გადაწყვეტილება №20206/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20206/2/2023
18 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 8.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20206/2/2023).
დავის საგანი:
ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის/ჩათვლის საფუძვლით განსაზღვრული ჯარიმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №085-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13755 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 219 397 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - (-91 525)
ჯარიმა - 310 922
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 19 ნოემბრის №36061 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2021 წლის 21 დეკემბერს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. წინა საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული მასალებით დადგინდა, რომ შპს „-------ს“ მიერ შპს „--------თვის“ გაწეული მომსახურება არის ფიქტიური და მასთან დაკავშირებული საგადასახადო დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა-72 ------ და ეკ--------) არის ყალბი.
-------ს მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის 2023 წლის 22 თებერვლის და 2023 წლის 5 აპრილის ბრძანებების და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №9337 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა წინა შემოწმებით დარიცხული გადასახადი 91 525 ლარი და 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა 45 762 ლარი, და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწლის შესაბამისად.
საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე, ასევე დადგინდა, რომ მომჩივანს ი/მ --------გან მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ-70 №------) და ჩათვლილი დღგ-ის თანხა შეადგენს 86 817 ლარს. აღსანიშნავია, შპს „------ს“, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 18 დეკემბრის №37716 და 2021 წლის 19 ნოემბრის №36061 ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული შემოწმებების შედეგად სრულად შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, ასევე გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვა დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. ზემოაღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 3.05.2023 წლის №9729 ბრძანება და №085-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13755 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 280-ე მუხლის პირველი ნაწილით, 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიიჩნია, რომ მომჩივნისათვის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიისათვის ჯარიმის დარიცხვა არის უკანონო, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. მისი განცხადების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილია და როგორც კომპანიის დირექტორმა არაერთხელ განმარტა, რომ კომპანიის ბუღალტრის მიერ გამოწერილი რამოდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ შეესაბამება სინამდვილეს. ბუღალტრის მიერ ისინი გამოწერილი იყო მასთან, როგორც შპს -------ს (ს/ნ ------) დირექტორთან შეუთანხმებლად, მალულად. არ იცოდა rs.ge-ზე მუშაობა, რის გამოც ფაქტურების გამოწერას და დეკლარაციების შედგენას ახდენდა ბუღალტერი -------, ასევე rs.ge-ზე მითითებული იყო --------ის ტელეფონის ნომერი, სადაც მიდიოდა სმს შეტყობინებები და ერთჯერადი კოდები. ერთ-ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც ბუღალტრის მიერ მასთან შეუთანხმებლად და მალულად იყო გამოწერილი შპს „--------თვის“ (ს/ნ -------). დასახელებულ ფაქტზე ცრუ ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს, რომ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რის გამოც შპს ------- (ს/ნ -------) ცნობილი იქნა დაზარალებულად ბუღალტრის ბრალეული ქმედების გამო, რომლის მიმართაც საქმე ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება.
ზემოთ დასახელებული ფაქტურის არარეალობა, ასევე დადგენილია აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რის გამოც ამ ნაწილში დარიცხული გადასახადი გაუქმდა. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ცნობილია დაზარალებულად ბუღალტრის ბრალეული ქმედებების გამო, აუდიტის დეპარტამენტის მიერ კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 310 922 ლარის ოდენობით, რაც ლოგიკურობას მოკლებულია.
მიაჩნია, რომ დაკისრებული ჯარიმა სრულად უნდა გაუქმდეს, რადგან კომპანია რეალურად დაზარალებულია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება - იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა - იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოწმებისას დაგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი, რის შედეგადაც საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე, დაეკისრა შესაბამისი ჯარიმები.
ვინაიდან, გამოძიებით დადგინდა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაქონლო და ფიქტიური (ყალბი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას, ასევე, უსაქონლო და ფიქტიური (ყალბი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლას, ხოლო მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ სასაქონლო ოპერაციებზე გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის და 282-ე მუხლის მე3 ნაწილის საფუძველზე ჯარიმების დაკისრების შესახებ.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის/ჩათვლის საფუძვლით განსაზღვრული ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული მასალებით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ გაწეული მომსახურება არის ფიქტიური და მასთან დაკავშირებული საგადასახადო დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) არის ყალბი. გადამხდელთან ჩატარდა ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა წინა შემოწმებით დარიცხული გადასახადი 91 525 ლარი და 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა 45 762 ლარი, და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწლის შესაბამისად.
ასევე დადგინდა, რომ მომჩივანს ი/მ -გან მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილი დღგ-ის თანხა შეადგენს 86 817 ლარს. აღსანიშნავია, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 18 დეკემბრის №37716 და 2021 წლის 19 ნოემბრის №36061 ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული შემოწმებების შედეგად სრულად შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, ასევე გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვა დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. ზემოაღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13755 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ სასაქონლო ოპერაციებზე გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის და 282-ე მუხლის მე3 ნაწილის საფუძველზე ჯარიმების დაკისრების შესახებ.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 280(1), 282(3).