ბრძანება N 3133
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3133
20.02.2023
შპს „--------“-ის (ს/ნ ---------)
(მის.: „--------“)
2022 წლის 5 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) 2022 წლის 5 ოქტომბრის №75289/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 აგვისტოს №001-156 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი ნაშთის ოდენობას და დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას. განმარტავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი რეისებით განსაზღვრული თანხები ზუსტად ამავე ოდენობით მიღებული აქვს კომპანიას და გაცემულია ხელფასად.
2. არ ეთანხმება გამოქვითული საწვავის ხარჯის ოდენობას. განმარტავს, რომ 30 ლიტრის ხარჯი 100 კმ-ზე არ შეესაბამება რეალობას. მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წერილით მიმართა "------" -ს და პასუხს დამატებით წარმოადგენს მიღებისთანავე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 ივნისის №20522 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 3 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 18 აგვისტოს №21816 ბრძანება და 19 აგვისტოს №001-156 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 72 346 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 460 ლარი, ჯარიმა 19 230 ლარი, საურავი 14 656 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საერთაშორისო გადაზიდვები. კომპანიის რეგისტრაციის მისამართია „--------“ კომპანია გადაზიდვებს ძირითადად ახორციელებს რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. გადააქვს მალფუჭებადი სახის საქონელი, როგორიცაა: ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი, ასევე ღვინო. კომპანია აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა „ორისში“. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც სრულად არ იქნა წარმოდგენილი. ასევე, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისგან და მესამე მხარეებისგან. ვინაიდან, გადამხდელის მხრიდან მოწოდებული არ იყო სრული სააღრიცხვო ინფორმაცია, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ერთმანეთს შედარდა გადამხდელის მიერ გადმოგზავნილი ინვოისები, ბუღალტრულ პროგრამაში არსებული ინფორმაცია, ცმრ, საბაჟო კვეთებისა და საბაჟო დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების დროს ერთმანეთს შედარდა გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული თარიღები და ავტომობილის ნომრები, საბაჟოს ცხრილში არსებულ იმავე მაჩვენებელთან. საზღვრის კვეთის მიხედვით, შემოწმებით დადგენილი მონაცემები განსხვავდებოდა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციისგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. შესაბამისად, არსებული სხვაობა დამატებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებულ შემოსავალზე. ფასი განსაზღვრული იქნა შესაბამისი მიმართულების ქვეყნისა და გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული რეისის ფასის მიხედვით (მინიმალური ღირებულება). ხარჯის ნაწილში, გათვალისწინებული იქნა საწვავის, მივლინების, ამავე გადაზიდვის დროს სამაცივრე მოწყობილობის ჩართვის დროს გახარჯული საწვავის ოდენობა. კერძოდ: საწვავის ხარჯის შემთხვევაში გამოთვლილ იქნა მანძილი კონკრეტული ქვეყნის მიხედვით, რომელიც გამრავლებული იქნა გადამხდელის მიერ პროგრამაში დაფიქსირებულ საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის მინიმალურ ფასზე და გათვალისწინებული იქნა 100 კილომეტრზე 30 ლიტრი საწვავის ხარჯვა. ხოლო საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, მანძილი დაწყების ადგილიდან საქართველოში არსებულ საზღვაო პორტამდე, შემდგომ საქართველოდან უკრაინის (ჩერნომორსკის) პორტამდე სამაცივრე მოწყობილობის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა, უკრაინის პორტიდან დანიშნულების ადგილამდე არსებული მანძილი და პირიქით. მივლინების შემთხვევაში გადამოწმდა თითოეული ავტომობილის მიხედვით საბაჟოზე კვეთის დროს შემოსვლისა და გასვლის თარიღები, გაანგარიშდა დღეების რაოდენობა და გამრავლდა შესაბამისი ქვეყნისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №220 ბრძანებით განსაზღვრული მივლინების თანხის ოდენობაზე. დამატებით არსებული ფულადი ნაშთი „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
ხოლო, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა აღრიცხვას დადგენილი წესით, რის გამოც შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ერთმანეთს შედარდა გადამხდელის მიერ მიწოდებული ინვოისები, ბუღალტრულ პროგრამაში არსებული ინფორმაცია, ცმრ, საბაჟო კვეთებისა და საბაჟო დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია. ერთმანეთს შედარდა გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული თარიღები და ავტომობილის ნომრები, საბაჟო დეპარტამენტიდან მიღებულ ინფორმაციას. საზღვრის კვეთის მიხედვით, შემოწმებით დადგენილი მონაცემები განსხვავდებოდა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციისგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. შესაბამისად, არსებული სხვაობა დამატებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებულ შემოსავალზე. ხოლო, ფასი განისაზღვრა შესაბამისი მიმართულების ქვეყნისა და გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული რეისის ფასის მიხედვით (მინიმალური ღირებულება). ხარჯის ნაწილში, გათვალისწინებული იქნა საწვავის, მივლინების, ამავე გადაზიდვის დროს სამაცივრე მოწყობილობის ჩართვის დროს გახარჯული საწვავი ოდენობა. საწვავის ხარჯთან მიმართებით, კონკრეტული ქვეყნის მიხედვით მანძილისა და საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის მინიმალური ფასი გათვალისწინებულია ხარჯში. საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, მანძილი დაწყების ადგილიდან საქართველოში არსებულ საზღვაო პორტამდე, შემდგომ საქართველოდან უკრაინის (ჩერნომორსკის) პორტამდე სამაცივრე მოწყობილობის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა, უკრაინის პორტიდან დანიშნულების ადგილამდე არსებული მანძილი და პირიქით. მივლინებების შემთხვევაში, გადამოწმდა თითოეული ავტომობილის მიხედვით საზღვრის კვეთის დროს შემოსვლისა და გასვლის თარიღები და სამივლინებო ხარჯები გაანგარიშდა დღეების რაოდენობისა და შესაბამისი ქვეყნისთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №220 ბრძანებით განსაზღვრული სამივლინებო ხარჯების ნორმების გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი დადგენილი წესით არ აწარმოებდა აღრიცხვას და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო ეხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.