ბრძანება N 31601
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31601
14 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ -ს “ (ს/ნ "------")
(ფაქ. მის.:"------")
2023 წლის 8 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") 2023 წლის 8 დეკემბრის №85920/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №006-593 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ მანქანის გაქურდვის გამო დაიკარგა დოკუმენტაციები და რომ არა მათი დაკარგვა კომპანია შეძლებდა შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენას, რაც გამორიცხავდა ხარჯის 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. ასევე, კეთილსინდისიერებაზე და მანქანის გაქურდვის ფაქტზე მითითებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26776 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში მოგების ყოველთვიური და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №29471 ბრძანება და ამავე თარიღის №006-593 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 36 821 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 840 ლარი, ჯარიმა 11 920 ლარი და საურავი 1 061 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „------ -ს “ საქმიანობას წარმოადგენს ღვინის წარმოება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მეშვეობით სპს „------- -ს “ (ს/ნ "------") მიაწოდა 989 000 ლარის ღირებულების ღვინო. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, რეალიზებული საქონლის ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის მიხედვით, ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. კომპანიამ მიწოდებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით (სიტუაციური სახელმძღვანელო №0256), სასაქონლო მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებასა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა (სხვა ხარჯების გათვალისწინებით), ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს სპს „------ -თვის “ მიწოდებული აქვს 989 000 ლარის ღირებულების ღვინო, თუმცა გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარუდგინა მიწოდებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, გაანგარიშდა შესყიდული საქონლის თვითღირებულება, ხოლო განსაზღვრულ თვითღირებულებასა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით სასაქონლო მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებისა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნვას, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი იმგვარი სახის არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მეშვეობით მიწოდებულია ღვინო. გადამხდელის ახსნა-განმარტებით, რეალიზებული საქონლის ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის მიხედვით, ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. კომპანიამ მიწოდებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. გადამხდელს წარმოდგენილი ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია,სასაქონლო მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებასა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა,ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154.
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.