ბრძანება N 14833
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N14833
27.06.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „-------“ (ს/ნ ------)
(მის.: ------- )
2023 წლის 24 და 26 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა სს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 24 იანვრის №78465/1/2023 და 26 იანვრის №13639/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №081-312 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება სასტუმრო აპარტამენტების იჯარისთვის გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას. მიუთითებს, რომ შემოწმება აღნიშნულს აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ საწარმო 2019-2022 წლებში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ვერ დგინდება ანგარიშვალდებული პირების მიერ შემოტანილი თანხების გადახდის საფუძველი/მიზანი. განმარტავს, რომ საწარმოს მიერ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების მიზანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ კლიენტებთან, რომლის მიხედვით აღნიშნული აპარტამენტები ქვეიჯარით უნდა გაცემულიყო ხანგრძლივი ვადით, თუმცა პოტენციურ კლიენტებთან ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული. განმარტავს, რომ სს „--------“ მიერ მიღებული საიჯარო თანხები ასევე აღიარებულია შემოსავლად, რაც დადასტურებულია გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებებში. ამასთან, შემმოწმებლებს სადავო არ გაუხდია აღნიშნული თანხების დირექტორების მიერ საწარმოში შეტანის და სასტუმრო --------ზე გადახდის ფაქტი, შესაბამისად, ბუნდოვანია შემმოწმებლის შეფასება, რადგან უსასყიდლოდაც რომ გადაცემულიყო სასტუმროსთვის თანხები, აღნიშნული მაინც არ წარმოადგენდა მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტს. ჩათვლილი დღგ-ის თანხების გაუქმებასთან დაკავშირებით, გადამხდელი მიუთითებს ევროპის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით კომპანიას, რომელსაც არ განუხორციელებია დასაბეგრი ოპერაციები და საბოლოოდ დალიკვიდირდა, გაწეულ საინვესტიციო დანახარჯებზე ჩათვლილი დღგ არ შეუმცირდა. სასამართლომ საინვესტიციო დანახარჯების გაწევა მიიჩნია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებად, მიუხედავად საქმიანობის საბოლოო შედეგისა, გამომდინარე იქიდან, რომ იკვეთებოდა პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების განზრახვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად და სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით, შესაბამისად ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ნოემბრის №29672 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს „---------ის“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 26 დეკემბრის №32932 ბრძანება და ამავე თარიღის №081-312 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 228 474 ლარი, მათ შორის გადასახადი 131 420 ლარი, ჯარიმა 65 710 ლარი, საურავი 31 344 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული აქვს მცირე ოდენობით საგადასახადო ანგარიშფაქტურები სხვადასხვა მომსახურებაზე, რომლის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 63 107 ლარს, თუმცა დეკლარაციების მიხედვით ჩათვლილი აქვს მხოლოდ 50 155 ლარი. ბუღალტრული პროგრამის და სალაროს ანალიზის მიხედვით, საწარმო სასტუმრო „--------ს“ უხდის სასტუმროს ნომრების იჯარის ღირებულებას, რომლის დავალიანება 460 511 ლარი დაფარული აქვს სალაროდან, აღნიშნული თანხების შემოტანა სალაროში მოხდა დირექტორების მიერ. გადამხდელს პერიოდის ბოლოს უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება დირექტორების (ანგარიშვალდებული პირები) მიმართ 460 511 ლარის ოდენობით. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, ასევე ამავე კოდექსის 97-ე, 982 მუხლის მიხედვით, ვინაიდან, საწარმო 2019-2022 წლებში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ამასთან, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველზე და ვერ დგინდება ანგარიშვალდებული პირების მიერ შემოტანილი თანხების გადახდის საფუძველი/მიზანი სასტუმრო „-------ის“, სალაროდან გადახდილი თანხები ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები დაექვემდებარა გაუქმებას. გადამხდელს დაერიცხა დღგ/მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2023 წლის 15 ივნისს 14:30 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩათვლილი აქვს დღგ 50 155 ლარი. ბუღალტრული პროგრამის და სალაროს ანალიზის მიხედვით, საწარმო სასტუმრო „--------ას“ უხდის სასტუმროს ნომრების იჯარის ღირებულებას, რომლის დავალიანება 460 511 ლარი დაფარული აქვს სალაროდან, აღნიშნული თანხების შემოტანა სალაროში მოხდა დირექტორების მიერ. გადამხდელს პერიოდის ბოლოს უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება დირექტორების მიმართ 460 511 ლარის ოდენობით. შემოწმებით, ვინაიდან, საწარმო 2019-2022 წლებში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ამასთან, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველზე და ვერ დგინდება ანგარიშვალდებული პირების მიერ შემოტანილი თანხების გადახდის საფუძველი/მიზანი სასტუმრო „----------ის“, სალაროდან გადახდილი თანხები ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები დაექვემდებარა გაუქმებას. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „--------“ (ს/ნ --------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული აქვს მცირე ოდენობით საგადასახადო ანგარიშფაქტურები სხვადასხვა მომსახურებაზე, რომლის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 63 107 ლარს, თუმცა დეკლარაციების მიხედვით ჩათვლილი აქვს მხოლოდ 50 155 ლარი. ბუღალტრული პროგრამის და სალაროს ანალიზის მიხედვით, საწარმო სასტუმროს „უხდის სასტუმროს ნომრების იჯარის ღირებულებას, რომლის დავალიანება დაფარული აქვს სალაროდან, აღნიშნული თანხების შემოტანა სალაროში მოხდა დირექტორების მიერ. გადამხდელს პერიოდის ბოლოს უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება დირექტორების (ანგარიშვალდებული პირები) მიმართ. ვინაიდან, საწარმო 2019-2022 წლებში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ამასთან, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველზე და ვერ დგინდება ანგარიშვალდებული პირების მიერ შემოტანილი თანხების გადახდის საფუძველი/მიზანი სასტუმროსთვის სალაროდან გადახდილი თანხები ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები დაექვემდებარა გაუქმებას. გადამხდელს დაერიცხა დღგ/მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97; 982 ; (2021 წლამდე მოქმედი) 173-175; 275;