ბრძანება N 5330
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5330
11 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----ს“ (ს/ნ ------------)
(მის.: ------------------------)
2026 წლის 14 იანვრის და 12 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „----ს“ (ს/ნ ------------) 2026 წლის 14 იანვრის №-----/1/2026 და 12 თებერვლის №-----/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №024-132 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ანალიზის განხორციელებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. განმარტავს, რომ შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ასევე დებიტორ-კრედიტორების შესახებ წარდგენილი ინფორმაცია საშუალებას იძლევა განისაზღვროს ფულადი სახსრების ნაშთის მოცულობა. აცხადებს, რომ კომპანიის შემოსავლები და ხარჯები ასახულია საბანკო ანგარიშზე. აღნიშნავს, რომ ანგარიშიდან თანხის გატანა ხდებოდა ---ის ტერიტორიაზე საქონლის შეძენის მიზნით. ჯამში გატანილია 5 377 200 ლარი. აღნიშნული თანხით შესყიდული და იმპორტირებულია (რიგ შემთხვევებში საწყობის სასაქონლო პროცედურაშია მოქცეული) საქონელი, გადახდილია ტრანსპორტირების ხარჯები, ხოლო დარჩენილი ნაშთი, შემოწმებით დაბეგრილი ავანსის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად ნაკლებია საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ მონაცემზე. გადამხდელი ითხოვს საკითხის მისი მონაწილეობით შესწავლას და დაბეგრილი თანხების კორექტირება/შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსის თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ ხორბლის შეძენას ძირითადად ახდენდა ----ის საწარმო „-----გან“, ხოლო ძირითადი დამკვეთი იყო შპს „---ი“ (ს/ნ -------). შპს „-------ი“ გადამხდელს უხდიდა ავანსს, რომელსაც თავისმხრივ გადამხდელი უხდიდა მომწოდებელს და იღებდა შესაბამის პროდუქტს. გადამხდელს გააჩნია როგორც დებიტორული მოთხოვნა მომწოდებლის მიმართ (874 079 ლარი), ისე კრედიტორული ვალდებულება დამკვეთის („-----ის“) მიმართ. აცხადებს, რომ 2022 წელი ხორბლის ბაზრისთვის საკმაოდ რთული და არაპროგნოზირებადი იყო, განსაკუთრებით ----ის მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, რაც 2023 წელს კიდევ უფრო დამძიმდა. აღნიშნული გარემოების შედეგად გაზრდილი საბაჟო ტარიფის გამო ფაქტობრივად გაძვირდა შესყიდული საქონლის ღირებულება. საქონლის ღირებულების გაზრდას გადამხდელი ვერ დაეთანხმა, რადგან დამკვეთის მიმართ ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება პროდუქტის მიწოდებაზე. თავის მხრივ, მომწოდებელმა ვერ მოახერხა შეკვეთილი საქონლის მოწოდება და მოაწოდა პროდუქციის ნაკლები მოცულობა. შედეგად ვალდებულებად დარჩა 874 079 ლარის ღირებულების საქონლის მოწოდება. აცხადებს, რომ აღნიშნულის თაობაზე შემოწმების პროცესში წარადგინა მომწოდებელთან გაფორმებული შედარების აქტი, რაც არ იქნა გათვალისწინებული. გადამხდელი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გამოყენებული მეთოდური მითითების მე-5 ნაწილის გათვალისწინებით განიხილოს საკითხი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13141 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „----ს“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 დეკემბრის №27532 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №024-132 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 573 761 ლარი, მათ შორის, გადასახადი 358 601 ლარი, ჯარიმა 179 300 ლარი და საურავი 35 860 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „-----“ (ს/ნ ------------) არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული აღრიცხვის კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, რაც გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12893 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთად განისაზღვრა 0 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უნდა გააჩნდეს - 560 324 ლარის ფულის ნაშთი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გროს თანხა 700 405 ლარის ოდენობით ფორმა შინაარსის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. 2. შპს „----ს“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 20 თებერვლიდან უფიქსირდება არარეზიდენტ საწარმო ----ზე გადახდილი ავანსი - 874 079 ლარის ოდენობით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ შესაბამისი საქონლის ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი. აღნიშნული არარეზიდენტი საწარმო წარმოადგენდა შპს „----თვის“ (ს/ნ ------------) მთავარ მომწოდებელს. 2023 წლის 20 თებერვლამდე უფიქსირდება 2 907 942 ლარის პროდუქციის შეძენა აღნიშნული საწარმოდან და ანაზღაურება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების „დებიტორული დავალიანების შესახებ" მე-6 მუხლის შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში, ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ შესაბამისი საქონლის შპს „---სთვის“ (ს/ნ ----) მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსი - 874 079 ლარი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (31.05.2025 წელს) დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, რაც გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12893 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ფულის ნაშთის განსაზღრა და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვის დროს განაცხადა, რომ ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ გააჩნია და დავის განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 20 თებერვლიდან უფიქსირდება არარეზიდენტ საწარმო --------ზე გადახდილი ავანსის თანხა - 874 079 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვიანდიან არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ შესაბამისი საქონლის მიწოდების ან ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად იქნა განხილული გადახდილი ავანსის თანხა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----ს“ (ს/ნ ------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1.ფულადი სახსრების ანალიზის განხორციელებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.ითხოვს საკითხის მისი მონაწილეობით შესწავლას და დაბეგრილი თანხების კორექტირება/შემცირებას.
2.არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსის თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გამოყენებული მეთოდური მითითების მე-5 ნაწილის გათვალისწინებით განიხილოს საკითხი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13141 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №27532 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №024-132 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 573 761 ლარი, მათ შორის, გადასახადი 358 601 ლარი, ჯარიმა 179 300 ლარი და საურავი 35 860 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული აღრიცხვის კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, რაც გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12893 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთად განისაზღვრა 0 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უნდა გააჩნდეს - 560 324 ლარის ფულის ნაშთი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გროს თანხა 700 405 ლარის ოდენობით ფორმა შინაარსის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან,მომჩივანს 2023 წლის 20 თებერვლიდან უფიქსირდება არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი ავანსი - 874 079 ლარის ოდენობით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ შესაბამისი საქონლის ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი. აღნიშნული არარეზიდენტი საწარმო წარმოადგენდა მომჩივანისთვის მთავარ მომწოდებელს. 2023 წლის 20 თებერვლამდე უფიქსირდება 2 907 942 ლარის პროდუქციის შეძენა აღნიშნული საწარმოდან და ანაზღაურება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების „დებიტორული დავალიანების შესახებ" მე-6 მუხლის შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში, ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ შესაბამისი საქონლის მომჩივანისთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსი - 874 079 ლარი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (31.05.2025 წელს) დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 ,,ა“.2„ა“ და „ბ“);