ბრძანება N 30923

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.12.2023
№ დოკუმენტი 30923
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30923

11 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------")

(მის.: "-------")

2023 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") 2023 წლის 31 ოქტომბრის №84499/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №024-67 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ის თანხა რაც შემოწმებით დაიბეგრა 3%-ით უნდა ჩათვლილიყო პარალელურად სალაროდან გასულ თანხებში და შემდგომში დასაბეგრი ბრუნვა უნდა შემცირებულიყო 20%-ით. ამ შემთხვევაში კი სახეზა ორმაგი დაბეგვრა, ხარჯი განისაზღვრა და დაიბეგრა 3%-ით და ასევე ეს განსაზღვრული ხარჯი სალაროდან გასულ თანხას არ დააკლდა და დარჩა ისევ სალაროში, შემდგომ კი ხელმეორედ დაიბეგრა 20%-ით. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას, რომ გამოირიცხოს ორმაგი დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №16663 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 15 თებერვლიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 ოქტომბრის №24519 ბრძანება და 5 ოქტომბრის №024-67 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 33 482 ლარი, მათ შორის, გადასახადი 21 182 ლარი, ჯარიმა 10 586 ლარი, საურავი 1 714 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს "-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობა არის საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულია ჯართი სასაქონლო ზედნადებებით, რომლის შესყიდვა სასაქონლო ზედნადებებით არ ფიქსირდება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის შესაბამისი შესყიდვის აქტები).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 133-ე, 105-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით. ვინაიდან საწარმოს უფიქსირდება რეალიზაციის ზედნადებები და არ აქვს შესაბამისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, რომლის მიხედვითაც რეალიზებული პროდუქციის შეძენის ხარჯად ჩაითვალა მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასი - №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. შესაბამისად საქონლის შესაძენად დახარჯული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით საწარმო არ ახორციელებს ოპერაციებს ნაღდი ანგარიშსწორებით. საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით. საწარმომ წარმოადგინა საბანკო ამონაწერები, რომლის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება საბანკო ანგარიშიდან თანხების განაღდება. შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება აღნიშნული განაღდებული თანხების საწარმოს საბანკო ანგარიშზე დაბრუნება, ხოლო შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა გაცემული თანხების მიზნობრიობის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმებით აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულია ჯართი სასაქონლო ზედნადებებით, რომლის შესყიდვა სასაქონლო ზედნადებებით არ ფიქსირდება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის შესაბამისი შესყიდვის აქტები). შესაბამისად, ვინაიდან საწარმოს უფიქსირდება რეალიზაციის ზედნადებები და არ აქვს შესაბამისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმებით რეალიზებული პროდუქციის შეძენის ხარჯად ჩაითვალა მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასი №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. შესაბამისად საქონლის შესაძენად დახარჯული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. ასევე, გადამხდელის განმარტებით არ ახორციელებს ოპერაციებს ნაღდი ანგარიშსწორებით, წარმოადგინა საბანკო ამონაწერები, რომლის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება საბანკო ანგარიშიდან თანხების განაღდება. შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება აღნიშნული განაღდებული თანხების საწარმოს საბანკო ანგარიშზე დაბრუნება, ხოლო შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა გაცემული თანხების მიზნობრიობის დადგენა. შემოწმებით აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შემოწმების მიერ სალაროს მოძრაობის შედგენისას გათვალისწინებულია, აღნიშნული თანხების საწარმოდან გასვლა. (შემოწმების ჯგუფის მიერ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხები ჩათვლილია ხარჯად და არ არის დაბეგრილი ორჯერ).

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ ის თანხა რაც შემოწმებით დაიბეგრა 3%-ით უნდა ჩათვლილიყო პარალელურად სალაროდან გასულ თანხებში და შემდგომში დასაბეგრი ბრუნვა უნდა შემცირებულიყო 20%-ით. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას, რომ გამოირიცხოს ორმაგი დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვინაიდან საწარმოს უფიქსირდება რეალიზაციის ზედნადებები და არ აქვს შესაბამისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, რომლის მიხედვითაც რეალიზებული პროდუქციის შეძენის ხარჯად ჩაითვალა მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასი - №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. შესაბამისად საქონლის შესაძენად დახარჯული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და განესაზღცეა ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება აღნიშნული განაღდებული თანხების საწარმოს საბანკო ანგარიშზე დაბრუნება, ხოლო შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა გაცემული თანხების მიზნობრიობის დადგენა.შემოწმებით აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,1333,154.