გადაწყვეტილება №22021/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.04.2024
№ დოკუმენტი 22021/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22021/2/2024

29 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------ი (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 17.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22021/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხების, რაზეც არ არსებობს დოკუმენტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლა;

2. შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავლის და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობის ანგარიშვალდებულ პირის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №25037 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №006-498 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №32029 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 84 642.15 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 47 604

დღგ - (-392)

მიწა - არასასოფლო - (-73)

მოგების გადასახადი - 21 628

საშემოსავლო გადასახადი - 26 304

ქონების გადასახადი - 137

ჯარიმა - 26 892

საურავი - 10 146.15

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სურსათით, ხილით და ბოსტნეულით.

აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №6566 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №25037 ბრძანება და ამავე თარიღის №006-498 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 9.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.12.2023 წლის №32029 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები (გაუთვალისწინებელი შესყიდვის აქტების ნაწილში) განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №32029 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხების, რაზეც არ არსებობს დოკუმენტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში კომპანიამ წარადგინა საბანკო ამონაწერები, რომლის ანალიზით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე (დანიშნულებაში მითითებულია პროდუქციის შესაძენად, მომსახურება და ა.შ.), რომელზეც არ არსებობს დოკუმენტი.

საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 982 მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები განხილულია, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საბანკო ანგარიშების მიხედვით საწარმოს გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე (დანიშნულებაში მითითებულია პროდუქციის შესაძენად, მომსახურება და ა.შ), რომელზეც არ არსებობს დოკუმენტი. აღნიშნული გადარიცხული თანხები შემოწმების მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების საფუძვლით დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში, დადგენილ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით (შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, მათ შორის შესყიდვის აქტები) გამოვლენილი სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადამხდელის პოზიციასთან, დამფუძნებლის შენატანებისა და ასევე დებიტორული დავალიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების მიერ დამფუძნებლის შენატანები გათვალისწინებულია, კერძოდ, საბანკო ამონაწერში სადაც ფიქსირდებოდა დანიშნულებაში დამფუძნებლის მიერ თანხის შეტანა ან გატანა გათვალისწინებულია სრულად. რაც შეეხება დებიტორულ დავალიანებას, გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ცხრილი დებიტორების შესახებ (დირექტორის ხელმოწერით), სადაც ფიქსირდება მხოლოდ ერთი კომპანიის (შპს -----ი -/- 7493 ლარი) მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება, რომელიც ასევე გათვალისწინებულია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის საქმიანობა არის ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სასურსათო საქონლის და ხილ-ბოსტნეულის საცალო რეალიზაცია ე.წ. დელივერის სერვისის გამოყენებით (გლოვოს, ვოლტის და ბოლტის აპლიკაციების გამოყენებით). საქონლის შეძენა ხორციელდება ძირითადად შესყიდვის აქტებით და სასაქონლო ზედნადებებით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია ინფორმაცია პროგრამა „----ის“ სახით, სადაც ასახულია, როგორც საქონლის რეალიზაციის, ასევე შეძენის ინფორმაცია, თუმცა, 2022 წელს პროგრამაში განხორციელებული განახლების შედეგად, წინა პერიოდის შეძენები სრულად არ იქნა ინტეგრირებული პროგრამაში და ინფორმაციის ნაწილი დაიკარგა. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა შესაბამისი შესყიდვის აქტები (ნაწილი ცხრილის სახით) და ითხოვს მათ სრულად გათვალისწინებას. ამასთან, ვინაიდან საწარმოს მიერ განხორციელებული რეალიზაციის ოპერაციები სრულად არის აღრიცხული, გადამხდელი ითხოვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების გაანგარიშებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობა, რომლის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შესყიდვის აქტები რამდენიმე ეტაპად, რომლებიც შემოწმების მიერ გადამოწმებულ და გათვალისწინებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობაში, ჯამური ღირებულებით 967 661 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნულის გარდა საწარმოს კიდევ უფიქსირდებოდა შესყიდვის აქტები მცირე ღირებულებით, რომლებიც შემოწმების მიერ არ იქნა ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული, რადგან ხშირ შემთხვევაში არ ფიქსირდებოდა მეორე მხარის ხელმოწერა ან ვერ იდენტიფიცირდებოდა, თუ ვისგან იყო სმფ შეძენილი (არ ფიქსირდებოდა გამყიდველის სახელი და გვარი ან პირადი ნომერი).

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები (გაუთვალისწინებელი შესყიდვის აქტების ნაწილში) განსაზღვროს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქონლის შეძენა ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად შესყიდვის აქტებით და სასაქონლო ზედნადებებით, საქონლის რეალიზაცია კი ძირითად შემთხვევაში განხორციელებულია დელივერის სერვისით: გლოვო, ვოლტის და ბოლტის აპლიკაციებით. კომპანიის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა საქონლის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია პროგრამა „-----ის“ სახით, სადაც ასახულია როგორც საქონლის რეალიზაციის, ასევე შეძენის ინფორმაცია. 2022 წლის პროგრამაში განხორციელებული განახლების შედეგად, წინა პერიოდის შეძენები სრულად არ იქნა ინტეგრირებული პროგრამაში, შედეგად ინფორმაციის ნაწილი დაიკარგა. თუმცა შემოწმებისათვის წარდგენილია შესაბამისი შესყიდვის აქტები დოკუმენტურად, ასევე ნაწილი ცხრილის სახით, რაც სრულად არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, ვინაიდან რეალიზაცია სრულად ასახულია და არ იწვევს კითხვის ნიშნებს, იმ რეალიზებულ საქონელზე, რომელზეც ვერ მოხდა შესყიდვის აქტების წარდგენა უნდა მომხდარიყო არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება და ხარჯების გათვალისწინება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმებისათვის წარდგენილია შესაბამისი შესყიდვის აქტები დოკუმენტურად, ასევე ნაწილი ცხრილის სახით, რაც სრულად არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, ვინაიდან რეალიზაცია სრულად ასახულია და არ იწვევს კითხვის ნიშნებს, იმ რეალიზებულ საქონელზე, რომელზეც ვერ მოხდა შესყიდვის აქტების წარდგენა უნდა მომხდარიყო არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება და ხარჯების გათვალისწინება.

შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №32029 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები (გაუთვალისწინებელი შესყიდვის აქტების ნაწილში) განსაზღვროს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო იზარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავლის და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობის ანგარიშვალდებულ პირის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღრიცხული ფულის მოძრაობა. შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით (შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, მათ შორის შესყიდვის აქტები) გამოვლენილი სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულია ანგარიშვალდებულ პირზე, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადაწყვეტილების შინაარსს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ საბრუნავი სახსრების მოძრაობა ძირითადად ხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით, მათ შორის შემოსავლის აბსოლუტური უმრავლესობის, საიჯარო, კომუნალური, ხელფასის და ა.შ. ხარჯების გაწევა. მხოლოდ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბაზარზე საქონლის შესყიდვის შემთხვევაში გამოყენებულია ნაღდი ანგარიშსწორება, რისი შინაარსიც ასახულია საბანკო ოპერაციებში თანხის გატანის მომენტში. შესაბამისად, არ იზიარებს შემოწმების აქტით განსაზღვრულ დარიცხვას, ვინაიდან სრულად არ არის გამოანგარიშებული და გათვალისწინებული გაწეული ხარჯები, მათ შორის ბანკით გაწეული: სხვადასხვა საქონლის და მომსახურების, იჯარით აღებული ფართის რემონტის, ძირითადი საშუალებების შეძენის: მაღაზიის დახლების კონდიციონერის, მაცივრის შეძენა-მონტაჟის და შეკეთების ხარჯები და ა.შ. რაც გამოიყენება საოპერაციო საქმიანობაში და მისი საჭიროება არ უნდა წარმოადგენდეს სადავოს. აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით დამატებით წარმოადგენს ხელშეკრულებებს, მიღება-ჩაბარების და შესყიდვის აქტებს. ასევე, ისეთ ხარჯთან დაკავშირებით რაზედაც სრულად ვერ იქნება წარდგენილი დოკუმენტაცია ითხოვს საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ხარჯების ღირებულება განისაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

შემოწმების მიერ, ასევე არ არის სრულად გათვალისწინებული საბანკო ანგარიშებზე დამფუძნებლის შენატანები, დებიტორული დავალიანებები - გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი კომპანიის დებიტორული დავალიანება, მაშინ როდესაც ძირითად მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, რეალიზაციის თანხები ჯამდება და ირიცხება 7-14 სამუშაო დღის შემდგომ (აღნიშნულზე დავების პროცესში წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია, რომ შემოწმების მიერ დამფუძნებლის შენატანები გათვალისწინებულია, კერძოდ, საბანკო ამონაწერში სადაც ფიქსირდებოდა დანიშნულებაში დამფუძნებლის მიერ თანხის შეტანა ან გატანა გათვალისწინებულია სრულად. რაც შეეხება, დებიტორულ დავალიანებას, გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ცხრილი დებიტორების შესახებ (დირექტორის ხელმოწერით), სადაც ფიქსირდება მხოლოდ ერთი კომპანიის (შპს ----ი -/- 7493 ლარი) მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება, რომელიც ასევე გათვალისწინებულია. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შესყიდვის აქტები რამდენიმე ეტაპად, რომლებიც შემოწმების მიერ გადამოწმებულ და გათვალისწინებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობაში, ჯამური ღირებულებით 967 661 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნულის გარდა საწარმოს კიდევ უფიქსირდებოდა შესყიდვის აქტები მცირე ღირებულებით, რომლებიც შემოწმების მიერ არ იქნა ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული, რადგან ხშირ შემთხვევაში არ ფიქსირდებოდა მეორე მხარის ხელმოწერა ან ვერ იდენტიფიცირდებოდა, თუ ვისგან იყო სმფ შეძენილი (არ ფიქსირდებოდა გამყიდველის სახელი და გვარი ან პირადი ნომერი).

შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში, დადგენილ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით (შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, მათ შორის შესყიდვის აქტები) გამოვლენილი სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულია ანგარიშვალდებული პირის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 26 892 ლარის ოდენობით, მათ შორის მოგების გადასახადში 10 814 ლარი, დღგ-ში 2 492 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 13 517 ლარი და ქონების გადასახადში 69 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №006-498 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 10 146 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ვინაიდან კომპანიის მიერ გამოწვეული დარღვევები არ წარმოდგენდნენ გამიზნულ ქმედებას გადასახადების შემცირების მიზნით, ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხების, რაზეც არ არსებობს დოკუმენტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლა, შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავლის და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობის ანგარიშვალდებულ პირის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №25037 ბრძანება და №006-498 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №32029 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №32029 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 982 (1 „ა“); 101(1); 154(1 „ა“); 269(7);