გადაწყვეტილება №19677/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.07.2023
№ დოკუმენტი 19677/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19677/2/2023

13 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 15.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19677/2/2023).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა;

2. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №001-175 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10150 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 472 065 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 263 749

დღგ - 146 323

საშემოსავლო გადასახადი - 117 286

ქონების გადასახადი - 140

ჯარიმა - 152 287

საურავი - 56 029

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 21.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №001-175 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10150 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მეწარმეს არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა. სმფ-ების აღრიცხვას ახორციელებდა პერიოდული ინვენტარიზაციის მეშვეობით და საქონელს ჩამოწერდა ჯამურად წლის ბოლოს. ამასთან, მეწარმის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისაგან. დოკუმენტური რეალიზაციები მთლიანი რეალიზაციის 30%-ზე მეტს შეადგენდა. საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით კი ფასნამატით საქონლის რეალიზაცია არ იკვეთება. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს არ უფიქსირდება ბიუჯეტში გადარიცხული თანხა, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებულია ზარალი, დღგ-ის ნაწილში ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებულია 18 868 ლარი, არ გასცემს ხელფასებს. 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავალი 18 322 ლარით ნაკლებია იმავე წელს დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, თითოეული ჯგუფის საშუალო ფასნამატი გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციებზე. მიღებული შემოსავლები განაწილდა საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადითა და დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მომჩივნის არგუმენტაციასა და მოთხოვნებზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებების) შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის დარღვევები გამოწვეულია საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნით და ბუღალტრის არაკომპეტენტურობით, რამაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა გადასახადის გადამხდელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების კანონიერებას არ დაობს, არაპირდაპირი გზით შემოსავლების განსაზღვრის მეთოდსაც არ ასაჩივრებს. აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა გასწია საკმაო შრომა, ჩაშალა საქონელი რამდენიმე ჯგუფად, რათა მაქსიმალურად ობიექტურად ყოფილიყო გაანგარიშებული შემოსავალი, თუმცა გადასახადის გადამხდელის შემოსავალთან და სავაჭრო ობიექტის მოცულობასთან შედარებით დამატებით დარიცხვა გამოვიდა კოლოსალური თანხა.

აღნიშნული დარიცხვის მიზეზი გამოწვეულია სამუშაოს დიდი მოცულობის, საქონლის სპეციფიკურობიდან და ბუღალტრის არასაკმარისი ჩართულობის გამო.

ითხოვს, რომ შემოსავლების გადაანგარიშებისას მოხდეს შემდეგი პრინციპების დაცვა:

1. ფასნამატის გაანგარიშებისას თვითღირებულება და გასაყიდი ფასი აღებული იქნას ერთი პრინციპით, ან ორივე დღგ-ის ჩათვლით ან ორივე დღგ-ის გარეშე; მის მიერ ფასნამატების გაანგარიშების ცხრილები წარმოდგენილია ორივე სახით (ერთნაირი შედეგია) და ითხოვს მათ გათვალისწინებას;

2. საქონლის ჩაშლა მოხდეს განახლებულ ჯგუფებად და ამ ჯგუფებზე გავრცელდეს შემოწმების მიერ გამოყენებული პრინციპით ჯგუფის შესაბამისი ფასნამატები. დანართის სახით წარმოდგენილია შესაბამისი ცხრილები და ითხოვს მათ გათვალისწინებას.

3. 2021 წლის საბოლოო ნაშთის გამოყვანისას და დამატებით გამოვლენილი საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლების გამოანგარიშებისას დაცული იქნას იგივე პროპორციები და პრინციპი, რომელიც გამოყენებული იქნა შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე მიწოდებული საქონლის თვითღირებულების გამიჯვნისას. წარმოდგენილი აქვს შესაბამისი ცხრილები და ითხოვს მათ გათვალისწინებას.

4. დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებისას გამოყენებული იქნას საქონლის ჯგუფები და შესაბამისი ფასნნამატები, ვინაიდან რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებებში საქონლის დასახელებები უმრავლეს შემთხვევაში მითითებულია ზოგადი დასახელებით და არ ხდება მათი დაკავშირება შეძენის დოკუმენტებთან.

