გადაწყვეტილება №21972/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 21972/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21972/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 15.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21972/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8473 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2023 წლის №045-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33453 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 619 910.12 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 330 097

დღგ - 138 306

მიწა - არასასოფლო -164

საშემოსავლო გადასახადი - 226 653

ქონების გადასახადი - (- 35 026)

ჯარიმა - 183 182

საურავი - 106 631.12

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს რესტორანი „---“ წარმოადგენს ---ში მოქმედ რესტორანს. აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2022 წლის №10266 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ: შემოწმებისას განხორციელდა სხვადასხვა წყაროებში მოძიებული ინფორმაციების დამუშავება და აღმოჩნდა, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული კერძები/სასმელების სარეალიზაციო ფასები მნიშვნელოვნად განსახვავდება შემოწმებით დადგენილი ფასებისგან. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს დადგენილი წესითა და ფორმით, რითაც დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები.

საგადასახადო კოდექსის 61-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით კომპანიის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, სასმელზე საშუალო სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა 300%-ით, ხოლო კერძზე 254%-ით. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს დაერიცხა დღგ. ხოლო საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32921 ბრძანება და ამავე თარიღის №045-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 22.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8473 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: - პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8473 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის დასკვნა, რომლითაც შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირდა. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 24.10.2023 წლის №26175 ბრძანება და 24.10.2023 წლის №045-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 28.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.12.2023 წლის №33453 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, თუმცა მათგან ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება გადამხდელის პოზიციის დამადასტურებელი გარემოებები. კერძოდ: გადამხდელის განმარტებით, რადგან ---ში სეზონი იწყება დეკემბერში, დეკემბრის დასაწყისიდანვე იჭერენ თადარიგს - დგება სეზონის მენიუ, განისაზღვრება ფასები. „კალკულაცია 2019“ მოიცავდა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდს ანუ 2020 წლის სეზონს, „კალკულაცია 2020“ - 2021 წლის სეზონს და „კალკულაცია 2021“ - 2022 წლის სეზონს, ხოლო 2019 წლის სეზონის კალკულაცია არ ჰქონდა შენახული (როგორც საჩივარში აღნიშნავს 2022 წლის სეზონის ან/და სხვა რომელიმე სეზონის კალკულაცია ცალკე არ მოუწოდებია).

გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მოყვანილი მეორე არგუმენტიც და არც შემოწმების მიერ დადგენილი 2021 წლის სეზონის ფასები არ მოდის სრულ შესაბამისობაში 2022 წლის სეზონის ფასებთან და დეკლარირებულ შემოსავლებთან. რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლებსა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც 19.04.2023 წლის №8473 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორის შეფასებით: გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა ექსელის ფაილებით კალკულაციები, სადაც თითოეულ შიტზე მითითებული იყო წლები „2019“, „2020“ და „2021“. შემოწმებას განუმარტა, რომ რადგან ---ში სეზონი იწყება დეკემბერში, დეკემბრის დასაწყისიდანვე იჭერენ თადარიგს - დგება სეზონის მენიუ, განისაზღვრება ფასები.

„კალკულაცია 2019“ მოიცავდა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდს, ანუ 2020 წლის სეზონს, „კალკულაცია 2020“ - 2021 წლის სეზონს და „კალკულაცია 2021“ - 2022 წლის სეზონს, ხოლო 2019 წლის სეზონის კალკულაცია არ ქონდა შენახული, (როგორც საჩივარში აღნიშნავს 2022 წლის სეზონის ან/და სხვა რომელიმე სეზონის კალკულაცია ცალკე არ მოუწოდებია)“.

აუდიტორი აღნიშნულ შეფასებაში საუბრობს საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და არა მისი გასაჩივრების შემდგომ გადაანგარიშების პროცესში მიწოდებულ ინფორმაციაზე და დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.

შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში წარდგენილ №78305/1/2023 საჩივარში აღნიშნავდა რომ: „კალკულაცია 2019“ მოიცავს პერიოდს 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით ანუ 2019 წლის სეზონს; „კალკულაცია 2020“ მოიცავს პერიოდს 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით ანუ 2020 წლის სეზონს; „კალკულაცია 2021“ მოიცავს პერიოდს 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით ანუ 2021 წლის სეზონს; ხოლო „კალკულაცია 2022“ მოიცავს პერიოდს 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით ანუ 2022 წლის სეზონს; 2022 წლის სეზონის კალკულაციები მიწოდებული იქნა ცალკე ექსელის ფაილის სახით. ასევე მიწოდებული იქნა საბუღალტრო პროგრამა „ფინადან“ ბრუნვითი უწყისი (1.12.2021-31.03.2022 წ.წ. პერიოდზე) და სხვა საჭირო ინფორმაცია. ასევე, აუდიტორი აღნიშნავს რომ „გადაანგარიშებისას შესწავლილ იქნა გადამხდელის მეორე არგუმენტიც და არც შემოწმების მიერ დადგენილი 2021 წლის სეზონის ფასები არ მოდის სრულ შესაბამისობაში 2022 წლის სეზონის ფასებთან და დეკლარირებულ შემოსავლებთან“.

წარდგენილ №78305/1/2023 საჩივარში აღნიშნავდა, რომ „შემმოწმებელს 2022 წლის სეზონის ფასები შედარებული აქვს 2021 წლის სეზონის ფასებთან. რაც დასტურდება იმითაც, რომ აუდიტორის მიერ შესადარებლად აღებული ფასები სრულ შესაბამისობაში მოდის 2022 წლის სეზონის ფასებთან, რომელთა მარტივად ნახვა და შემოწმება შესაძლებელია ბუღალტრულ პროგრამაში“.

აუდიტორის მიერ მოძიებული 2022 წლის საქონლის ფასები შემოწმებით შედარებული იქნა „კალკულაცია 2021“ შიტზე მითითებულ ფასებთან, რომელიც მისი განმარტებით იყო 2022 წლის სეზონის ფასები, ხოლო სინამდვილეში არის 2021 წლის სეზონის ფასები. თუ შევადარებთ მიწოდებულ 2022 წლის სეზონის ფასებსა და აუდიტორის მიერ შემოწმებით მოძიებულ 2022 წლის საქონლის ფასებს, ისინი არსებითად სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან (იხ.დანართი „საკვების ფასნამატების ცხრილი 2022 სეზონი“).

გადამხდელი სარესტორნო პროგრამას (ჯეორესი) იყენებს არსებობის დღიდან, სადაც დეტალურადაა აღრიცხული რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. 2019-2021 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდზე გადამხდელი ბუღალტრულ ოპერაციებს აღრიცხავდა პროგრამა „ორისში“, რომელშიც ყველა ოპერაცია დეტალურად იშიფრება, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე, საწარმო იყენებდა საბუღალტრო პროგრამა „ფინას“, ამდენად, გაუგებარია რას გულისხმობს აუდიტორი შეფასებაში, რომ კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით. მისი ვარაუდით, აღნიშნული გამოწვეულია კომუნიკაციის ნაკლებობითა და სარეალიზაციო ფასებს შორის შეცდომით გამოვლენილი სხვაობებით. ასევე, ყურადღება გასამახვილებელია იმ გარემოებებზე, რომ:

