გადაწყვეტილება №21235/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.01.2024
№ დოკუმენტი 21235/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21235/2/2023

03 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ის “ 4.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21235/2/2023).

 

დავის საგანი:

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №001-120 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №22786 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 535 079 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 344 558

ჯარიმა - 172 279

საურავი - 18 242

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის №5456 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 8 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება შავი და ფერადი ლითონების დოკუმენტური რეალიზაცია ჯამური ღირებულებით 3 046 753 ლარი, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული სმფ-ების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, გაანგარიშდა საწარმოს მიერ შეძენილი სმფ-ების ოდენობა, რომელიც საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ასევე, გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი პირველადი დოკუმენტაცია. არ იქნა წარდგენილი ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი/გაანგარიშება. ამასთან, შემოწმების პარალელურად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სალაროში არსებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც სალაროში ფული არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულის მოძრაობა მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ანალიზის შედეგად გამოვლინდა ფულადი ნაშთი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №14433 ბრძანება და №001-120 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 535 079 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 15 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 სექტემბრის №22786 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 1333 , 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულება სრულიად არ შეესაბამება შესყიდვის პერიოდში ჯართის რეალურ საბაზრო ღირებულებას. ასევე, კომპანიას ჰქონდა სხვა ხარჯებიც (სატრანსპორტო მომსახურების), რომელიც შეასრულეს მეწარმე ფიზიკურმა პირებმა.

მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის განხილვას საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ასევე შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, დაბეგრილ თანხას. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ხელახლა მოხდეს დაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი შავი და ფერადი ლითონების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშდა კომპანიის მიერ შეძენილი სმფ-ის ხარჯის ოდენობა, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციით სალაროში ფული არ გამოვლინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის განხილვას საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ასევე შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, დაბეგრილ თანხას. გადამხდელი ითხოვს ხელახლა მოხდეს დაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ფაქტობრივი გარემოებების, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, გაანგარიშდა საწარმოს მიერ შეძენილი სმფ-ების ოდენობა, რომელიც საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

გადამხდელის მხრიდან შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი პირველადი დოკუმენტაცია. არ იქნა წარდგენილი ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი/გაანგარიშება. ამასთან, შემოწმების პარალელურად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სალაროში არსებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც სალაროში ფული არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულის მოძრაობა მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ანალიზის შედეგად გამოვლინდა ფულადი ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,105,1333,154.