5. საქონლის დასახელებებში, როგორც დოკუმენტებში ასევე ფაქტობრივი დათვლის დროს დაშვებულია უმნიშვნელო უზუსტობები (მაგალითად, ოქროს ფერი 5/30 4ლ (ზეთი), ოქროსი ზეთი 5/30 1ლ, ოქროს ფერი ზეთი 5/40 1ლ და ა.შ.), რამაც გამოიწვია არასწორი მისადაგება ინვენტარიზაციით დადგენილ საბაზრო ფასთან და შესაბამისად მიღებული იქნა არასწორი ფასნამატები. წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია და ითხოვს მათ გათვალისწინებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს და ითხოვს:

1. ფასნამატის გაანგარიშებისას თვითღირებულება და გასაყიდი ფასი აღებული იქნას ერთი პრინციპით, ან ორივე დღგ-ის ჩათვლით ან ორივე დღგ-ის გარეშე; მის მიერ ფასნამატების გაანგარიშების ცხრილები წარმოდგენილია ორივე სახით (ერთნაირი შედეგია) და ითხოვს მათ გათვალისწინებას;

2. საქონლის ჩაშლა მოხდეს განახლებულ ჯგუფებად და ამ ჯგუფებზე გავრცელდეს შემოწმების მიერ გამოყენებული პრინციპით ჯგუფის შესაბამისი ფასნამატები. დანართის სახით წარმოდგენილია შესაბამისი ცხრილები და ითხოვს მათ გათვალისწინებას.

3. 2021 წლის საბოლოო ნაშთის გამოყვანისას და დამატებით გამოვლენილი საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლების გამოანგარიშებისას დაცული იქნას იგივე პროპორციები და პრინციპი, რომელიც გამოყენებული იქნა შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე მიწოდებული საქონლის თვითღირებულების გამიჯვნისას. წარმოდგენილი აქვს შესაბამისი ცხრილები და ითხოვს მათ გათვალისწინებას.

4. დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებისას გამოყენებული იქნას საქონლის ჯგუფები და შესაბამისი ფასნნამატები, ვინაიდან რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებებში საქონლის დასახელებები უმრავლეს შემთხვევაში მითითებულია ზოგადი დასახელებით და არ ხდება მათი დაკავშირება შეძენის დოკუმენტებთან.

5. საქონლის დასახელებებში, როგორც დოკუმენტებში ასევე ფაქტობრივი დათვლის დროს დაშვებულია უმნიშვნელო უზუსტობები (მაგალითად, ოქროს ფერი 5/30 4ლ (ზეთი), ოქროსი ზეთი 5/30 1ლ, ოქროს ფერი ზეთი 5/40 1ლ და ა.შ.), რამაც გამოიწვია არასწორი მისადაგება ინვენტარიზაციით დადგენილ საბაზრო ფასთან და შესაბამისად მიღებული იქნა არასწორი ფასნამატები. წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია და ითხოვს მათ გათვალისწინებას.

შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10150 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10150 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მეწარმესთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 69 806 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი საქონელი, რაზეც გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 72-ე მუხლზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ჯარიმას. აცხადებს, რომ საქონლის გარკვეულ ნაწილზე დამატებით იქნა მოძიებული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც დაურთო საჩივარს. ასევე, აღნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, საქონლის დასახელებებში, როგორც დოკუმენტებში ასევე ფაქტობრივი დათვლის დროს არის უმნიშვნელო უზუსტობები, რამაც გამოიწვია არასწორი ზედმეტობის გამოვლენა, ხოლო იგივე პროდუქცია, როგორც შემოწმებით გამოვლენილი, უსაბუთოდ რეალიზებულად ჩაითვალა წინა პერიოდებში. ასევე, მიუთითებს, რომ ვინაიდან გადამხდელი ყიდის ერთგვაროვან პროდუქციას, გამოვლენილი ზედმეტობა ჩაითვალოს დოკუმენტებში და ფაქტობრივი დათვლის დროს დაშვებულ ტექნიკურ უზუსტობად და ორმაგად დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით მოიხსნას აღურიცხველობის საფუძვლით დარიცხული ჯარიმა, ხოლო წინა პერიოდებში დამატებით გამოვლენილი რეალიზაცია შემცირდეს აღნიშნული საქონლის შესაბამისი საბაზრო ფასით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარმოდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებების) შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქონლის გარკვეულ ნაწილზე, რომელიც საგადასახადო შემოწმებით ჩაითვალა როგორც აღურიცხავი საქონელი, დამატებით იქნა მოძიებული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში საქონლის დასახელებებში, როგორც დოკუმენტებში ასევე ფაქტობრივი დათვლის დროს გაპარულია უმნიშვნელო უზუსტობები (მაგალითად, ოქროს ფერი 5/30 4ლ (ზეთი), ოქროსი ზეთი 5/30 1ლ, ოქროს ფერი ზეთი 5/40 1ლ და ა.შ.), რამაც გამოიწვია არასწორი ზედმეტობის გამოვლენა, ხოლო იგივე პროდუქცია, როგორც შემოწმებით გამოვლენილი, უსაბუთოდ რეალიზებულად ჩაითვალა წინა პერიოდებში.