1. საწარმოო პროცესი დირექტორის/დამფუძნებლის მიერ მოწყობილია ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თანამშრომლების მიერ საკვების ან ფულადი სახსრების მითვისების რისკი. შესაბამისად, შეკვეთის მიღების შემდეგ მიმტანი მოწყობილობებზე (ე.წ. „თაჩი“) თავისი პირადი კოდით ხსნის მენიუს და შეყავს მომხმარებლის შეკვეთა. ამის შემდეგ შეკვეთილი პროდუქცია სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე იბეჭდება ავტომატურად. კერძოდ, ბარმენთან იბეჭდება სასმელის შეკვეთა, ხაჭაპურის მცხობელთან იბეჭდება ხაჭაპურის შეკვეთა, მწვადის შემწველთან მწვადის შეკვეთა და ა.შ. შეკვეთის დახურვა ხდება მხოლოდ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების შემდგომ. ხოლო დღის ბოლოს, ყველა მიმტანი პირადი შეკვეთებიდან მიღებული შემოსავლების შედარებას ახდენს რესტორნის მენეჯერთან სალარო აპარატისა და ტერმინალის ამონაწერების გამოყენებით.

გარდა ამისა, საწარმოს დირექტორი და მენეჯერი ახდენენ ყოველკვირეულ აღწერას რესტორანში და სარესტორნო პროგრამაში დაფიქსირებული რეალიზაციებიდან გამომდინარე ახდენენ შედარებას მზარეულებთან და ბარმენთან, როგორც რეალიზებული პროდუქციის, ასევე საქონლის ნაშთების სისწორის დადგენის მიზნით. აღნიშნულიდან ჩანს, რომ კომპანიას გააჩნია საკუთარი ბერკეტები, რომლებიც მიმართულია აღურიცხავი შემოსავლების აღმოფხვრისკენ და ადასტურებს იმ გარემოებასაც, რომ კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის მიზანია სრულყოფილად იყოს აღრიცხული ყველა ოპერაცია საწარმოში;

2. არსებობის მანძილზე კომპანია არასდროს დაჯარიმებულა საგადასახადო ორგანოების მიერ;

3. შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი აქვს 327 516 ლარი, რაც კომპანიის საქმიანობის სეზონურობის გათვალისწინებით უზარმაზარი თანხაა და საეჭვოა არა მარტო ---ში, არამედ საქართველოს სხვა რაიონებშიც, მსგავსი მასშტაბების და საქმიანობის განმახორციელებელ პირს აღნიშნული ოდენობის თანხა ჰქონდეს გადახდილი ბიუჯეტში;

4. პანდემიის პერიოდში, კერძოდ 16.03.2020 წლიდან, მას შემდეგ რაც კომპანიის სტუმართაგან რამდენიმეს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი, მოხდა საწარმოს იზოლირება გარე სამყაროსგან და თანამშრომლებიც ვერ ტოვებდნენ კომპანიის ტერიტორიას თავისი ნების საწინააღმდეგოდ სახელმწიფო სტრუქტურების მოთხოვნით. კომპანიამ ფუნქციონირება განაგრძო მომდევნო წლის იანვრიდან. შესაბამისად, ამ პერიოდში ნაშთად რიცხული მალფუჭებადი პროდუქცია (16 500 ლარის ოდენობით) დაექვემდებარა ჩამოწერასა და განადგურებას, ხოლო შემმოწმებლის მიერ აღნიშნული პროდუქცია ჩართულია მიწოდებაში და დაბეგრილია შესაბამისი გადასახადებით;

5. მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვა სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, თუკი გადამხდელის შემოსავლებს გავტესტავთ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდით, მიღებული შემოსავლები სრულ შესაბამისობაში იქნება გადამხდელის მიერ სააღრიცხვო პროგრამაში აღრიცხულ და დეკლარირებულ შემოსავლებთან, ვინაიდან აუდიტორის მიერ მოძიებული ფასები სრულ შესაბამისობაშია გადამხდელის მიერ 2022 წლის სეზონში საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებულ ფასებთან.

აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენების და შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების განსაზღვრის საფუძველი. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, თუკი გადამხდელის შემოსავლებს გავტესტავთ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდით, მიღებული შემოსავლები სრულ შესაბამისობაში იქნება გადამხდელის მიერ სააღრიცხვო პროგრამაში აღრიცხულ და დეკლარირებულ შემოსავლებთან, ვინაიდან აუდიტორის მიერ მოძიებული ფასები სრულ შესაბამისობაშია გადამხდელის მიერ 2022 წლის სეზონში საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებულ ფასებთან. საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხვა გამოწვეულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ აუდიტორის მიერ მოძიებული ფასები წარმოადგენს 2022 წლის სეზონის ფასებს, რომელიც შეცდომით შედარებული იქნა 2021 წლის სეზონის ფასებთან. აქედან გამომდინარე, ითხოვს მოეხსნას არაპირდაპირი მეთოდით დამატებით დარიცხული გადასახადები.

გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხისა, სხვა საკითხებში დაფიქსირდა უმნიშვნელო სხვაობები, რომლებიც გამოწვეულია გამოუცდელობისა და არცოდნის გამო (პირველი შემთხვევაა და დღემდე შემოწმება არ ყოლია), ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაკისრებული ჯარიმის და საურავის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8473 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ხოლო ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8473 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის დასკვნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, საიდანაც ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება გადამხდელის პოზიციის დამადასტურებელი გარემოებები. კერძოდ: გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ექსელის ფაილებით კალკულაციები, სადაც თითოეულ შიტზე მითითებული იყო წლები „2019“, „2020“ და „2021“ და განუმარტა, რომ რადგან ---ში სეზონი იწყება დეკემბერში, დეკემბრის დასაწყისიდანვე იჭერს თადარიგს - დგება სეზონის მენიუ და განისაზღვრება ფასები. „კალკულაცია 2019“ მოიცავდა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდს ანუ 2020 წლის სეზონს, „კალკულაცია 2020“ - 2021 წლის სეზონს და „კალკულაცია 2021“ - 2022 წლის სეზონს, ხოლო 2019 წლის სეზონის კალკულაცია არ ჰქონდა შენახული (როგორც საჩივარში აღნიშნავს 2022 წლის სეზონის ან/და სხვა რომელიმე სეზონის კალკულაცია ცალკე არ მიუწოდებია).

გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილია გადამხდელის მეორე არგუმენტიც და არც შემოწმების მიერ დადგენილი 2021 წლის სეზონის ფასები არ შეესაბამება სრულად 2022 წლის სეზონის ფასებს და დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნულის შედეგად, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ: „კალკულაცია 2019“ მოიცავს პერიოდს 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით ანუ 2019 წლის სეზონს; „კალკულაცია 2020“ მოიცავს პერიოდს 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით ანუ 2020 წლის სეზონს; „კალკულაცია 2021“ მოიცავს პერიოდს 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით ანუ 2021 წლის სეზონს; „კალკულაცია 2022“ მოიცავს პერიოდს 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით ანუ 2022 წლის სეზონს; 2022 წლის სეზონის კალკულაციები მიწოდებული იქნა ცალკე ექსელის ფაილის სახით. ასევე, მიწოდებული იქნა საბუღალტრო პროგრამა „ფინადან“ ბრუნვითი უწყისი (1.12.2021- 31.03.2022 წ.წ. პერიოდზე) და სხვა საჭირო ინფორმაცია.

ამასთან, აუდიტორის მიერ მოძიებული 2022 წლის საქონლის ფასები შედარებული იქნა „კალკულაცია 2021“ შიტზე მითითებულ ფასებთან, რომელიც მისი განმარტებით იყო 2022 წლის სეზონის ფასები, ხოლო სინამდვილეში არის 2021 წლის სეზონის ფასები. თუ შევადარებთ მიწოდებულ 2022 წლის სეზონის ფასებსა და აუდიტორის მიერ შემოწმებით მოძიებულ 2022 წლის საქონლის ფასებს, ისინი არსებითად სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხვა გამოწვეულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ აუდიტორის მიერ მოძიებული ფასები წარმოადგენს 2022 წლის სეზონის ფასებს, რომელიც შეცდომით შედარებული იქნა 2021 წლის სეზონის ფასებთან. აქედან გამომდინარე, ითხოვს მოეხსნას არაპირდაპირი მეთოდით დამატებით დარიცხული გადასახადები.

აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2024 წლის №11264-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, მომჩივნის არგუმენტზე განმარტებულია შემდეგი:

ა) სარესტორნო პროგრამის „ჯეორესის“ შესახებ გადამხდელმა განაცხადა შემოწმების პროცესშიც, რომ იყენებს არსებობის დღიდან, სადაც დეტალურადაა აღრიცხული რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, მაგრამ აღნიშნა რომ პროგრამა წაეშალა და ითხოვა დამატებითი დრო მის აღსადგენად. არც დასახელებული ვადის გასვლის შემდგომ და არც გადაანგარიშების მომენტისათვის აღნიშნული პროგრამის ასლი ან/და საქონლის მოძრაობის ამსახველი ცხრილები მომჩივანს არ წარუდგენია. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

ბ) კომპანიის მიერ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება გადამხდელის პოზიციის დამადასტურებელი გარემოებები. კერძოდ: გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ექსელის ფაილებით კალკულაციები სადაც თითოეულ „შიტზე“ მითითებული იყო წლები „2019“, „2020“ და „2021“. შემოწმებას განუმარტა, რომ მისი საქმიანობა არის სეზონური. ---ში სეზონი იწყება დეკემბერში. დეკემბერის დასაწყისიდანვე იჭერენ თადარიგს: დგება სეზონის მენიუ, კალკულაციები, განისაზღვრება ფასები. „კალკულაცია 2019“ მოიცავდა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის აპრილამდე პერიოდს ანუ 2020 წლის სეზონს, „კალკულაცია 2020“ მოიცავდა 2021 წლის სეზონს და „კალკულაცია 2021“ - 2022 წლის სეზონს, ხოლო 2019 წლის სეზონის კალკულაცია იყო ძველი და არ ჰქონდა შენახული. საფუძველს მოკლებულია მისი არგუმენტი, რომ წარმოადგინა 2019, 2020 და 2021 წლების კალკულაციები და არ წარმოადგინა 2022, რადგან შემოწმება დანიშნულია 2022 წლის აპრილის თვეში. აპრილის თვეში სრულდება სეზონი ---ში და რომც არ ჰქონოდა კალკულაცია (წაეშალა, როგორც გადაანგარიშებისას აცხადებს), შეეძლო აღედგინა უახლესი, მიმდინარე პერიოდი, ხოლო 2019 წლის სეზონის კალკულაცია როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, იყო ძველი და არ ჰქონდა შენახული.

ამავდროულად, არც შემოწმების მიერ დადგენილი 2021 წლის სეზონის ფასები არ შეესაბამება სრულად გადაანგარიშების დროს წარდგენილ 2022 წლის სეზონის ფასებს და იმავე წლის დეკლარირებულ შემოსავლებს. მომჩივანი ასევე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისგან გათავისუფლებას, რასთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8473 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8473 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8473 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებისას განხორციელდა სხვადასხვა წყაროებში მოძიებული ინფორმაციების დამუშავება და აღმოჩნდა, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული კერძები/სასმელების სარეალიზაციო ფასები მნიშვნელოვნად განსახვავდება შემოწმებით დადგენილი ფასებისგან.

საგადასახადო კოდექსის 61-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით კომპანიის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, სასმელზე საშუალო სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა 300%-ით, ხოლო კერძზე 254%-ით. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს დაერიცხა დღგ. ხოლო საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32921 ბრძანება და ამავე თარიღის №045-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 22.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8473 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის დასკვნა, რომლითაც შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირდა. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 24.10.2023 წლის №26175 ბრძანება და 24.10.2023 წლის №045-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 28.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.12.2023 წლის №33453 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73.