ბრძანება N 28011

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.12.2025
№ დოკუმენტი 28011
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28011

22 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,-----ის“ (ს/ნ ------------)

(მის.: ---------------------------)

2025 წლის 20 ნოემბრისა და 6 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს ,,-----ის“ (ს/ნ ------------) 2025 წლის 20 ნოემბრის №---/1/2025 და 6 დეკემბრის №---/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ოქტომბრის №081-274 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ თევზი განეკუთვნება დაბალ ვადიან, მალფუჭებად საქონელს და მალფუჭებადი სტატუსიდან, ასევე, მაღალი კონკურენციდან გამომდინარე საქონელი იყიდებოდა სხვადასხვა ფასებში, როგორც მაღალი, ასევე დაბალი ფასნამატით. აცხადებს, რომ რეალიზაციას ახდენდა საბითუმო ფასად, მყიდველების დაახლოებით 80%-ს საბუთი არ სჭირდებოდა, პროდუქციის გაფუჭებისა და კომპანიის მიერ ზარალის თავიდან აცილების მიზნით იძულებული იყო საქონელი გაეყიდა სასაქონლო ზედნადების გარეშე საბითუმო ფასად, რომელიც პროგრამულად საცალო რეალიზაციად არის გატარებული. ასევე აცხადებს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდამ გამოიწვია სალაროში ფულის ნაშთის გაზრდა. განმარტავს, რომ კომპანიას ბუღალტრულად ფულის ნაშთი არ გააჩნია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №12125 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-----ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 5 მაისიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 24 ოქტომბრის №23526 ბრძანება და ამავე თარიღის №081-274 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 426 077 ლარი, მათ შორის გადასახადი 239 064 ლარი, ჯარიმა 119 532 ლარი და საურავი 67 481 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

. შპს ,,-----ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა გაციებული/გაყინული თევზით. საქონლის შეძენა ძირითადად ხორციელდება იმპორტის გზით ----იდან, მცირე რაოდენობა შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე. რეალიზაცია მთლიანად ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის №12506 ბრძანების საფუძველზე, შპს ,,----ის“ ობიექტზე (მისამართი: ქ. ----ი, ----ის ქუჩა N-) ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2025 წლის 16 ივნისის მდგომარეობით, საწარმოს ნაშთი არ ერიცხება. შემოწმების შედეგად, კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვით ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი. ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი, ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს, ღირებულებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილის შესაბამისად საწარმოს შემოსავლები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა კომპანიის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს, რის შედეგადაც გამოყოფილ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა კილოგრამებში. შემოწმებით განხორციელდა საქონლის (თევზის) სახეობების მიხედვით დაყოფა, რაზეც გავრცელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა ჩაითვალა რეალიზებულად შეძენების თვეების შესაბამისად, სარეალიზაციო თვეებს შორის სასაქონლო ნაშთების გათვალისწინებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

. შემოწმების შედეგად, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამისა და სხვა მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე, შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში, რომლითაც საწარმოს შემოწმების ბოლოსთვის გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი 681 910 ლარის ოდენობით.

ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, 2024 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში (აღნიშნული პერიოდიდან კომპანიას არ უფიქსირდება სამეურნეო ოპერაციები) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა. ხოლო, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვით ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი. ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი, კომპანია ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს, ღირებულებით. ასევე, ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, 2025 წლის 16 ივნისის მდგომარეობით, საწარმოს ნაშთი არ ერიცხება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა კილოგრამებში, განხორციელდა საქონლის (თევზის) სახეობების მიხედვით დაყოფა, რაზეც გავრცელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი. შემოწმებით დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა ჩაითვალა რეალიზებულად შეძენების თვეების შესაბამისად, სარეალიზაციო თვეებს შორის სასაქონლო ნაშთების გათვალისწინებით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ასევე, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადასახადის გადამხდელმა საჩივრების ზეპირ განხილვაზე განმარტა, რომ საწარმოს ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 10-15%-ს, თუმცა შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებასა და მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ თევზის თითოეულ კატეგორიაზე/სახეობაზე (მაგ: დორადო, ორაგული, სიბასი და ა.შ.) გავრცელებულ იქნა გადასახადის გადამხდელის საშუალო დოკუმენტური ფასი (თითოეული თვის ჭრილში, გადასახადის გადამხდელს თევზის ყველა სახეობაზე უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციიდან გამომდინარე 2023 წლის ,,დორადოს“ დოკუმენტური ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 30%-ს, ,,სიბასი“ დაახლოებით 40%-მდე და ა.შ.).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში, მათ შორის საჩივრების ზეპირ განხილვაზე, ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობის გაანგარიშება, საქონლის (თევზის) სახეობების მიხედვით დაყოფა და შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასის გავრცელება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,-----ის“ (ს/ნ ------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12125 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 5 მაისიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №23526 ბრძანება და №081-274 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 426 077 ლარი, მათ შორის გადასახადი 239 064 ლარი, ჯარიმა 119 532 ლარი და საურავი 67 481 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №12506 ბრძანების საფუძველზე მომჩივანის ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2025 წლის 16 ივნისის მდგომარეობით, საწარმოს ნაშთი არ ერიცხება. შემოწმების შედეგად, კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვით ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი. ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი, ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს, ღირებულებით.

ამასთან,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილის შესაბამისად საწარმოს შემოსავლები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა კომპანიის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს, რის შედეგადაც გამოყოფილ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა კილოგრამებში. შემოწმებით განხორციელდა საქონლის სახეობების მიხედვით დაყოფა, რაზეც გავრცელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა ჩაითვალა რეალიზებულად შეძენების თვეების შესაბამისად, სარეალიზაციო თვეებს შორის სასაქონლო ნაშთების გათვალისწინებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, შემოწმების შედეგად გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამისა და სხვა მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე, შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში, რომლითაც საწარმოს შემოწმების ბოლოსთვის გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი 681 910 ლარის ოდენობით.ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, 2024 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში (აღნიშნული პერიოდიდან კომპანიას არ უფიქსირდება სამეურნეო ოპერაციები) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(1.5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);