საგადასახადო 286-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს, საქონლის იმ ნაწილზე, რომელზეც დამატებით იქნა მოძიებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, მოეხსნას დარიცხული ჯარიმა. ასევე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ყიდის ერთგვაროვან პროდუქციას, ითხოვს, გამოვლენილი ზედმეტობა ჩაითვალოს დოკუმენტებში და ფაქტობრივი დათვლის დროს დაშვებულ ტექნიკურ უზუსტობად და ორმაგად დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით მოეხსნას ზედმეტობის გამო დაკისრებული ჯარიმა და წინა პერიოდებში დამატებით გამოვლენილი რეალიზაცია შემცირდეს აღნიშნული საქონლის შესაბამისი საბაზრო ფასით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. მომჩივანი არ ეთანხმება

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ჯარიმას. აცხადებს, რომ საქონლის გარკვეულ ნაწილზე დამატებით იქნა მოძიებული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც დაურთო საჩივარს. ასევე, აღნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, საქონლის დასახელებებში, როგორც დოკუმენტებში ასევე ფაქტობრივი დათვლის დროს არის უმნიშვნელო უზუსტობები, რამაც გამოიწვია არასწორი ზედმეტობის გამოვლენა, ხოლო იგივე პროდუქცია, როგორც შემოწმებით გამოვლენილი, უსაბუთოდ რეალიზებულად ჩაითვალა წინა პერიოდებში. ასევე, მიუთითებს, რომ ვინაიდან გადამხდელი ყიდის ერთგვაროვან პროდუქციას, გამოვლენილი ზედმეტობა ჩაითვალოს დოკუმენტებში და ფაქტობრივი დათვლის დროს დაშვებულ ტექნიკურ უზუსტობად და ორმაგად დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით მოიხსნას აღურიცხველობის საფუძვლით დარიცხული ჯარიმა, ხოლო წინა პერიოდებში დამატებით გამოვლენილი რეალიზაცია შემცირდეს აღნიშნული საქონლის შესაბამისი საბაზრო ფასით.

შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10150 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10150 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 117 384 ლარი და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით 34 903 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №001-175 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 56 029 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის მხრიდან დარღვევები გამოწვეულია საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნით და ბუღალტრის არაკომპეტენტურობით, რამაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა გადამხდელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების კანონიერებას არ დაობს, არაპირდაპირი გზით შემოსავლების განსაზღვრის მეთოდსაც არ ასაჩივრებს. აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა გასწია საკმაო შრომა, ჩაშალა საქონელი რამდენიმე ჯგუფად რათა მაქსიმალურად ობიექტურად ყოფილიყო გაანგარიშებული შემოსავალი, თუმცა გადასახადის გადამხდელის შემოსავალთან და სავაჭრო ობიექტის მოცულობასთან შედარებით დამატებით დარიცხვა გამოვიდა კოლოსალური თანხა.

აღნიშნული დარიცხვის მიზეზი გამოწვეულია სამუშაოს დიდი მოცულობის, საქონლის სპეციფიკიდან და ბუღალტრის არასაკმარისი ჩართულობის გამო.

გადასახადის გადამხდელი სრულად აცნობიერებს პასუხისმგებლობას ბიუჯეტის და სახელმწიფოს წინაშე, მზად არის მოაწესრიგოს ბუღალტრული აღრიცხვა და სრულად გადაიხადოს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადები, ძირითადი თანხა. აქედან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლებამოსილებით და გადამხდელი გაათავისუფლოთ დაკისრებული სანქციისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. ამასთან, მეწარმესთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 69 806 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი საქონელი.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1.მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს;

2.სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მეწარმეს არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა. სმფ-ების აღრიცხვას ახორციელებდა პერიოდული ინვენტარიზაციის მეშვეობით და საქონელს ჩამოწერდა ჯამურად წლის ბოლოს. ამასთან, მეწარმის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისაგან. საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით კი ფასნამატით საქონლის რეალიზაცია არ იკვეთება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

2.მეწარმესთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა აღურიცხავი საქონელი, რაზეც გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10150 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10150 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5-ა); 102(1-ა); 159; 286(4); 269(7)