გადაწყვეტილება №20987/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.01.2024
№ დოკუმენტი 20987/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20987/2/2023

31 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 5.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20987/2/2023).

 

დავის საგანი:

ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №055-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22799 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 82 842.54 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 42 355

ჯარიმა - 21 178

საურავი - 19 309.54

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზებისა და ავტობანების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის აგვისტოს, სექტემბრის და 2021 წლის სექტემბრის ნოემბრის საანგარიშო პერიოდების თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებიც აისახა 1.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომელშიც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი:

საწარმოს უფიქსირდებოდა მომსახურების შესრულებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თუმცა სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №19345 ბრძანება და ამავე თარიღის №055-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22799 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მომსახურების შესრულებაზე გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თუმცა სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

18.07.2023 წელს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს ელექტრონულ გვერდზე გაეგზავნა კომპანიის შესახებ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, შესამოწმებელ პერიოდებზე. შემოწმების მიმდინარეობისას მისგან არ მიუღია დარიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომ დაეფიქსირებინა პოზიცია. შემმოწმებელმა გადამხდელთან თანამშრომლობის გარეშე, გამოსცა აქტი, სადაც გადამხდელის პოზიციაში წერს, რომ გადასახადის გადამხდელს პოზიცია არ დაუფიქსირებია. მოკლე დროში თანამშრომლობის გარეშე გამოსცა შემოწმების აქტი.

ითხოვს საკითხი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 , 96-ე, 53-ე, 177 და 178-ე მუხლებზე მითითებით, დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს თავიდან შესასწავლად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შესამოწმებელ პერიოდზე მიაწოდა კომპანიის შესახებ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. შემოწმების მიმდინარეობისას არ მიეცა საშუალება სადავო საკითხზე დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, ითხოვს საკითხი, დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს თავიდან შესასწავლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საწარმოს უფიქსირდებოდა მომსახურების შესრულებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თუმცა სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ხოლო მომჩივანი ითხოვს პოზიციის დაფიქსირებას სადავო საკითხათნ მიმართებაში, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის/დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22799 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაცია/დოკუმენტაცია;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის/დოკუმენტაციის შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შესამოწმებელ პერიოდზე მიაწოდა კომპანიის შესახებ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. შემოწმების მიმდინარეობისას არ მიეცა საშუალება სადავო საკითხზე დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, ითხოვს საკითხი, დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს თავიდან შესასწავლად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საწარმოს უფიქსირდებოდა მომსახურების შესრულებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თუმცა სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ხოლო მომჩივანი ითხოვს პოზიციის დაფიქსირებას სადავო საკითხათნ მიმართებაში, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის/დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275;

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)