ბრძანება N 1987
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1987
05 თებერვალი 2024
ბრძანება
შპს „------ -ის “ (ს/ნ "-----")
(მის.: "-----")
2023 წლის 28 დეკემბრის და 2024 წლის 3 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-----") №86379/1/2023 და №86454/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №081-292 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადს. აცხადებს, რომ საწარმო მომსახურებას უწევს არარეზიდენტ კომპანიას და გამომდინარე აქედან, აღნიშნული მომსახურება არ ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად. მიუთითებს, რომ უცხოურ კომპანიას გააჩნია აპლიკაცია, რითიც სარგებლობენ მძღოლები და საბოლოო მომხმარებლები. ტაქსის მძღოლი თავად რეგისტრირდება „------- ტაქსის“ პლატფორმაზე, რომლითაც სარგებლობს კლიენტი ტაქსის გამოძახებისას, თანხის გადახდა ხდება ინტერნეტ ბანკით და მთლიანი თანხა ხვდება „------- ტაქსის“ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც „-------ტაქსი“ მძღოლის და პროვაიდერის კუთვნილ თანხას ურიცხავს პროვაიდერს, რომელსაც აღნიშნულ პროგრამაში წვდომა აქვს იმ მიზნით, რათა სწორად შეასრულოს " ----- " - თან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, „------- ტაქსს“ მიაწოდოს საგზაო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, დაათვალიეროს აპლიკაციაში ახლად რეგისტრირებული მაღალი კლასის ავტომობილები და მიაწოდოს ინფორმაცია ავტომანქანის მდგომარეობაზე.
2. პირველი საკითხის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №8917 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-----") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში ტაქსების საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ურთიერთობების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 28 ნოემბრის №29463 ბრძანება და ამავე თარიღის №081-292 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 42 270 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 036 ლარი, ჯარიმა 8 065 ლარი, საურავი 5 169 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 4 ოქტომბერს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. პირი წარმოადგენს უცხოური პირის „------ ტაქსის“ პარტნიორ კომპანიას, რომელიც ტაქსით მომსახურების ორგანიზებას ახორციელებს „------- ტაქსის" პროგრამის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს ფიზიკური პირების (შემდგომში მძღოლი, რომლებიც აწარმოებენ მგზავრების ტაქსით საავტომობილო გადაყვანას) რეგისტრაციას „------ ტაქსის" პროგრამაში, მძღოლსა და „----- ტაქსს“ შორის ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმებას, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ჩაწერას/განახლებას, პროგრამის გამოყენების დეტალების მძღოლებისთვის გაცნობას და სხვა ტექნიკური დახმარების აღმოჩენას. ასევე, მგზავრობის ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მძღოლს ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით უნაზღაურებს კუთვნილ თანხას. საწარმო აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის იღებს საკომისიოს, რომელიც გაიანგარიშება „------ ტაქსის“ პროგრამაში შემოსული შესრულებული გამოძახებების მიხედვით და შეადგენს მგზავრის მიერ გადახდილი (ნაღდი/უნაღდო) თანხის დაახლოებით 5%-ს. პირი აწარმოებს აღრიცხვას ბუღალტრულ პროგრამა „ბალანსში“. საწარმოს მიერ ტაქსების საქმიანობის ორგანიზებიდან მიღებული შემოსავლები აღირიცხება „------ ტაქსის“ პროგრამაში, რომელსაც შემოწმება დაეყრდნო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აჭარბებს 100 000 ლარს და 2022 წლის 24 ივნისიდან წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნული პერიოდიდან შემოსავლის სახით მიღებული საკომისიოს თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 , 1621 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
ამასთან, მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საწარმო წარმოადგენს უცხოური პირის „------- ტაქსის“ პარტნიორ კომპანიას, რომელიც ტაქსით მომსახურების ორგანიზებას ახორციელებს „----- ტაქსის" პროგრამის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს ფიზიკური პირების (შემდგომში მძღოლი, რომლებიც აწარმოებენ მგზავრების ტაქსით საავტომობილო გადაყვანას) რეგისტრაციას „------ ტაქსის" პროგრამაში, მძღოლსა და „------ ტაქსს“ შორის ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმებას, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ჩაწერას/განახლებას, პროგრამის გამოყენების დეტალების მძღოლებისთვის გაცნობას და სხვა ტექნიკური დახმარების აღმოჩენას. ასევე, მგზავრობის ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მძღოლს ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით უნაზღაურებს კუთვნილ თანხას. საწარმო აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის იღებს საკომისიოს, რომელიც გაიანგარიშება „------ ტაქსის" პროგრამაში შემოსული შესრულებული გამოძახებების მიხედვით და შეადგენს მგზავრის მიერ გადახდილი (ნაღდი/უნაღდო) თანხის დაახლოებით 5%-ს. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ხოლო შემოსავლის სახით მიღებული საკომისიოს თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს და იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად განხილვასთან და აღნიშნული მომსაურებიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრასთან მიმართებით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმო ვალდებული იყო შემოსავლის სახით მიღებული საკომისიოს თანხა დაებეგრა დღგ-ით კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-----") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადს.
2. პირველი საკითხის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, მომჩივანი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 4 ოქტომბერს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
პირი წარმოადგენს უცხოური პირის პარტნიორ კომპანიას, რომელიც ტაქსით მომსახურების ორგანიზებას ახორციელებს.საწარმოს მიერ ტაქსების საქმიანობის ორგანიზებიდან მიღებული შემოსავლები აღირიცხება უცხოური პარტნიორი კომპანიის პროგრამაში.შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აჭარბებს 100 000 ლარს და 2022 წლის 24 ივნისიდან წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნული პერიოდიდან შემოსავლის სახით მიღებული საკომისიოს თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
159,163,164,165,269(7),282.