ბრძანება N 15274

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.06.2023
№ დოკუმენტი 15274
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15274

29 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

"------" (პ/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------")

2023 წლის 13 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა "------"-ს (პ/ნ "------") №81628/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №EL211664 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანი განმარტავს, რომ საქართველოში შემოსვლისას მესაზღვრემ მისი "-----"ში- ცხოვრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა მიიჩნია "------"-ის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტად და აღნიშნულის საფუძველზე მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა 90 დღე, სატრანსპორტო საშუალების გაფორმების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების, ნაცვლად 60 დღისა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამო ეგონა რომ ვადას არ არღვევდა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 2 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „------- - ის “ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა საქართველოს მოქალაქე "------" (პ/ნ "------"), რომელიც მართავდა "------"-ში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით: "------".

მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი „------ - ის “ გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა 2023 წლის 6 მარტს საქართველოს მოქალაქე "------"-ს (პ/ნ "------") მიერ და ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 5 მაისი.

ვინაიდან, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა შესრულებული ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება, აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე 2023 წლის 2 ივნისს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL211664 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმი და დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ "------" -ს (პ/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი განმარტავს, რომ საქართველოში შემოსვლისას მესაზღვრემ მისი უცხო ქყვეყნის ცხოვრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა მიიჩნია ამავე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტად და აღნიშნულის საფუძველზე მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა 90 დღე, სატრანსპორტო საშუალების გაფორმების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების, ნაცვლად 60 დღისა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა შესრულებული ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება.

სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163(1),165