გადაწყვეტილება №26573/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.03.2026
№ დოკუმენტი 26573/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26573/2/2026

05 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----” 04.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26573/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 05.12.2025 წლის N 041-85 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 03.02.2026 წლის N 2168 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 713 172,09 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 438 379,48 ლარი;

დღგ - 196 493,79 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - 241 885,69 ლარი;

ჯარიმა - 219 189,90 ლარი;

საურავი - 55 602,71 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს: საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სხვა საქონლით ----- . შესყიდვებს ახორციელებს იმპორტის გზით -----, გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 16 იანვარს.

აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 16.01.2024 წლიდან 01.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 1 392 616 ლარი. საწარმოს მოძიება და მის დირექტორთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შედეგად, საწარმოს შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. იმპორტირებული საქონელი დაყოფილ იქნა ერთგვაროვანი საქონლის ჯგუფებად. შედგა ერთგვაროვანი სმფ-ების 8 ჯგუფი. ვინაიდან, დოკუმენტური ფასნამატის კოეფიციენტის დადგენა ვერ მოხერხდა (გამოწერილი სასაქონლო/ზედნადებები ელექტრონულ ბაზებში დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში შეადგენს დაახლოებით 4,3 პროცენტს, რაც წარმოადგენს არაარსებით მაჩვენებელს დოკუმენტური ფასნამატის განსასაზღვრად), გამოყენებული იქნა მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატები. ფასნამატის კოეფიციენტმა საშუალოდ შეადგინა 63 პროცენტი. არაპირდაპირი მეთოდით დათვლილმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 2 238 198 ლარი, რაც 1 091 640 ლარით აღემატება დეკლარირებულს. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

შემოწმების პროცესში, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას სალაროში 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით უნდა ერიცხებოდეს ნაღდი ფულის ნაშთი 967 543 ლარი. სხვაობა გაანგარიშდა შემდეგნაირად: არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა ხარჯები, მათ შორის, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, ხელფასი, ბიუჯეტში გადახდილი თანხა. სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირზე, დირექტორზე 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად.

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 05.12.2025 წლის N 041-85 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 03.02.2026 წლის N 2168 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 22 იანვარს 15:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შემოწმებას არ ქონდა წვდომა გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და შეუძლებელი იყო საწარმოს დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

რევიზიის აქტის მიხედვით, დღგ-ის დარიცხვა უკავშირდება საწარმოს მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის, კერძოდ, ფასნამატის გამოყენებას: შემოწმების აქტის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული მიღებული/მისაღები შემოსავალი, კომპანიას არ ჰქონია. ასევე განბაჟების დროს აფასებით განბაჟდა პროდუქცია. აქედან გამომდინარე ფასნამატი ძალიან დიდია. შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი რადგან, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული მიღებული/მისაღები შემოსავლებით და ხარჯებით გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა და სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო ორგანოს პოზიციას ვერ ეთანხმებიან, შემდეგი გარემოებების გამო:

არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ასევე ზედმეტად დარიცხული შემოსავალი, რომელიც გამოიწვია არაპირდაპირმა მეთოდმა და რის გამოც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი არარეალური და ამიტომ გადასახადის გადამხდელი ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა. ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითადაა დარღვეული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც სზაკ-ის მე-601 მუხლის თანახმად, ამ აქტის ბათილობის საფუძველია. ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ აქტის გამოცემის პროცესში არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა. საკითხისათვის არსებითი ხასიათის გარემოებების შესწავლის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებული იქნას ზემოაღნიშნული და ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 თებერვლის N 2168 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ საზოგადოების საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან საწარმოს დირექტორთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად არ ყოფილა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია/დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

მომჩივნის განმარტებით, არ მიუღია არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. ასევე განბაჟების დროს აფასებით განბაჟდა პროდუქცია. აქედან გამომდინარე ფასნამატი ძალიან დიდია. არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ასევე ზედმეტად დარიცხული შემოსავალი, რომელიც გამოიწვია არაპირდაპირმა მეთოდმა და რის გამოც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი არარეალური და ამიტომ გადასახადის გადამხდელი ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა, მომჩივნის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისას არ ყოფილა გამოყენებული საბაჟოზე აფასებული ღირებულება ვინაიდან, განბაჟების დროს ადგილი არ ჰქონია საქონლის აფასებას და ლოგიკურად შემოწმება დაეყრდნო არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს და შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით მიღებული/მისაღები შემოსავლის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა აღნიშნული დოკუმენტაცია.

დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა არ მიუღია საჩივრის განხილვაში და არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის კამერალური შემოწმებით კომპანიის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგინდა დეკლარირებულზე მეტი დასაბეგრი შემოსავალი. ასევე გამოვლინდა სალაროში ფულადი ნაშთის სხვაობა, რომელიც დირექტორზე გაცემულ ხელფასად იქნა მიჩნეული. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა. საჩივარი შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა და საქმე გადაეცა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს.

 

გადაწყვეტილება:

საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1,,ა"); 163 (1, 2); 101(1); 154,,ა";73(5,,ა")