გადაწყვეტილება №25920/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.11.2025
№ დოკუმენტი 25920/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25920/2/2025

25 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------ი (ს/ნ ------------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 29.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25920/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10916 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №058-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17733 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 49 145,29 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 48 270

საურავი - 875,29

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ნამცხვრებით, --- რაიონში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 3.06.2015 წელს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.

აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი იყენებს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს, წარდგენილი აქვს ყოველთვიური დეკლარაციები. საგადასახადო შემოწმების დროს გადასახადის გადამხდელი აქტიურად თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან. წარმოადგინა საბანკო ანგარიშები და ახსნა-განმარტება საქმიანობის შესახებ. მისი ძირითადი შემოსავალი დაფიქსირებულია სალაროსა და საბანკო პოს ტერმინალების მეშვეობით. საბანკო ანგარიშებზე პირადი ჩარიცხვებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება.

დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დასაბეგრმა შემოსავალმა 100 000 ლარიან ზღვარს, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნებისთვის, გადააჭარბა 6.08.2022 წელს. ამ თარიღის შემდეგ დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 447 285,54 ლარი, დღგ დასაბეგრ ბრუნვაზე 68 229 ლარი, ხოლო ჩასათვლელმა დღგ 19 653,79 ლარი.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №058-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10916 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №058-4 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10916 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან. ხოლო, დღგ შემცირდა 76,36 ლარით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე).

აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №058-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17733 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე), ასევე გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით სანქციისგან გათავისუფლების მიუხედავად საურავის კვლავ დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველ, მე-2 და 21 ნაწილებზე, და აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, საურავი ერიცხება კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელ გადასახადს და მისი დარიცხვა ჩერდება/წყდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ შემთხვევებში.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელი საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან გათავისუფლდა აღნიშნული ბრძანების გამოცემის თარიღისთვის დარიცხული საურავის ფარგლებში.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დავის ძირითად საგანს წარმოადგენს:

ა) შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10916 ბრძანების არაჯეროვანი აღსრულება დღგ-ის ჩათვლის ნაწილში;

ბ) საურავის დარიცხვა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №058-13 საგადასახადო მოთხოვნაში, მიუხედავად სანქციისგან (ჯარიმისგან) გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა.

შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10916 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლა და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მიუხედავად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენისა, აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №058-13 საგადასახადო მოთხოვნაში დღგ-ის ჩათვლა სრულყოფილად არ მოხდა რეალიზაციის მოცულობის შესაბამისად (არც არის ნამსჯელი ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნაში). საანგარიშო პერიოდში რეალიზაციის მოცულობამ შეადგინა 98 000 ლარი, მაშინ როდესაც დოკუმენტურად დადასტურებული ნედლეულის შეძენის ღირებულება მხოლოდ 9 000 ლარია. აღნიშნულ სექტორში ფასნამატი მერყეობს 35-50%-ის ფარგლებში. ეკონომიკური ლოგიკა და ბიზნეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება ამგვარ პროპორციას, რაც აშკარად მიუთითებს რეალური ხარჯების (და შესაბამისად, ჩასათვლელი დღგ-ის) ლოგიკურ პროპორციაზე.

საგადასახადო ორგანომ, შემოწმებისას, უნდა იხელმძღვანელოს არა მხოლოდ ფორმალური დოკუმენტაციით, არამედ ეკონომიკური შინაარსითა და გონივრულობის პრინციპით. გათვალისწინებული უნდა იქნას ანალოგიური საქმიანობის სფეროში არსებული პროპორციები შემოსავალსა და ხარჯებს შორის, რაც გულისხმობს დღგ-ის ჩათვლას ანალოგიური პროპორციით, საქმიანობის სპეციფიკისა და ანალოგიური საგადასახადო პრაქტიკის გათვალისწინებით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელი სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდა დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმისაგან), საურავი არ დაერიცხება სანქციისგან გათავისუფლებულ იმ ნაწილზე, რომელზეც ჯარიმა შემცირდა ან გაუქმდა.

შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10916 ბრძანებით მომჩივანი გათავისუფლდა სანქციისგან (ჯარიმისგან). მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №058-13 საგადასახადო მოთხოვნით კვლავ დაერიცხა საურავი 875,29 ლარის ოდენობით. ეს დარიცხვა წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის უშუალო დარღვევას და ეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს:

1. გადაანგარიშდეს/შემცირდეს ჩასათვლელი დღგ-ის დარიცხვა რეალიზაციის მოცულობის შესაბამისად, საქმიანობის სპეციფიკისა და ანალოგიური საგადასახადო პრაქტიკის გათვალისწინებით;

2. სრულად გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №058-13 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული 875,29 ლარის ოდენობის საურავი, რადგან მომჩივანი გათავისუფლდა სანქციისგან (ჯარიმისგან) შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10916 ბრძანების საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა ასევე სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი, მე-2 და 21 ნაწილების თანახმად:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

2 1 . საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10916 ბრძანებით დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №058-4 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდება საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ დღგის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე). ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ შემცირდა 76,36 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი და ჯარიმა. ასევე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან, შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10916 ბრძანების მიღების თარიღისთვის.

საურავის სრულად გაუქმების თაობაზე მომჩივნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10916 ბრძანების მიხედვით, მომჩივანი გათავისუფლდა სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავისგან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის, რაც არ მოიცავს საურავის სრულად გაუქმების დავალებას. დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანი არ მიუთითებს მტკიცებულებებზე, რომელიც წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10916 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №10916 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანი იყენებს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს, წარდგენილი აქვს ყოველთვიური დეკლარაციები. საგადასახადო შემოწმების დროს გადასახადის გადამხდელი აქტიურად თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან. წარმოადგინა საბანკო ანგარიშები და ახსნა-განმარტება საქმიანობის შესახებ. მისი ძირითადი შემოსავალი დაფიქსირებულია სალაროსა და საბანკო პოს ტერმინალების მეშვეობით. საბანკო ანგარიშებზე პირადი ჩარიცხვებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება.

დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დასაბეგრმა შემოსავალმა 100 000 ლარიან ზღვარს, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნებისთვის, გადააჭარბა 6.08.2022 წელს. ამ თარიღის შემდეგ დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 447 285,54 ლარი, დღგ დასაბეგრ ბრუნვაზე 68 229 ლარი, ხოლო ჩასათვლელმა დღგ 19 653,79 ლარი.გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №058-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №10916 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან. ხოლო, დღგ შემცირდა 76,36 ლარით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე).

აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №058-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №17733 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის №10916 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174(1,2.3); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“ );