გადაწყვეტილება №23846/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23846/2/2024
15 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 3.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23846/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
2. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის გაზრდა;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №007-131 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18746 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 158 578,63 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 91 168
დღგ - 74 875
საშემოსავლო გადასახადი - 16 183
ქონების გადასახადი - 110
ჯარიმა - 45 360
საურავი - 22 050,63
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჩინეთიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ჩანთებითა და ჩემოდნებით ვაჭრობა ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3456 და 4 აპრილის №7526 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 13 მარტის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 5 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №14044 ბრძანება და №007-131 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18746 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელმა სრულად წარუდგინა საგადასახადო ორგანოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ მეწარმე ვერ ახდენს საქონლის სტანდარტების მიხედვით ჩამოწერას. ჩამოწერა ხორციელდება ყოველი თვის ჭრილში და შესაბამისად ვერ დგინდება დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლის რეალური ფასნამატი და საქონლის ჭრილში სარეალიზაციო ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 745 828 ლარს დღგ-ის გარეშე. 2024 წლის 13 მარტს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 406 794 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი, შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, 80-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი. აქტში არაა მოყვანილი სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელი ქვეპუნქტის („ა“ თუ „ბ“) საფუძველზე განსაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით.
წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა რომელიც სრულყოფილად ასახავს დასაბეგრ ოპერაციებს, გადამხდელს არ უფიქსირდება სამართალდარღვევა, არ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც „ა“ და არც „ბ“ ქვეპუნქტის პირობები.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი № 22708 ბრძანების ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე №10 დანართის „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, შესაბამისი საფუძვლების დადგენის და შესაბამისი მეთოდების გამოყენების პრინციპებს. შემოწმების დროს არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი № 22708 ბრძანების №10 დანართი, ვინაიდან აღნიშნული დანართის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს არ ქონდა უფლება გამოეყენებინა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მათ მიერ ფასნამატი განისაზღვრა/გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატიდან გამომდინარე, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება რას დაეყრდნო შემმოწმებელი. რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან შესაძლებელი იყო განსაზღვრულიყო „დოკუმენტური ფასნამატი“ (სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებადია პირის რეალიზაცია), არსებობს დოკუმენტური რეალიზაცია და შესაბამისად „დოკუმენტური ფასნამატი“ რაც დაფიქსირებულია საბუღალტრო პროგრამაში და თანხვედრაშია ინვენტარიზაციის მონაცემებთან. 2024 წლის 13 მარტს ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია რომლის დროსაც დადგენილია ფასნამატი, რომელიც შემოწმების მიერ არაა გათვალისწინებული, რაც ასევე თანხვედრაშია დოკუმენტურ ფასნამატთან. შემოწმების მიერ არაა გათვალისწინებული არც „დოკუმენტური ფასნამატი“, არც „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“ (ინვენტარიზაციის ფასნამატი) და გავრცელდა „მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი“. მომჩივნისთვის არაა ცნობილი ვისი ფასნამატი იქნა გამოყენებული, რამდენად არის შესადარისი პირი, აქვს თუ არა მსგავსი საქმიანობა, მისი საქმიანობაც ჩანთებითა და ჩემოდნებით ვაჭრობაა თუ არა, მსგავსი ბრუნვა, გათვალისწინებულია თუ არა ტერიტორიული პრინციპი (---ს ბაზრობა), რომელი წლების ფასნამატია გათვალისწინებული არ ჩანს აქტში, აქტში ასევე არაა დაფიქსირებული „მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი“ რამდენი პროცენტი, რომელიც გაუვრცელეს. ასევე აღსანიშნავია, საგადასახადო შემოწმების აქტის გაანგარიშებაში არის ტექნიკური უზუსტობები. შემმოწმებლების მიერ დაკორექტირებულია მეწარმის მიერ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებები, რომლის შესახებაც შემოწმების აქტში არ არის აღნიშნული. გადამხდელი პერიოდულად ატარებდა ინვენტარიზაციებს და დანაკლისი ასახულია როგორ საბუღალტრო პროგრამაში, ასევე დეკლარაციებში, რომელიც შემოწმების მიერ გათვალისწინებული არაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ აწარმოებს აღრიცხვას კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, წარდგენილი აქვს სააღრიცხვო პროგრამა შემმოწმებლებისთვის, შესაბამისად არ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც „ა“ და არც „ბ“ ქვეპუნქტის პირობები, არაა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი №22708 ბრძანების ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე №10 დანართის „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითება და ვითხოვთ, აღნიშნული მეთოდური მითითების გათვალისწინებას. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ ფასნამატი განისაზღვროს „დოკუმენტური ფასნამატი“-თ და „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“-თ (ინვენტარიზაციის ფასნამატი), ნაცვლად მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატისა. გაითვალისწინოს დეკლარირებული და საბუღალტრო პროგრამაში ასახული დაბეგრილი დანაკლისი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
2. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის გაზრდა
ფაქტების აღწერა
შემოწმების შედეგად გაიზარდა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი. დაკორექტირდა 2021-2022 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, 80-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება, კერძოდ, მსუბუქი ავტომობილი. დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი და დაკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18746 ბრძანებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ ნორმებს. ითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.08.2024 წლის №18746 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
2. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის გაზრდა;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა სრულად წარუდგინა საგადასახადო ორგანოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ მეწარმე ვერ ახდენს საქონლის სტანდარტების მიხედვით ჩამოწერას. ჩამოწერა ხორციელდება ყოველი თვის ჭრილში და შესაბამისად ვერ დგინდება დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლის რეალური ფასნამატი და საქონლის ჭრილში სარეალიზაციო ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 745 828 ლარს დღგ-ის გარეშე. 2024 წლის 13 მარტს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 406 794 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი, შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,ბ).