოსავლები დაანგარიშდა დოკუმენტური შემოსავლებისა და საწარმოს მიერ წარმოდგენილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ ცნობების მიხედვით. ხარჯის ნაწილში შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი (გარდა შესყიდვის აქტებისა), ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, გაცემული ხელფასები, დაბეგრილი მოგება და სხვა ხარჯი, ხოლო სასაქონლომატერიალური მარაგების შეძენის ნაწილში - შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256 მიხედვით განსაზღვრული თანხის ოდენობა. სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, კომპანიას მოგების გადასახადის დეკლარაციებით დაბეგრილი ჰქონდა გაცემული დივიდენდი, რომელიც არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130- ე მუხლის შესაბამისად, კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან თანხის 5%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 97(1„ა“); 981(1); 101(1); 130(1); 154(1 „ა“ და „ზ“.2 „ა“ და „ბ“);