ბრძანება N 16115

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.07.2026
№ დოკუმენტი 16115
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16115

14 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 10, 16, 25 ივნისის და 7 ივლისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 25 ივნისის, 2 და 10 ივლისის სხდომებზე (ოქმები №56, №58 და №61) განიხილა ფ/პ---- (ს/ნ -----) 2026 წლის 10 ივნისის №102783/1/2026, 16 ივნისის №102906/1/2026,25 ივნისის №----(რეგ. №-----) და 7 ივლისის №----- (რეგ. №-----) საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 მაისის №----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების დაყოფის შემდგომ მათი რეალიზაციის ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ უძრავი ქონება შეიძინა 2022 წელს, რომელიც დაყო 5 ბინად და გაყიდა 2023-2024 წლებში, რაც საგადასახადო ორგანოს არ უნდა განეხილა ეკონომიკურ საქმიანობად და არ უნდა დაერიცხა დღგ. ამას გარდა, მომჩივანი მიუთითებს, რომ მის მიერ საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია არ განხორციელებულა მოგების/შემოსავლის მიღების მიზნით და აღნიშნული რეალიზაცია არ შეიძლება ჩაითვალოს სისტემური ხასიათის ოპერაციად, მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 მარტის №7536 ბრძანების მე-4 დანართის პირველ მაგალითზე და განმარტავს, რომ საქმიანობის ერთჯერად/არარეგულარულ მიწოდებად დაკვალიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია არა ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის ოდენობა, არამედ პირის განზრახვა. დამატებით, მომჩივანი განმარტავს, რომ ---- არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს და არ გაუწევია ეკონომიკური საქმიანობა, რომელსაც ექნებოდა ორგანიზაციული ხასიათი.

ამას გარდა, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების დანიშვნის ბრძანებაში და საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული კონკრეტული საკითხი, რომელზეც ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება, მაშინ როდესაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიღებულ შემოსავალს და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და განმარტავს, რომ ამის ნაცვლად საგადასახადო ორგანოს უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება. დამატებით, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებისას არ არის გათვალისწინებული შეძენილი მასალების, საბანკო და კომუნალური ხარჯები, ასევე, სარემონტო სამუშაოების ღირებულება და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიმდინარე გადასახდელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე გადასახდელები ერიცხება მხოლოდ საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირას, რომელსაც არ წარმოადგენს ------. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს მიმდინარე გადასახდელების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 აპრილის №7846 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა

ფ/პ ----- (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 7 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 13 მაისის №10623 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 475 435 ლარი, მათ შორის, გადასახადი 267 309 ლარი, ჯარიმა 87 789 ლარი და საურავი 120 337 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

ფ/პ --- (პ/ნ -----) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით არ იყო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირი. საჯარო რეესტრისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად, გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: ფ/პ ---- მიერ (პ/ნ -----) 2022 წლის 27 ოქტომბერს შეძენილია 395 კვ.მ ფართი (ქალაქი ----, №----), აღნიშნული ფართი ფიზიკურმა პირმა დაყო 5 ბინად, გაარემონტა და გაყიდა 2023-2024 წლებში. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად. შესაბამისად, ფ/პ ----- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა პირველი ბინის რეალიზაციისას, ვინაიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს. შესაბამისად, შემოწმებით, ფ/პ ---- (პ/ნ -----) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის პირველი თებერვალი.

შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 159-ე და 165-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმებით, ფ/პ ----- (პ/ნ -----) მიერ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა ბინების გასარემონტებლად გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და დარჩენილი თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-100 და 102-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების

რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, ფ/პ ------ 2022 წლის 27 ოქტომბერს შეიძინა 395 კვ.მ უძრავი ქონება. აღნიშნული ფართი ფიზიკურმა პირმა დაყო 5 ბინად, გაარემონტა და გაყიდა 2023-2024 წლებში. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად და პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა პირველი ბინის რეალიზაციისას, ვინაიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, ვინაიდან ფ/პ ------- 2022 წლის 27 ოქტომბერს შეიძინა 395 კვ.მ უძრავი ქონება, რომელიც 2023 წლის იანვრის თვეში დაყო 5 ბინად (დასტურდება შესაბამისი ამონაწერებით), გაარემონტა და შემდგომ მოახდინა მისი რეალიზაცია, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიზანს/განზრახვას, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, წარმოადგენდა მოგების/შემოსავლის მიღება, ამდენად, საბჭო იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ უძრავი ქონების დაყოფის შემდგომ ქონების რეალიზაციის ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობად მიჩნევა და დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გარემოების მიხედვით, ----- (პ/ნ ------) 2022 წლის 27 ოქტომბერს შეიძინა 395 კვ.მ ფართი, რომელიც დაყო 5 ბინად, გაარემონტა და გაყიდა 2023-2024 წლებში. შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად, მიღებულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა კი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებული მიმდინარე გადასახდელები.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, მიმდინარე გადასახდელების დარიცხვასთან დაკავშირებით, ვინაიდან ფ/პ ------ მიერ განხორციელებული უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციები შემოწმებით მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობად და ასევე ატარებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სამეწარმეო საქმიანობის ნიშნებს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული ოპერაციების ფარგლებში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე მიმდინარე გადასახდელების დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო შემოწმებისას არ არის გათვალისწინებული შეძენილი მასალების, საბანკო და კომუნალური ხარჯები, ასევე, სარემონტო სამუშაოების ღირებულება და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.

საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის/რემონტის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდა ბინების გარემონტებულ მდგომარეობაში რეალიზაციის ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ---- (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის/რემონტის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდა ბინების გარემონტებულ მდგომარეობაში რეალიზაციის ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების დაყოფის შემდგომ მათი რეალიზაციის ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას;

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიღებულ შემოსავალს და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას;

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიმდინარე გადასახდელებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

ფიზიკური პირის მიერ, რომელიც გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ ყოფილა, 2022 წლის 27 ოქტომბერს შეძენილ იქნა 395 კვ.მ ფართობის უძრავი ქონება, რომელიც დაიყო 5 ცალკეულ საცხოვრებელ ბინად, ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები და 2023-2024 წლებში გაიყიდა. საჯარო რეესტრისა და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენდა ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო პირველი ბინის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, რის გამოც პირს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2023 წლის 1 თებერვლიდან და შესაბამისად დაერიცხა დღგ და ჯარიმა. ცალკე, მიღებული შემოსავლიდან გამოკლდა ბინების რემონტზე გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო დარჩენილი თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, შესაბამისი ჯარიმის დარიცხვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის/რემონტის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდა ბინების გარემონტებულ მდგომარეობაში რეალიზაციის ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:165;159;80;102;73(5);155